საზოგადოება

რუსული კანონის აღსასრულებლად იუსტიციამ ფინანსური დეპარტამენტი შექმნა

30 ივლისი, 2024 •
რუსული კანონის აღსასრულებლად იუსტიციამ ფინანსური დეპარტამენტი შექმნა

რუსული კანონის აღსასრულებლად, იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის  ბრძანებით, ფინანსური დეპარტამენტი შეიქმნა.

შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების გამოქვეყნება უკვე დაიწყო.

იუსტიციის მინისტრის 29 ივლისის ბრძანებით,  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს  ემატება ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურაშიც შედის რეგისტრაციის სამსახური და დეკლარირების მონიტორინგის სამსახური.

იუსტიციის მინისტრის ბრძანების თანახმად, ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის ამოცანებია „კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოება და საჯაროობის უზრუნველყოფა, აგრეთვე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მხარდაჭერა“.

ბრძანების თანახმად, დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

  • უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოება და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა;
  • „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მხარდაჭერა;
  • უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
  • შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული და ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტლის ბოლოს სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
  • დადგენილი პერიოდულობით საქმიანობის ანგარიშის მომზადება და უფლებამოსილი პირებისთვის წარდგენა;
  • ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ, სააგენტოს ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის უფროსი (მისი მოვალეობის შემსრულებელი),  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირია“.

ამასთან,  იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ამ ბრძანების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციული, მატერიალურ-ტექნიკური და სხვა სახის ღონისძიებების განხორციელება.

რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. ის გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

იუსტიციის სამინისტროს კანონის ძალაში შესვლიდან 60 დღის, ანუ 2 თვის ვადაში, რუსული კანონის შესასრულებლად საჭირო წინასწარი „მატერიალურ – ტექნიკური“ ღონისძიებები (მათ შორის იგულისხმება უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციათა რეესტრის და შესაბამისი ვებგვერდის შექმნა, სადაც რეგისტრაციის შევსების განაცხადი იქნება) უნდა განეხორციელებინა.

ამ პუნქტის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში კი, ის სუბიექტები, რომლებიც 2023 წლის მონაცემებით, რუსული კანონის მიხედვით აკმაყოფილებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ კრიტერიუმებს, ვალდებული არიან, მიმართონ საჯარო რეესტრს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირების თაობაზე.

შესაბამისად, გრანტის მიმღებ სუბიექტებს რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება კანონის ძალაში შესვლიდან მაქსიმუმ 3 თვეში ( 3 სექტემბრიდან) წარმოეშვებათ.

იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი უარს იტყვის ამ რეესტრში რეგისტრაციაზე, მაშინ, მისი ნების მიუხედავად, მაინც დაარეგისტრირებენ.

რუსული კანონის მიხედვით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება პირველ ჯერზე გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული კანონი ზღუდავს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობას. მსგავსმა კანონმდებლობამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი