საზოგადოება

თუ ადამიანის უფლებების დარღვევა გაგრძელდება, ევროკავშირი უვიზო მიმოსვლას შეაჩერებს – ინტერვიუ კახა გოგოლაშვილთან

9 ივლისი, 2024 •
თუ ადამიანის უფლებების დარღვევა გაგრძელდება, ევროკავშირი უვიზო მიმოსვლას შეაჩერებს –  ინტერვიუ კახა გოგოლაშვილთან

თუ გაგრძელდება ადამიანების უფლებების უხეში დარღვევა, რისი მოლოდინიც არჩევნებისთვის არის, თუ ე.წ. ტიტუშკები და ძალადობრივი ჯგუფები ხელისუფლებამ ისევ შეაგულიანა და ქვეყანაში დაიწყო მოწინააღმდეგეების პოლიტიკური დევნა, მაშინ, რა თქმა უნდა, შეაჩერებენ უვიზო მიმოსვლას” ,- ამბობს კახა გოგოლაშვილი, „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, რომელსაც “ნეტგაზეთი” ევროკავშირში გაწევრების შესახებ ესაუბრა.

 

ბატონო კახა, ევროკავშირმა გაწევრებაზე მოლაპარაკებები გახსნა მოლდოვასა და უკრაინასთან, თუმცა, არა საქართველოსთან, რუსული კანონის გამო.  თქვენი აზრით, რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის, რომლის მოსახლეობის უმრავლესობას ევროკავშირის წევრობა სურს?

ევროკავშირში გაწევრება არ არის რიგითი მოვლენა ჩვენს ისტორიაში. ჩვენ ბოლო ორასი წელია არ გვქონია შანსი, რომ ქვეყანამ მოიპოვოს სრული დამოუკიდებლობა, უზრუნველყოს გრძელვადიანი უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება, გაეხსნას პერსპექტივები ბევრად უფრო სამართლიანი საზოგადოებისთვის და ამასთან ერთად, ჩაერთოს ისეთ მნიშვნელოვან პროცესებში, როგორიცაა მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებ.  ესაა ამბიცია ქვეყნის, რომელიც  ევროკავშირთან ერთად მონაწილეობას იღებს  უკეთესი მსოფლიოს შექმნაში. 

ასეთი შანსი გვეძლევა დღეს. ესაა შანსი, საქართველომ შეინარჩუნოს თავისი თვითმყოფადობა, კულტურული მრავალფეროვნება, ეროვნული იდენტობა, განვითარების პერსპექტივები მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოს პრაქტიკულად არ ჰქონია.

ამისთვის სულ მცირე რამე გვჭირდება: საქართველოს უნდა ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას და ხალხს წაიყვანს ერთადერთი სწორი არჩევანისკენ,  ევროკავშირის მიმართულებით.

თუმცა ეს [მოლაპარაკების არგახსნა] ნიშნავს მოსახლეობის ნების იგნორირებას, რაც არსებულმა ხელისუფლებამ გააკეთა. “ქართულმა ოცნებამ” თვითონ დაბლოკა ევროკავშირთან მოლაპარაკებები, რომლისკენაც მივისწრაფვით უკვე 30 წელია.

რას ნიშნავს მოლაპარაკებების გახსნა და რა შემთხვევაში შეიძლება გადავიდეთ ამ ეტაპზე? მაგალითად, არჩევნების სამართლიანად ჩატარება იქნება თუ არა საკმარისი პირობა? 

როცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ქვეყანას ძალიან სწრაფად უწევს რეფორმების გატარება. ამ დროს ძალიან დეტალურად იკვლევენ, რამდენად შესაბამისობაში ხარ ევროკავშირის კანონმდებლობასთან. მოლაპარაკებები ის პროცესია, როცა შენ გეუბნებიან, რომ ეს და ეს საკითხები არ გაქვს წესრიგში და გაატარე რეფორმები.  რთული სამუშაო პროცესია და თუ ენერგეტიკაში, ან გარემოს დაცვაში, ან ფინანსურ რეგულაციებში თანხვედრა გაქვს, გეუბნებიან, დავხუროთ ეს ნაწილი და გადავიდეთ შემდეგზე. შრომატევადი პროცესია და დრო სჭირდება.

ჩვენს შემთხვევაში მოლაპარაკების დასაწყებად არჩევნების სამართლიანად ჩატარება აუცილებელი პირობაა, მაგრამ ევროკავშირიდან ასევე გვაქვს მოცემული ცხრა პირობა, რომელიც აუცილებლად უნდა შევასრულოთ.

აქ შედის ისეთი სახის რეფორმები, როგორიცაა სასამართლო რეფორმის ბოლომდე მიყვანა ისე, როგორც ევროკავშირი ხედავს. ასევე, ანტიკორუფციული ბიუროს სრულად ამოქმედება, თავისი საგამოძიებო ფუნქციით და ყველანაირი ეფექტური კომპონენტით. ასევე, საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს თანხვედრაში ევროკავშირის პოლიტიკასთან. დღეს 50 %-ის ფარგლებშია ეს თანხვედრა. 80% და მეტი უნდა გახდეს.

საქართველო უნდა ებრძოლოს  ანტიდასავლურ პროპაგანდას, რომელიც ძალიან გავრცელებულია საქართველოში და, სამწუხაროდ, რომელშიც ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ მონაწილეობენ. ეს აბსოლუტურად შესაცვლელია და იმედია, არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლება სხვანაირად მიხედავს ამას.

ასევე, უზრუნველსაყოფია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვევა ბოლო დროს, მათ შორის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ისევე როგორც გაერთიანების თავისუფლება.

დგას მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის საკითხიც. მათ შორის ისეთი უმცირესობების, რომლებზეც შეტევას ხელისუფლება ახორციელებს ახალი კანონის მიღებით, მაგალითად, ლგბტ თემის შევიწროებას რაც შეეხება.

დეოლიგარქიზაცია დარჩა გამოწვევად, ასევე, პოლარიზაციის საკითხი და საარჩევნო კოდექსი, რომელიც იმის ნაცვლად, რომ ღია და ლიბერალური გამხდარიყო, ბოლო ცვლილებებით, მმართველი ძალის ინტერესებზე მორგებული გახდა.

ეს ყველა რეფორმა გასატარებელი იქნება, ისე მოლაპარაკებებს ჩვენთან არავინ დაიწყებს. არავინ გვაჩუქებს ამ შესაძლებლობას. რატომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველომ და არა სხვა ქვეყანამ, რომელსაც წევრობაზე აქვს პრეტენზია? ამ ეტაპზე მოხდა ისე, რომ სხვა წევრებმა შეასრულეს პირობები და გაიხსნა მოლაპარაკებები.

მოლდოვა, უკრაინა,  ბოსნია და ჰერცეგოვინა დათანხმდნენ იმას, რომ სასამართლოში შემოწმდეს მოსამართლეების კეთილსინდისიერება, რაზეც საქართველოს ხელისუფლებამ კატეგორიული უარი თქვა. უამრავი მიმართულება არის, რომელზეც ახალ ხელისუფლებას ექნება სამუშაო. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ჰპირდება მოსახლეობას, რომ ისინი დაუყოვნებლივ გაატარებენ ყველა იმ რეფორმას, რომელსაც ევროკავშირი ითხოვს და იმედია, ეს შედარებით მარტივად მოხდება.

თუ გაფართოების ამ ტალღაში ვერ მოვყევით, როდის შეიძლება კიდევ ერთხელ მოგვეცეს შანსი?

გაფართოების ეს ტალღა დახურული არ არის. ჩვენ ამ ტალღაში ვართ, უბრალოდ გაჩერებული ვართ, ბეტონის კონსტრუქციაზე შევჯექით. რას ველოდებით, არ ვიცით.  ევროკავშირში არის ასეთი განწყობა, რომ კანდიდატი ქვეყნების გაწევრება მოხდეს 2030 წლამდე.  მოლაპარაკებები მინიმუმ ხუთი წელი გაგრძელდება. 

იმ ინფორმაციით, რაც ჩვენამდე მოდის, რამდენად რეალურია უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე? 

ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა სიტუაცია იქნება საქართველოში არჩევნების წინ და არჩევნების დროს. ამ ეტაპზე  ევროკავშირი არ არის დაინტერესებული, საქართველოში სიტუაცია გაამწვავოს და თავს იკავებს უვიზო რეჟიმის შეჩერებისგან, მაგრამ თუ გაგრძელდება ადამიანების უფლებების უხეში დარღვევა, რისი მოლოდინიც არჩევნებისთვის არის, თუ ე.წ. ტიტუშკები და ძალადობრივი ჯგუფები ხელისუფლებამ ისევ შეაგულიანა და ქვეყანაში დაიწყო მოწინააღმდეგეების პოლიტიკური დევნა და შეხედულებების გამო ადამიანების დევნა, მაშინ, რა თქმა უნდა, შეაჩერებენ უვიზო მიმოსვლას. 

ევროკავშირს არ აქვს წესად, რომ იმ ქვეყანასთან, რომელშიც ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვევა, მასთან ჰქონდეს უვიზო მიმოსვლა. ეს უსაფრთხო არ არის თავად ევროკავშირისთვისაც იმიტომ, რომ ისინი პრაგმატულად უყურებენ: ქვეყანას, რომელშიც ადამიანის უფლებებს პატივს არ სცემენ. თუ უვიზო რეჟიმს აძლევ, იქიდან ხომ მოძალადე ადამიანები თავისუფლად შემოდიან შენს ტერიტორიაზე? 

ამავდროულად, ევროკავშირი უვიზო რეჟიმს ქვეყნებს აძლევს, როგორც გარკვეულ ჯილდოს. როცა ქვეყანა ატარებს რეფორმებს, ხდება უფრო დემოკრატიული, იცავს ადამიანის უფლებებს, აჯილდოვებს. თუ ეს კომპონენტები გაუარესდება, სხვა ქვეყნები ხომ იტყვიან, რაში დაიმსახურა საქართველომ ჯილდო?


დღეს, 9 ივლისს, საქართველოში ევროკავშირის ელჩიმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა გაყინა 30 მილიონი ევროს დახმარება, რომლის გადმორიცხვა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) იგეგმებოდა. ელჩის თქმით, სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში განიხილება სხვა ზომების მიღებაც. 

მისივე თქმით, ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია და ქართველებმა 26 ოქტომბერს უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ევროკავშირის წევრობა.


 სტატია მომზადებულია „Sida”-ს მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორის ან ორგანიზაციის შეხედულებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი