საზოგადოება

ვინ არიან ის თანამდებობის პირები, ვინც საქართველოში რუსულ კანონს აღასრულებენ

20 აგვისტო, 2024 •
ვინ არიან ის თანამდებობის პირები, ვინც საქართველოში რუსულ კანონს აღასრულებენ

სანდრო კირვალიძე, თინათინ ღუღუნიშვილი და ირაკლი კერვალიშვილი – ესენი არიან ის ადამიანები, ვინც საქართველოში რუსული კანონის აღსასრულებლად შექმნილ სტრუქტურაში იმუშავებენ.

ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი 29 ივლისს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ბრძანებით შეიქმნა. სტრუქტურაში შედის რეგისტრაციის სამსახური და დეკლარირების მონიტორინგის სამსახური. დეპარტამენტს სანდრო კირვალიძე უხელმძღვანელები, რეგისტრაციის სამსახურს – თინათინ ღუღუნიშვილი, ხოლო მონიტორინგის სამსახურს – ირაკლი კერვალიშვილი.

სანდრო კირვალიძე 32 წლისაა. ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრი და მაგისტრია. მისი სამსახურებრივი გამოცდილება იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურაში მუშაობას მოიცავს. საქართველოში რუსული კანონის აღმასრულებლად დანიშვნამდე იყო საჯარო რეესტრის ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის სამსახურის მენეჯერი.

ამავე პოზიციაზე მუშაობდა 34 წლის ირაკლი კერვალიშვილიც. მან საბაკალავრო განათლება ტექნიკურ უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე მიიღო. მისი სამსახურებრივი გამოცდილებაც მხოლოდ საჯარო რეესტრში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობას მოიცავს.

თინათინ ღუღუნიშვილი 28 წლისაა. კირვალიძის მსგავსად, ისიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრი და მაგისტრია. რუსული კანონის აღსრულებისთვის შექმნილ დეპარტამენტამდე მუშაობდა სააგენტოს იურიდიულ დეპარტამენტი, სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახურის იურისტად .

ახლად შექმნილი ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის ამოცანებია „კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოება და საჯაროობის უზრუნველყოფა, აგრეთვე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მხარდაჭერა“.

იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ამ ბრძანების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციული, მატერიალურ-ტექნიკური და სხვა სახის ღონისძიებების განხორციელება.

რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. ის გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

იუსტიციის სამინისტროს კანონის ძალაში შესვლიდან 60 დღის, ანუ 2 თვის ვადაში, რუსული კანონის შესასრულებლად საჭირო წინასწარი „მატერიალურ – ტექნიკური“ ღონისძიებები (მათ შორის იგულისხმება უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციათა რეესტრის და შესაბამისი ვებგვერდის შექმნა, სადაც რეგისტრაციის შევსების განაცხადი იქნება) უნდა განეხორციელებინა.

ამ პუნქტის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში კი, ის სუბიექტები, რომლებიც 2023 წლის მონაცემებით, რუსული კანონის მიხედვით აკმაყოფილებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ კრიტერიუმებს, ვალდებული არიან, მიმართონ საჯარო რეესტრს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირების თაობაზე.

შესაბამისად, გრანტის მიმღებ სუბიექტებს რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება კანონის ძალაში შესვლიდან მაქსიმუმ 3 თვეში ( 3 სექტემბრიდან) წარმოეშვებათ.

იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი უარს იტყვის ამ რეესტრში რეგისტრაციაზე, მაშინ, მისი ნების მიუხედავად, მაინც დაარეგისტრირებენ.

რუსული კანონის მიხედვით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება პირველ ჯერზე გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული კანონი ზღუდავს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობას. მსგავსმა კანონმდებლობამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი