რუსულ პროპაგანდისტულ, სამთავრობო მედიაში აქტიურად შუქდება საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ და მისი ლიდერების განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს 2008 წლის აგვისტოს ომი მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გარედან მიღებული დავალებით დაიწყო.
რუსი პროპაგანდისტები “ოცნების” განცხადებას “აღიარებად” აფასებენ იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო ომი.
ამ განცხადებას რუსულ მედიასაშუალებებში სხვადასხვა სახის სიუჟეტები და სტატიები მიეძღვნა – „როსია 24“-მა, ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა სამთავრობო ტელეარხმა, “ოცნების” 8 აგვისტოს განცხადებაზე ხუთწუთიანი სიუჟეტი უჩვენა რუსეთის მცხოვრებლებს, რომელშიც ავტორი აღნიშნავს: „ახლა საქართველო აღიარებს, რომ დასავლეთი ცდილობს, ისიც ჩაითრიოს რუსეთთან ომში. ევროკომისარი პრემიერსაც კი ემუქრებოდა ფიცოს ბედით, რომელიც სასწაულით გადაურჩა ტყვიებს“.
კიდევ ერთი ფედერალური ტელეარხი „ენ-ტე-ვე“ შედარებით მცირე სეგმენტით შემოიფარგლა, თუმცა წამყვანმა აღნიშნა, რომ რუსეთისადმი დამოკიდებულება „ოცნების“ მიერ „აგენტების“ რუსული კანონის მიღების შემდეგ შეიცვალა:
„ადრე თბილისში ამ კონფლიქტში აგრესორს მოსკოვს უწოდებდნენ. ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც საქართველოში “უცხოეთის აგენტების შესახებ” კანონი მიიღეს“.
„ოცნების“ განცხადებას მასალები სხვა სამთავრობო მედიებმაც მიუძღვნეს – „ნიუსპოტმა“, „რენ-ტივიმ“, „რია ნოვოსტიმ“, „ტასს“-მა, „ლენტამ“, „როსიისკაია გაზეტამ“, „კომერსანტმა“, „გაზეტა.რუმ“ და „იზვესტიამ“. მასალა გამოქვეყნდა რუსეთის სახელმწიფო დუმის ოფიციალურ მედიასაშუალებაშიც.
რია ნოვოსტიმ “ოცნების” განცხადება “მოულოდნელად” შეაფასა.
ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მასალებს სხვადასხვა პროპაგანდისტი ექსპერტის კომენტარიც დაურთო, ხოლო თავის ტელეგრამ-არხზე კომენტარი გააკეთა თინა კანდელაკმა: „ბოლოს და ბოლოს, დღეს საქართველოში დადგა ტრიუმფი სიმართლისა, რომლის ფასიც ყველამ გადავიხადეთ“.
„სპუტნიკმა“ მმართველი პარტიის განცხადება საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის [„მგიმო“] ლექტორს, ალექსეი ზუდინს შეაფასებინა, რომლის აზრითაც, მნიშვნელოვანი არა ისაა, რომ „ოცნებამ“ ომის დაწყება სააკაშვილს დააბრალა, არამედ ის, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ საზღვარგარეთი ახსენა.
„უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამაა. შედარებით ახლახან გაჩენილი თემა, რომ სააკაშვილმა ომის პროვოცირება იმიტომ კი არ მოახდინა, რომ გაუწონასწორებელი ადამიანი იყო, არამედ იმიტომ, რომ იგი საზღვარგარეთიდან, დასავლეთიდან ასრულებდა ბრძანებას. ეს ახალი, ძალიან ძლიერი თემაა“, – განაცხადა ზუდინმა.