საზოგადოება

აღმოაჩინე საქართველო ნიუ იორკში

2 ნოემბერი, 2015 •
აღმოაჩინე საქართველო ნიუ იორკში


პირველ სართულზე დიდი პავილიონის მინის ვიტრინაში უტა ბექაიას მიერ შექმნილი ყვავილებიან–პეპლებიანი ჩოხა იდგა, დარბაზში კი გამოფენილი იყო ქართული პროდუქცია: ტრადიციული სუფრა, სამკაულები, სუვენირები (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო), ნიუ იორკში მცხოვრები ქართველის, ნინი კეის (კომპანია Nini K. Hats) მიერ შექმნილი ორგინალური/ექტრავაგანტული ქუდები, მხატვარ მაია ბარათაშვილის ნამუშევრები,  ქართული კომპანიის” More Is Love” ტანსაცმელები და აქსესუარები; ქართული ღვინო და წვენები, ქართული რესტორნის – “თბილისის ძველი ბაღის” კერძები; ასევე ტურისტული კუთხე, სადაც სპეციალური ციფრული სათვალეების მეშვებით საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, მათ შორის მთებშიც შეგეძლოთ გემოგზაურათ; გვერდით კი ძველებური სკივრი, ფარდაგი, თივა და ქოთნის ჭრელა–ჭრულა ნატვრის ხე; კედლებზე – მხატვარ ლევან მინდიაშვილის ძველი შენობების ასოციაციები; შემოსასვლელთან კი, 1920-იანების პარიზში პრინც მაჩაბლის მიერ შექმნილი Fashion Line ნაკეთობები, რომლისთვისაც “ლაით ბოქსები” ლევან მინდიაშვილმა დაამზადა.



ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული “Enterprise Georgia/მეწარმეობის განვითარების სააგენტოს” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ანა კვარაცხელია ამბობს, რომ ამ სამდღიან ღონისძიებაზე ოცდაერთი ქართველი დიზაინერის ნამუშევარი გამოიფინა, ასევე, თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები თბილისიდან და ამერიკიდან; გარდა ღვინისა, სუფრასა და თაროებზე გამოიფინა ნატურალური წვენების ორი კომპანიის: “კულასა” და “არომას” ნაწარმიც.

 

 

“წელს, ზაფხულშიც, “ტრეიდ შოუზე” ქართული კომპანიები წარვადგინეთ – ამბობს ანა. – ჩვენ ვცდილობთ, რომ ამერიკელი მომხმარებელი ქართულ პროდუქციას ნელ–ნელა შევაჩვიოთ. ეს ჩვენი პირველი ნაბიჯებია. გამოფენის მხატვრულად შეფუთვაში კი ნიუ იორკში მცხოვრები ხელოვანები – უტა ბექაია და ლევან მინდიაშვილი დაგვეხმარნენ”.

 

“მინდოდა საქართველოს ძველი და ახალი დროის ერთად წარდგინება და უცხო თვალისთვის იმის ხაზგასმა, თუ რაოდენ საინტერესოა საქართველო ტურისტისთვის“  – ამბობს უტა ბექაია.

 

– თქვენი ჩოხა არატრადიცულია. მას მკერდზე  ვაზნები, წელზე – ხანჯალი, თავზე კი პეპლებიანი თაიგული აქვს, რომელიც სამოსის “მილიტარისტული კომპონენტის”, თუ შეიძლება ითქვას, ფუნდამენტალისტური ღირებულებების ერთგვარი გამბათილებელია…

 

– ჰო, ასეა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ტრადიცებმა არ შეგვიწირონ. ტრადიციისადმი პატივისცემა იმას ნიშნავს, რომ შთაგონება წარსულისგან შეგიძლია მიიღო და შედეგად უკეთესი გახდე და არა უარესი.  ვიზუალურ ხელოვნებას ამ სიმბოლოების დაბალანსება კარგად შეუძლია. ნატვრის ხე ბევრ ქვეყანაში არსებობს, მაგრამ ჩვენთვის  –  ინფანტილური და ადვილად მანიპულირებადი ხალხისთვის – ის, ალბათ, განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია – იმედის, მისი გაცრუების, ბუნებრიობისა და რომანტიზმის მომცველი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი