საზოგადოება

დენდროლოგიური პარკი ბაობაბების გახმობას ივანიშვილის ოპონენტებს აბრალებს

9 აგვისტო, 2024 •
დენდროლოგიური პარკი ბაობაბების გახმობას ივანიშვილის ოპონენტებს აბრალებს

შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში 2023 წლის ნოემბერში დარგული რვავე ბაობაბის ხე გახმა.

ინფორმაციას ამის შესახებ თავად დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაცია ავრცელებს და მომხდარს ივანიშვილის ოპონენტებს აბრალებს. პარკის ცნობით, კენიაში სასამართლო პროცესის გამო ხეებს მოუწიათ ამოთხრილ მდგომარეობაში ყოფნა თითქმის ორი წლის განმავლობაში, რამაც მოგვიანებით მათი გახმობა გამოიწვია.

პარკის ადმინისტრაციის განცხადებაში წერია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კონტროლირებადი მედია, დამკვეთების არაჯანსაღი ინტერესების და “ვნებების კვალდაკვალ“ მთელი თავისი რესურსით ებრძვიან ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით დაბა შეკვეთილში დენდროლოგიური პარკის პროექტს და ასე მოხდა კენიიდან რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვისას.

„როგორც კი აღნიშნულის თაობაზე ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის, ჩასაფრებულმა პოლიტიკანებმა და მათ შირმად ქცეულმა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იდეოლოგიური ბრძოლის ფრონტი გამართეს ამჯერად აფრიკის კონტინენტზე. მათი ცრუ დასმენებისა და ყალბი ალარმისტული საჩივრების გამო, ძლიერ შეფერხდა კანონის სრული დაცვით მიმდინარე მცენარეთა გადმორგვის პროცესი. ნაცმოძრაობის სიცრუის ტექნოლოგია უცვლელია“, — ნათქვამია განცხადებაში.

დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაცია წერს, რომ ფეიკ-ნიუსები, ცრუ ბრალდებებზე აგებული საჩივრები და გაუთავებელი სატელეფონო ზარები კენიის სხვადასხვა უწყების მაღალჩინოსნებთან (ქვეყნის პრეზიდენტის ჩათვლით) მიზნად ისახავდა ამ უნიკალური პროექტის ჩაშლას.

„პროცესის შესაფერხებლად უხმობდნენ ცრუ დაქირავებულ ექსპერტებს, აყალბებდნენ ფაქტებს, კენიურ ბაობაბებს ასაღებდნენ წითელ წიგნში შეტანილ მადაგასკარულ ბაობაბებად. ამ ყველაფრის გამო პროექტის განმახორციელებლებს მოუწიათ, მრავალგზის აეღოთ ერთი და იგივე დასკვნები, ფიტოსანიტარიული ცნობები, სხვადასხვა უწყების ნებართვები და ა.შ. დაუსრულებელ ბიუროკრატიულ მორევში იკარგებოდა ძვირფასი დრო“, — ნათქვამია განცხადებაში.

დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაციის ცნობით, საბოლოოდ სამართალმა აფრიკაშიც გაიმარჯვა და ყველა ცრუ ბრალდება კენიის სასამართლოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ უარყოფილ იქნა, მაგრამ „მავანმა მაინც მოახერხა პროექტისთვის ზიანის მიყენება“.

„დროში გაწელვის შედეგად, 2021 წელს გრუნტიდან ამოღებულმა ხეებმა, ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების გამო, 2023 წლის ოქტომბრამდე ვერ მოაღწია საქართველომდე. მხოლოდ 2023 წლის 8 ნოემბერს მოხერხდა მათი ნიადაგში ჩარგვა. იქამდე კი აფრიკელ „გიგანტებს“ მოუწიათ ამოთხრილ მდგომარეობაში თითქმის ორწლიანი მოცდა მათთვის სრულიად შეუსაბამო გარემო პირობებში, სადაც მათ შესაბამისი მოვლა-პატრონობაც მოაკლდათ. სამწუხაროდ, მსგავს სტრესს შეუმჩნევლად არ ჩაუვლია ამ უნიკალური მცენარეებისთვის და საქართველოში გრუნტში ჩარგვიდან 6-7 თვის გასვლის შემდეგ რვავე ბაობაბის ხე გახმა“, — ნათქვამია განცხადებაში.

პარკის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ ბაობაბები საქართველოში ადრეც გადმორგულა და შეკვეთილსა და თბილისში დღესაც ხარობს რამდენიმე ხე, რომელთა გადმორგვა წინა პერიოდში მოხერხდა.

„მათი გადმოტანისას ადგილი არ ჰქონია ხელოვნურ შეფერხებებს. პროცესი ადეკვატურ ვადებში წარიმართა და შესაბამისი პირობების შექმნით ყველა ხემ გაიხარა. ასე უნდა მომხდარიყო ამჯერადაც, მაგრამ, სამწუხაროდ, მავანთა წადილმა თავისას მიაღწია. აღნიშნული კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რაოდენ არაჯანსაღ და მავნებლურ ბრძოლას ეწევიან საქართველოში დაბუდებული ე.წ. „ოპოზიციური ძალები“. მათი მოქმედების სტილი და მანერა ნათლად გვახსენებს წინა ხელისუფლების ხელწერას“, — ნათქვამია განცხადებაში.

რა ხდებოდა მანამდე

ბიძინა ივანიშვილმა ბაობაბები კენიიდან ჩამოიტანა. ბრიტანული The Guardian-ის ცნობით, მინიმუმ 8 ხე ადგილობრივმა ფერმერებმა თავიანთი კერძო მიწებიდან გაყიდეს ფასებში, რომლებიც $800-დან $2400-მდე მერყეობს. თუმცა კენიის გარემოს დაცვის სამინისტრომ 2022 წლის ნოემბერში გააუქმა ლიცენზია, რომლის ძალითაც უცხოურ კომპანიას ქვეყნის ტერიტორიაზე ბაობაბის 8 ხე უნდა ამოეთხარა და საქართველოში წაეღო.

გადაწყვეტილება მოჰყვა ქვეყნის პრეზიდენტის მოთხოვნას სამინისტროსადმი, შეემოწმებინა კილიფის ოლქში ბაობაბის ხეების ამოთხრის პროცესი.

გარემოს დაცვის სამინისტრო მაშინ აცხადებდა, რომ ბაობაბის ხეები არ უნდა გასულიყო ექსპორტზე, სანამ მხარეებს შორის შეთანხმებები სათანადოდ არ დარეგულირდებოდა და ჰარმონიაში არ მოვიდოდა საერთაშორისო დოკუმენტებთან ბიომრავალფეროვნებისა და გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობის შესახებ.

კენიის პარლამენტის დეპუტატებმა გამოძიება დაიწყეს საქართველოში ბაობაბის ხეების ექსპორტთან დაკავშირებით. ადგილობრივი მედიის თანახმად, ისინი სამ სახელმწიფო უწყებას ადანაშაულებენ ხეების გაყიდვის დროს გამჭვირვალობის ნაკლებობასა და კორუფციაში.

გარემოს დამცველები ბაობაბების საქართველოში ექსპორტს „ბიომეკობრეობას” უწოდებდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ კენიის ტერიტორიიდან იმ ხეების გატანას, რომლებიც ბუნებრივ ჰაბიტატს ქმნის მრავალი მწერისთვის, რეპტილიისა თუ ფრინველისთვის.

2023 წლის თებერვალში კენიის მთავრობამ საბოლოოდ ნებართვა გასცა, განხორციელდეს ბაობაბის ხეების საკამათო ექსპორტი საქართველოში.

ბაობაბის ხე ასეულობით წელს ცოცხლობს და მკაცრ კლიმატურ პირობებსაც უძლებს. ევროპაში ბაობაბის ნაყოფის ექსპორტის დაწყების შემდეგ, ეს უკანასკნელი „სუპერსაკვებად” აღიარეს ვიტამინ C-ს, ანტიოქსიდანტების, კალციუმის, კალიუმის მაღალი შემცველობის გამო.

იმისთვის, რომ ნაყოფი გამოისხას, ბაობაბს ორი ათწლეული სჭირდება. ამის გამო ზოგიერთი ფერმერი სწრაფ ეკონომიკურ სარგებელს არჩევს ხის გაყიდვისა და იქ სიმინდისა თუ სხვა მარცვლეულის დათესვის გზით.

კენიამ საქართველოში ბაობაბების ექსპორტის ნებართვა გასცა — მედია

მასალების გადაბეჭდვის წესი