საზოგადოება

გაეროში რუსმა დიპლომატმა აგვისტოს ომზე „ოცნების“ განცხადება „დაიმოწმა“ კრემლის პოზიციის გასამართლებლად

15 აგვისტო, 2024 •
გაეროში რუსმა დიპლომატმა აგვისტოს ომზე „ოცნების“ განცხადება „დაიმოწმა“ კრემლის პოზიციის გასამართლებლად

რუსეთის ფედერაციის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელმა გაეროში დმიტრი პოლიანსკიმ ჟურნალისტებთან ციტატა წაიკითხა “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებიდან იმის “საილუსტრაციოდ”, რომ კრემლისა და საქართველოს მმართველი პარტიის პოზიციები აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით ერთმანეთს ჰგავს და დასავლეთის დამოკიდებულებას ეწინააღმდეგება.

„ყოველ წელს გაკვირვებული ვართ ჩვენი დასავლელი კოლეგების მანიაკური სურვილით, რომ განიხილონ სააკაშვილის და მის მიერ განხორციელებული აგრესიის საკითხი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ფაქტებს, რაც მჟღავნდება, და ქართველი მაღალჩინოსნების პოზიციებს, ეს უფრო და უფრო ემსგავსება მაზოხიზმს.

მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ. უბრალოდ, თქვენი ნებართვით წავიკითხავ ციტატას საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს განცხადებიდან:

„ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო.

საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

გაიხსენეთ ეს სიტყვები, როცა დასავლელი კოლეგები გამოვლენ აქ და გეტყვიან ტყუილებს, რა მოხდა მაშინ“, — განაცხადა პოლიანსკიმ.

პოლიანსკიმ ამის შესახებ განაცხადა მაშინ, როცა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობდა. საფრანგეთმა, იაპონიამ, სლოვენიამ, გაერთიანებულმა სამეფომ, შეერთებულმა შტატებმა, მალტამ, ასევე საბერძნეთმა და დანიამ კიდევ ერთხელ მტკიცე მხარდაჭერა გამოთქვეს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

დმიტრი პოლიანსკი ჟურნალისტებთან დასავლელ კოლეგებთან შედარებით ადრე გამოვიდა და აგვისტოს ომისა და უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ ისაუბრა.


რუსულ პროპაგანდისტულ, სამთავრობო მედიაში აქტიურად შუქდება საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ და მისი ლიდერების განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს 2008 წლის აგვისტოს ომი მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გარედან მიღებული დავალებით დაიწყო.

რუსი პროპაგანდისტები „ოცნების“ განცხადებას „აღიარებად“ აფასებენ იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო ომი.

ამ განცხადებას რუსულ მედიასაშუალებებში სხვადასხვა სახის სიუჟეტები და სტატიები მიეძღვნა – „როსია 24“-მა, ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა სამთავრობო ტელეარხმა „ოცნების“ 8 აგვისტოს განცხადებაზე ხუთწუთიანი სიუჟეტი უჩვენა რუსეთის მცხოვრებლებს, რომელშიც ავტორი აღნიშნავს: „ახლა საქართველო აღიარებს, რომ დასავლეთი ცდილობს, ისიც ჩაითრიოს რუსეთთან ომში. ევროკომისარი პრემიერსაც კი ემუქრებოდა ფიცოს ბედით, რომელიც სასწაულით გადაურჩა ტყვიებს“.

ვრცლად ამ თემაზე 

რუსული პროპაგანდისტული მედია აქტიურად აშუქებს “ოცნების” “აღიარებას” აგვისტოს ომზე

მასალების გადაბეჭდვის წესი