საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირმა გაყინა 30 მილიონი ევროს დახმარება, რომლის გადმორიცხვა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) იგეგმებოდა.
ელჩის თქმით, სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში განიხილება სხვა ზომების მიღებაც.
„დასანანია იმის ნახვა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები ასეთ დაბალ ნიშნულზეა, როდესაც შეიძლებოდა რეკორდულად მაღალ ნიშნულზე ყოფილიყო“, — თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.
ევროპული სამშვიდობო ფონდი შეიქმნა 2021 წლის მარტში, რათა დააფინანსოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) ქმედებები სამხედრო და თავდაცვის სფეროებში, კონფლიქტის თავიდან აცილების, მშვიდობის შენარჩუნებისა და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით. კერძოდ, ევროპული სამშვიდობო ფონდი საშუალებას აძლევს ევროკავშირს, დააფინანსოს ქმედებები, რომლებიც შექმნილია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების და რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაძლებლობების გასაძლიერებლად სამხედრო და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით. ფონდის სხვა ბენეფიციარები იყვნენ უკრაინა, აფრიკის კავშირი, ნიგერია, მოზამბიკი, ბოსნია და ჰერცეგოვინა და მალი.
2021 წლის დეკემბერში ევროპული სამშვიდობო ფონდიდან საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად 12 750 000 ევრო გამოიყო, 2022 წლის დეკემბერში — 20 მილიონი, 2023 წლის მაისში — 30 მილიონი ევრო.