წარსულში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე ხელისუფლების მხრიდან რეკეტზე საუბრობს და გენერალურ პროკურორ გიორგი გაბიტაშვილს საჯარო დებატებში იწვევს. დებატებზე უარის შემთხვევაში, ჩიკვაიძე მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე 6 დღით ადრე პროკურატურასთან დემონსტრაციების დაწყებით იმუქრება.

მისი თქმით, გაასაჯაროებს ხელისუფლების მხრიდან 6 ბიზნესის დარეკეტების ფაქტებს. ასევე, მისი თქმით, გაასაჯაროებს არაერთ სხვა საქმეს, რაც ივანიშვილის მხარდამჭერობის პერიოდში, „ნებით ან სუსის ზეწოლით“, ივანიშვილის ინტერესების სასარგებლოდ, მისი დავალებით უკეთებია.

ამის შესახებ გიორგი ჩიკვაიძემ 8 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ბიზნესმენი ჩიკვაიძე დამფუძნებელია კომპანიების-ა „აზიმუტ იახტები საქართველო“, „რამზეს იახტსი“ და „რამზეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმი“.

„ჩვენი სიტუაცია დაიწყო საიდან: „ოცნების“ მხარდამჭერები ვიყავით, მაგრამ მერე უარი ვთქვით რუსი ოლიგარქების დახმარებაზე, საქმე ეხებოდა იახტებს. საუბარია A კლასის ისეთ ოლიგარქზე, პუტინის შემდეგ რომ მეორე კაცია რუსეთში. გვთხოვდნენ დახმარებას იმაში, რომ მას სანქციებისთვის თავი აერიდებინა, რაზეც ჩვენ უარი ვთქვით. ამის მერე ჩვენი გზები იყოფა, რადგან მე უარზე ვიყავი, რომ რუსულ სცენარებში მიმეღო მონაწილეობა“, — ასეთია გიორგი ჩიკვაიძის მიერ წარმოდგენილი ვერსია, რატომ გაიყო მისი და მმართველი პარტიის გზები.

გიორგი ჩიკვაიძე ასახელებს ბიზნესმენ ელგუჯა თურმანიძეს, რომლისთვისაც იტალიიდან იახტა უნდა ჩამოეყვანა. ჩიკვაიძე ჰყვება, რომ ხელშეკრულების შესრულებაზე უარი თქვა, თურმანიძისგან მიღებული თანხის პირველი ნაწილი მას უკან დაუბრუნა. სანამ მომდევნო ნაწილს გადარიცხავდა, აჭარის საოლქო პროკურატურაში ჩიკვაიძისა და მისი პარტნიორის წინააღმდეგ, ჯგუფური თაღლითობის მიმართულებით, საქმის წარმოება დაიწყო. საქართველოს მაშინდელი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ კი, აჭარის პროკურატურაში დაწყებული და მერე გაჩერებული საქმე უკვე თბილისში „გააღვიძეს“.

„ოცნების“ ყოფილი მოკავშირე ბიზნესმენი ამბობს, რომ ბრალი წაყენებული აქვს, გათავისუფლებულია 100 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ და სასამართლოში განხილვა 15 ოქტომბერს დაიწყება. სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი, რომელზეც ჩიკვაიძე საუბრობს, მითვისებასა და გაფლანგვას ეხება და 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩიკვაიძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და თვლის, რომ მისი, როგორც სისტემის ყოფილი მხარდამჭერის, განსაკუთრებული სიმკაცრით დასჯას ცდილობენ მას შემდეგ, რაც 2022 წელს ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულებაზე უარი თქვა.

პროკურატურის, ბიზნესმენ თურმანიძის, ირაკლი კობახიძისა და სახელისუფლებო მედიის შეფასება ჩიკვაიძის საქმესა და მისი მხრიდან გახმიანებულ ბრალდებებზე ერთმანეთს ემთხვევა და ავსებს. ჩიკვაიძეს ისინი თაღლითად და „წინასაარჩევნო შოუს“ მომწყობად მოიხსენიებენ.

გიორგი ჩიკვაიძემ ახლახან დააფუძნა მოძრაობა „კორუფციის სავანე“, რომლის გაცხადებული მიზანია პროკურატურისა და საგამოძიებო უწყებების მხილება ბიზნესების მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებში.

ჩიკვაიძის ბრიფინგზე საფრანგეთიდან ჩაერთო კიდევ ერთი ბიზნესმენი, კომპანია „თბილისი ტრანსფერის“ დამფუძნებელი და “ელმავალმშენებლის” ყოფილი მფლობელი, ირაკლი ჭითანავა, რომელმაც, როგორც თავად ამბობს, მასზე განხორციელებული ზეწოლის გამო დატოვა საქართველო.

გარდა ამისა, გიორგი ჩიკვაიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ როგორც მისი, ისე ირაკლი ჭითანავას ბიზნესების რეკეტის ამბავი ყველაზე მსუბუქი შემთხვევაა და ბევრად მძიმე ისტორიებია ის დანარჩენი საქმეები, რომელთა გასაჯაროებასაც აპირებს გენერალურ პროკურორთან დებატებში, დებატებზე უარის თქმის შემთხვევაში კი — არჩევნებამდე 6 დღით ადრე დაანონსებულ დემონსტრაციებზე. ჩიკვაიძის თქმით, 6-დან ოთხ შემთხვევაში პირდაპირი გზით არიან ჩართული რუსი ოლიგარქები.