18 ივნისს საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან წააგო ანგარიშით 3:1, თუმცა, ამის მიუხედავად, მთლიანად მატჩმა და უშუალოდ საქართველოს ნაკრებმა, მათ შორის საერთაშორისო მედიისგან, საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.
გიორგი მიქაუტაძემ თურქეთის კარში გოლი 31-ე წუთზე გაიტანა. თამაშისას დამატებით არაერთი საგოლე მომენტი იყო, მათ შორის, ბურთი რამდენჯერმე მოხვდა ძელს.
„ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო საღამო“ ,— ასე შეაფასა ბრიტანულმა The Guardian-მა საქართველო-თურქეთის მატჩი, — „ველური, შესანიშნავი, გახსნილი თამაში, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა: 38 დარტყმა, 3 ძელი და 4 გოლი.“
ბრიტანულმა BBC-იმ 18 ივნისის მატჩი “თრილერად” შეაფასა და შეაქო ქართველი ფეხბურთელები მარცხის მიუხედავად.
„ვილი სანიოლი ირწმუნებოდა, რომ ქართველები თავის პირველ დიდ ტურნირზე „ყველაფერს გაიღებდნენ“ და მათ სწორედ ეს გააკეთეს თურქეთთან პირველივე წუთებიდან.
ქართველები ახლოს იყვნენ გათანაბრებასთან, როდესაც ჯერ მაყურებელს გული და ნიჭი უჩვენეს, შემდეგ კი გიორგი ქოჩორაშვილმა ბურთი ხარიხას გაარტყა. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ბუდუ ზივზივაძის საგოლე დარტყმა დაბლოკა საჯარიმოში თურქმა მცველმა“, — წერს BBC.
ნაკრების თამაშის ხარისხით კმაყოფილია მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლიც:
„წაგება არასდროს არის კარგი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რაღაც სხვა იყო. ჩვენ ძალიან, ძალიან კარგი მატჩი ვაჩვენეთ და შეგვიძლია ვიამაყოთ ამ თამაშით. ბევრი შესაძლებლობა გვქონდა, რომ გოლი გაგვეტანა. ალბათ, იმდენივე, რამდენიც თურქეთს ჰქონდა, მაგრამ ეს ფეხბურთია, ერთი გუნდი იგებს და მეორე აგებს. მე არ ვიტყვი, რომ ჩვენ ვართ ბედნიერი წაგებული გუნდი, მაგრამ მაინც ვამაყობთ იმით, რაც დღეს გავაკეთეთ.
რა თქმა უნდა, შემიძლია გითხრათ, რომ დარწმუნებული ვარ, ჩვენ ისევ ძლიერ თამაშს ვაჩვენებთ. მიხარია, რომ შაბათს შემდეგი მატჩი გვექნება.“
მატჩის სტატისტიკის მიხედვით, თურქებმა და ქართველებმა დაახლოებით თანაბარი რაოდენობის საგოლე შანსები შექმნეს, თუმცა ჩვენმა მეზობლებმა საკუთარი მომენტები უკეთ გამოიყენეს.

18 ივნისის მატჩის სტატისტიკა








