ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერ პიტერ სტანოს განცხადებით, ბრიუსელი შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ გეგმით, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს.
ამის შესახებ სტანომ გამოცემა POLITICO-სთან განაცხადა.
პიტერ სტანოს განცხადებით, „ოპოზიციური პარტიები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია აუცილებელია მთავრობების ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის უზრუნველსაყოფად“. მისივე თქმით, პლურალიზმი „ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ცენტრალური საყრდენია“.
„ამჟამინდელი მოქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირის გზას, რაც დე ფაქტო იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას. ევროკომისია ყურადღებით აკვირდება საქართველოში განვითარებულ რიტორიკას და მოვლენებს და მზად არის შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. ყველა ვარიანტი მაგიდაზეა და ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ, თუ ეს განცხადებები ამოქმედდება“, – აცხადებს სტანო.
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებაა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში, აკრძალავს თითქმის ყველა პროდასავლური ორიენტაციის ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ქოლგის ქვეშ მოიაზრებს.
„ოცნებას“ სურს, შემდეგი პარტიები აკრძალოს:
- ენმ და მის ირგვლივ შექმნილი კოალიცია (“სტრატეგია აღმაშენებელი”, “ევროპული საქართველო”)
- ახალი, გირჩი, დროა – კოალიცია ცვლილებებისთვის;
- ლელოს ირგვლივ გაერთიანებული კოალიცია;
- გიორგი გახარიას პარტია.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, აღნიშნული პარტიების აკრძალვა შესაძლოა რამდენიმე გზით მოხდეს. გამოძიება შეიძლება პროკურატურამ დაიწყოს, ან შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც აღნიშნულს შეისწავლის. მმართველი პარტიის ლიდერი არც საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებას გამორიცხავს.