საზოგადოება

რატომ და როგორ უნდა გაიარონ ემიგრანტებმა საკონსულო აღრიცხვა არჩევნებამდე

6 ივნისი, 2024 •
რატომ და როგორ უნდა გაიარონ ემიგრანტებმა საკონსულო აღრიცხვა არჩევნებამდე

უცხოეთში მცხოვრები ქართველების ნაწილი ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში წერს, რომ საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნეს.

ამის მიზეზად საქართველოში 6 თვით ყოფნას უსახელებენ. თუმცა,ისინი ამბობენ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და საქართველოში, ჯამში, ამდენი ხნის განმავლობაში არ ყოფილან.

ზოგიერთ ემიგრანტს, ვინც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილია, ეჭვი აქვს, რომ საკონსულო აღრიცხვიდან  მათი მოხსნა ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვიდან არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ კონკრეტული საფუძვლით იხსნებიან.

„აბსურდული მიზეზით მომხსნეს საკონსულო აღრიცხვიდან“

ემიგრანტებს შორის, ვინც აღმოაჩინა, რომ საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნილია, არის მაკა კივილაძე. ის უკვე 9 წელზე მეტია აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატში ცხოვრობს.

როგორც მაკა ნეტგაზეთთან ამბობს, 2015 წლიდან საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებოდა.  მან თავისი სტატუსი მიმდინარე წლის თებერვალშიც გადაამოწმა და მაშინაც უჩვენებდა, რომ საკონსულო აღრიცხვაზე იყო. თუმცა 4 თვის შემდეგ, როცა სტატუსი ისევ გადაამოწმა, მაკამ აღმოაჩინა, რომ საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნილია, მიზეზად 6 თვით საქართველოში ყოფნაა დასახელებული.

„თებერვლის თვიდან მოყოლებული საერთოდ არ გავსულვარ ქვეყნიდან, შტატიც კი არ დამიტოვებია. [საქართველოში] ვიყავი ოქტომბერში, ისიც 21 დღით, 1 თვეც ვერ გავჩერდი სამსახურის გამო. ასე რომ, ეს მიზეზი არის აბსოლუტურად აბსურდული.

ჩემი უახლოესი მეგობარიც იგმაე მიზეზითაა მოხსნილი საკონსულო აღრიცხვიდან. მის შემთხვევაშიც აბსურდია, რადგან არ დაუტოვებია 6 თვით ქვეყანა. სხვა ბევრმა ადამიანმაც დაწერა სოციალურ ქსელში“, – ამბობს მაკა კივილაძე.

მაკა კივილაძის თქმით, მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნილია, სტატუსის გადამოწმება რამდენჯერმე ისევ სცადა, თუმცა კვლავ უჩვენა, რომ აღრიცხვიდან მოხსნილია.

მისი თქმით, ამის შემდეგ საკონსულოშიც რამდენიმეჯერ დარეკა, თუმცა არავინ უპასუხა.

„მაინტერესებდა საკონსულოსგან პასუხი. მერე ვცადე დარეგისტრირება და ამ შემთხვევაშიც დამიწერა, რომ შეიძლება, თქვენგან საჭირო გახდეს დამატებითი ინფორმაციის მიღებაო. სხვა ადამიანებს რომ დავეხმარე დარეგისტრირებაში, იმათ ჩვეულებრივად დაუწერა, რომ მათი მოთხოვნა მიღებულია“, – ამბობს მაკა კივილაძე.

მაკა ეჭვობს, რომ საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნა მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდება, ვინაიდან ის ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილია.

„სხვა ეჭვი არ მაქვს, რადგან ამდენი წლის განმავლობაში ვიყავი აღრიცხვაზე. ასევე 2016 წლიდან ჩატარებულ ყველა არჩევნებზე ნიუ-იორკის საარჩევნო უბანზე ვიყავი დამკვირვებელი და სხვა მიზეზს ვერ ვხედავ [გარდა პოლიტიკურისა]. სხვათა შორის, ყველა ის ადამიანი და მათ შორის ჩემი ნაცნობებიც, რომლებმაც საკონსულოდან მოხსნაზე დაწერეს, არიან ოპოზიციურად განწყობილი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. სხვა ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ და ის აბსურდული მიზეზი, რაც იქ წერია, საერთოდ გამორიცხულია“, – აცხადებს მაკა კივილაძე.

საგარეო საქმეთა სამინისტროში საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ინფორმაცია საკონსულო აღრიცხვიდან პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების მოხსნაზე სიმართლეს არ შეესაბამება და მიზნად ისახავს უწყების დისკრედიტაციას.

რატომ არის საკონსულო აღრიცხვაზე დგომა არჩევნებისთვის მნიშვნელოვანი

Საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სხვა სახელმწიფოში მცხოვრებ ქართველებს ქართულ არჩევნებში მონაწილეობა 3 პირობით შეუძლიათ:

  1. დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე;
  2. რეგისტრირებული არიან საზღვარგარეთ და არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე;
  3. არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ არიან რეგისტრირებული საზღვარგარეთ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა (ანუ 7 ოქტომბრამდე) რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში.

სხვა ქვეყანაში საკონსულო აღრიცხვაზე მოქალაქეების დგომა საჭიროა იმისათვისაც, რომ იქ საარჩევნო უბანი გაიხსნას. ვინაიდან საარჩევნო კოდექსის თანახმად „სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისათვის“.

საარჩევნო უბნების გახსნაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ცესკო იღებს, თუმცა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე. ეს მონაცემები კი, საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, სწორედ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების რაოდენობას ეყრდნობა.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმარება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების ადმინისტრირებაში. ჩვენ გვჭირდება ინფორმაცია ჩვენი მოქალაქეების შესახებ. საკონსულო აღრიცხვაზე აყვანა ემსახურება სტატისტიკურ ინფორმაციას, თუ სად ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, რომელ რეგიონში ამა თუ იმ ქვეყნის, რომელსაც ჩვენ მერე ვუგზავნით საარჩევნო კომისიას. თავად ცენტრალური საარჩევნო კომისია იღებს გადაწყვეტილებას, სად გახსნას დამატებითი უბანი და სად არ გახსნას“, — განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მიმდინარე წლის 22 მარტს.

შესაბამისად, იმ ქვეყნებში, სადაც ისედაც ძალიან მცირე ადამიანი დგას საკონსულო აღრიცხვაზე და თუ მათ რეგისტრაცია გაუუქმდებათ, ჩნდება რისკი, რომ საარჩევნო უბანი საერთოდ აღარც გაიხსნას.

ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ უცხოეთში მყოფი მოქალაქეები, რომელთაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა სურთ, დროულად დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე, რათა მათი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში აისახოს.

როგორ ხდება საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა

საზღვარგარეთ მყოფი ნებისმიერი მოქალაქე უფლებამოსილია დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე. საკონსულო აღრიცხვა არის საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ დროებით ან მუდმივად ყოფნის ფაქტის აღრიცხვა.

საკონსულო აღრიცხვაზე შეიძლება დადგეს საზღვარგარეთ დროებით მყოფი ან მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი.

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა უფასოა. ამასთან, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს, რაც ნიშნავს, რომ არალეგალურად მყოფ ქართველებს აღრიცხვაზე დადგომით პრობლემა არ ექმნებათ. შესაბამისად, თუკი მათ მოქმედი პასპორტი ან პირადობის მოწმობა აქვთ, არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ.

იმისათვის, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვაზე დადგნენ, არსებობს 3 გზა :

  •  ვებ -გვერდზე –  https://www.geoconsul.gov.ge/consular-registration – რეგისტრაცია
  • საელჩოში/საკონსულოში პირადად გამოცხადება
  • საფოსტო გზავნილი –  შესაბამისი ანკეტის შევსება და საკონსულოში ფოსტით გაგზავნა

იმისათვის, რომ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს  მოქალაქეებმა გადაამოწმონ, იმყოფებიან თუ არა საკონსულო აღრიცხვაზე, არსებობს საკონსულო აღრიცხვის ელექტრონული რეესტრი: https://www.geoconsul.gov.ge/electronic-register/el-registry

რა შეიძლება იყოს საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის საფუძველი

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, საკონსულო აღრიცხვიდან მოქალაქე შეიძლება მოიხსნას სხვადასხვა საფუძვლით, მათ შორის:

  • მოქალაქეობის შეწყვეტა,
  • საკონსულო აღრიცხვის ქვეყნის შეცვლა,
  • ყალბი დოკუმენტების წარდგენა,
  • პირადი განცხადება,
  • გარდაცვალება,
  • სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირი,
  • პირი, რომელსაც გაუუქმდა პირადი ნომერი,
  • პირი, რომელიც შემოვიდა საქართველოში და 6 თვის განმავლობაში არ დაუტოვებია ქვეყანა,
  • პირი, რომელსაც ბოლო 10 წლის განმავლობაში არ მიუმართავს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და/ან საკონსულო დაწესებულებებისათვის, საკონსულო აღრიცხვის მონაცემთა განახლების ან სხვა მომსახურების გაწევის მიზნით, აგრეთვე, ბოლო 10 წლის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით, არ უფიქსირდება საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.

ასევე, საქართველოში შემოსვლიდან 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის მიზეზით საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის საფუძველი შესაძლოა გახდეს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის მიერ სხვადასხვა პასპორტით გადაადგილება, რა დროსაც არ ხდება იმ მონაცემთა სინქრონიზაცია, რომელსაც მოქალაქე საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მიზნით გადასცემს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას და რომელიც მას უფიქსირდება უცხოურ პასპორტში, განსაკუთრებით სახელისა და გვარის ტრანსლიტერაციის კუთხით.

მაგალითად, ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა ორმაგი მოქალაქეობის მქონე საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში საქართველოს პასპორტით შემოდის, ქვეყნიდან გასვლისას კი მეორე ქვეყნის პასპორტს იყენებს. ამიტომ იმისათვის, რომ ორმაგი მოქალაქეობის პირს საკონსულო რეგისტრაცია არ შეუწყდეს, თუ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქის პასპორტით შემოვა, საქართველოდანაც ამავე პასპორტით უნდა გავიდეს ან უნდა იცოდეს, რომ ეს საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის საფუძველია. ამ შემთხვევაშიც, მას შეუძლია გადაამოწმოს, საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება თუ არა და თუ აღრიცხვიდან მოხსნილია, რეგისტრაცია ხელახლა გაიაროს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ბოლო ათი წლის განმავლობაში საკონსულო აღრიცხვიდან ზემოჩამოთვლილი მიზეზებით ყოველწლიურად იხსნებოდა საშუალოდ 2000 მოქალაქე და იმავდროულად რეგისტრირდებოდა საშუალოდ 4200 მოქალაქე.

„მაგალითისთვის, 2022 წელს საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნილია 2120 მოქალაქე, 2023 წელს -1573, ხოლო 2024 წლის იანვრიდან- ივნისამდე -851 მოქალაქე“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რომ სისტემური პრობლემაა“

ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც საზღვარგარეთ საკონსულო აღრიცხვის საკითხს აკვირდება და მოქალაქეებს კონსულტაციას უწევს, „სამართლიანი არჩევნებია“ (ISFED).

როგორც ISFED-ის სამართლებრივი ექსპერტი გიორგი მონიავა ნეტგაზეთთან ამბობს, მათ კომუნიკაცია ჰქონდათ რამდენიმე მოქალაქესთან, რომელთაც საკონსულო აღრიცხვის ელექტრონული რეესტრში აღმოაჩინეს, რომ აღრიცხვიდან მოხსნილები იყვნენ.

მისი თქმით, ამ დრომდე მათ მიერ შემოწმებულ თითქმის ყველა შემთხვევაში საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის საფუძველი არსებობდა.

„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია რამდენიმე მათგანთან, რომელთაც ანალოგიური პრობლემა ჰქონდათ. იყო ასეთი შემთხვევა, როცა შევამოწმეთ და სტატუსი ჰქონდა შეწყვეტილი და რამდენიმე საათის შემდეგ ისევ შევამოწმეთ და რეგისტრირებულის სტატუსი ჰქონდა.  ერთი შემთხვევა გვქონდა ასეთი და, სავარაუდოდ, სისტემის პრობლემა იყო. დანარჩენ შემთხვევებში, რაც გადავამოწმეთ,  საკონსულო აღრიცხვიდან  მოხსნის საფუძველი არსებობდა.

ჩვენც ვაკვირდებით ამ პროცესს და ვეძებთ ისეთ შემთხვევებს, სადაც დადასტურდება ან არ დადასტურდება აღრიცხვიდან უკანონოდ მოხსნის ფაქტები. ჯერჯერობით ასეთი ფაქტი არ დაგვდასტურებია“, – აცხადებს გიორგი მონიავა.

როგორც გიორგი მონიავა ამბობს, თუ სისტემური პრობლემა გამოიკვეთება და ემიგრანტებს არ მიეცემათ საშუალება, რომ არჩევნებში  მიიღონ მონაწილეობა,  ISFED-ს, და არამარტო მათ, ამაზე შესაბამისი რეაგირება ექნებათ.

ამიტომ ISFED-ის წარმომადგენელი ყველა ემიგრანტს ურჩევს, რომ:

  • პირველ რიგში, წინასაარჩევნოდ პერიოდულად გადაამოწმონ, დგანან თუ არა საკონსულო აღრიცხვაზე. თუ დგანან და აქტიურია მათი სტატუსი, შეინახონ ამის მტკიცებულებები, ეს იქნება შესაბამისი მეილები თუ ფოტოასლები. შემდგომში შესაძლოა, ეს დასჭირდეთ, თუ თეორიულად მათ უკანონოდ მოხსნიან რეგისტრაციიდან.
  • თუ არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე ან თუ გაურკვეველი მიზეზით მოეხსნათ ეს სტატუსი, კარგი იქნება, თუ ISFED-ს მიმართავენ და ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად გადამოწმდება, “მაგრამ თვითონაც უნდა შევიდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე და ხელახალი რეგისტრაცია გაიარონ”. ამის ვადები არ არის დადგენილი, შესაბამისად, როგორც კი ემიგრანტი აღმოაჩენს, რომ გაუქმებულია მათი რეგისტრაციის სტატუსი, მაშინვე შეუძლიათ თავიდან დარეგისტრირდნენ და რეგისტრაციის გავლის მტკიცებულება შეინახონ.

გიორგი მონიავა ყურადღებას ამახვილებს ვადებზეც და ამბობს, რომ ვინაიდან საარჩევნო უბნები არაუგვიანეს 26 სექტემბრისა იხსნება, სჯობს, ყველა ემიგრანტმა თავის სტატუსის პერმანენტულად გადამოწმება დაიწყოს, რათა თავადაც და საზოგადოებამაც ამ სისტემას მონიტორინგი გაუწიოს – რამდენად სწორად მუშაობს და ხომ არ აქვს ადგილი რაიმე კანონდარღვევას შესაბამისი უწყებების  მხრიდან.

„თეორიულად ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მათ შორის ისიც, რომ შესაძლოა, იმ პერიოდში გაუუქმონ რეგისტრაცია, როცა უკვე ვეღარ მოხვდებიან სიაში. ყველაზე ცუდ შემთხვევაში ეს იქნება 7 ოქტომბრის შემდეგ. 7 ოქტომბრამდე მათ, როგორც მინიმუმ, შეუძლიათ ფიზიკურად მივიდნენ უკვე გახსნილ საარჩევნო უბანზე და საარჩევნო რეგისტრაცია გაიარონ. 7 ოქტომბრის შემდეგ უკვე ამასაც ვეღარ შეძლებენ, რადგან ეს უკვე არის ის პერიოდი, როცა თუ გაუუქმეს რეგისტრაცია უკანონოდ, ისინი დარჩებიან ხმის მიცემის უფლების გარეშე“, – აცხადებს გიორგი მონიავა.

Რა გავლენის მოხდენა შეუძლიათ არჩევნებზე ემიგრანტთა ხმებს

ზუსტი მონაცემი იმის შესახებ, თუ რამდენი ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე იმყოფება ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ცნობილი არაა. ბოლო წლებში საქართველოს ემიგრაციის მაჩვენებლები შემდეგია: 2018 წელს საქართველო 98 935-მა ადამიანმა დატოვა, 2019 წელს — 105 107-მა, 2020 წელს — 74 264-მა, 2021 წელს — 99 974-მა, 2022 წელს — 125 269-მა, ხოლო 2023 წელს – 163 480-მა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ 38 სახელმწიფოში 52 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. უცხოეთის საარჩევნო უბნებზე საქართველოს 66 217 მოქალაქე იყო რეგისტრირებული. მათი ნაწილი საკონსულო აღრიცხვაზეა, ნაწილმა კი არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საქართველოს წარმომადგენლობაში რეგისტრაცია გაიარა. ამის ფონზე არჩევნებში მონაწილეობა ქვეყნის საზღვრებს გარეთ საქართველოს მხოლოდ 12 247-მა მოქალაქემ მიიღო.

ახალი საარჩევნო უბნების გახსნას უცხოეთის იმ ქალაქებში, სადაც ამჟამად საქართველოს ბევრი მოქალაქე ცხოვრობს, მაგრამ ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო არ არსებობს, ითხოვენ „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“. ამისათვის მათ პროექტი – „საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში“ – წამოიწყეს და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ემიგრანტთა ხელმოწერები შეაგროვეს.

არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობის მნიშვნელობაზე აქტიურად საუბრობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და აღნიშნავს, რომ  ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისას დიასპორის სრული მობილიზაციაა საჭირო.

მასალების გადაბეჭდვის წესი