საზოგადოება

“აირჩიე: პოლიტიკა, ან სამსახურიო” – პავლე ნიავაძის ისტორია

12 ივნისი, 2024 •
“აირჩიე: პოლიტიკა, ან სამსახურიო” – პავლე ნიავაძის ისტორია

პავლე ნიავაძე ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტია. ბოლო ორი წლის განმავლობაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში მუშაობდა.

პავლე გვიყვება, რომ 2 მაისს უფროსმა, გიორგი არევაძემ დაიბარა და უთხრა, რომ პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედის” კადრში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაინახა. არევაძემ მას მოსთხოვა, არჩევანი გაეკეთებინა “სამსახურსა და პოლიტიკას” შორის. პავლე ფიქრობს, რომ სასწორის მეორე მხარეს არა პოლიტიკა, მისი ვიწროპარტიული გაგებით, არამედ ქვეყნის ინტერესი იდგას, ამიტომ, სამსახურიდან წამოვიდა.

“ნეტგაზეთთან” საუბრისას პავლე ჰყვება წნეხზე, რომელიც საჯარო სამსახურში დასაქმებულებს შეიძლება ჰქონდეთ; არჩევანზე, რომელიც მან გააკეთა; რისკებზე, რომლებიც ამ არჩევანს მოჰყვა და მიზეზებზე, რის გამოც სტაბილურ სამსახურს “აქციებზე დგომა” არჩია.

“სამსახური, ან პოლიტიკა”

მე ვარ პავლე ნიავაძე. 2 მაისს ჩემმა უფროსმა დამიბარა და მითხრა, რომ აქციებზე სიარულისთვის თავი უნდა დამენებებინა. ვუთხარი, რომ აქციებზე სიარულს გავაგრძელებდი იქამდე, სანამ ამ კანონს უკან არ გაიწვევდნენ. ამაზე მიპასუხა, რომ დაურეკეს და დაავალეს, რომ გავეფრთხილებინე – უნდა ამერჩია ან სამსახური, ან პოლიტიკა. ვუთხარი, რომ არ ვაპირებდი არანაირ კომპრომისზე წასვლას.

ავდექი და წამოვედი სამსახურიდან.

მანამდე მსგავსი საუბარი არ გვქონია, არც შენიშვნა უთქვამთ, მიუხედავად იმისა, რომ იქამდეც დავდიოდი აქციებზე – რუსულ კანონთან დაკავშირებით იქნებოდა თუ სხვა. ამჯერად, როგორც თვითონ მითხრა, ტელეკომპანია “იმედის” კადრში მნახა და ალბათ, რახან ტელევიზორში გამოვჩნდი, ამიტომ დაურეკეს და მანაც ჩემზე გადმოიტანა თავისი ბრაზი.

ამ აქციებზე ჩემი რამდენიმე თანამშრომელიც ვნახე. არიან ისეთებიც, რომლებიც რუსული კანონს მხარს არ უჭერენ, მაგრამ აქციაზე არ იყვნენ. ალბათ, ერიდებიან თავისი აზრის ღიად დაფიქსირებას.

სხვა სახელმწიფო სამსახურებში რა ხდება, კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ, ზოგადად, ვიცი, რომ ცენზურას უწესებენ, სამსახურიდან გაგდებით ემუქრებიან. შეიძლება პირდაპირ არ ემუქრებიან, მაგრამ ირიბი ზეწოლაა – ვთქვათ, ეუბნებიან, რომ ხელფასს დაგაკლებ.

ჩემთვის გასაგებია ეს სიტუაცია – ყველას აქვს ვალდებულება, ყველას ჰყავს ოჯახი, ყველას აქვს ვალი. ძალიან ძნელია, რომ ფეხი დაკრა და წამოხვიდე.

მეც მაქვს ბევრი ვალდებულება აღებული, ბანკის ვალიც მაქვს. სამსახურიდან ისე წამოვედი, რომ სხვა სამსახურის ძებნა არც მქონდა დაწყებული, არც ალტერნატივა მქონდა, არც სხვა შემოსავალი მაქვს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ქვეყნის დამოუკიდებლობას – მე ასე ვფიქრობ, რომ ახლა ასე დგას საკითხი  – როდესაც საქმე ეხება სიტყვის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, მე სამსახურის მერე აქციაზე გავალ თუ რას გავაკეთებ, არავის საქმე არ არის, პრინციპულად, უკან არ დავიხევდი.

საერთოდ სახელმწიფო სამსახურში მუშაობა არ ნიშნავს რომელიმე პარტიის დაქვემდებარებაში ყოფნას. სახელმწიფო სამსახურში მუშაობა ნიშნავს სახელმწიფოს სამსახურში მუშაობას – შენ მუშაობ სახელმწიფოსთვის. მაგრამ დღევანდელ რეალობაში ისეა, რომ მხოლოდ ერთ პარტიას აქვს ძალაუფლება და როგორც უნდა, ისე იყენებს, ვისაც უნდა, იმას დასვამს თანამდებობაზე, ვისაც უნდა, გაუშვებს, ვისაც უნდა, დაემუქრება და ა.შ.

მხარდაჭერა, რომელიც სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ მივიღე

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე ერთიანობის ძალიან დიდი მუხტი იგრძნობა: ზოგი წყალს გაწვდის, ზოგი ყავას, ზოგი ლობიანებს არიგებს, ზოგს ალუჩა ჩამოაქვს კახეთიდან და ა.შ. ათასი მსგავსი ფაქტი იყო, რომელიც ყველამ ნახა და ყველამ გაიგო. მიხარია, რომ დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ ერთმანეთისგან.

ჩემ შემთხვევაშიც ზუსტად ასევე იყო. ჩემი პოსტის მერე ძალიან ბევრი ადამიანი გამომეხმაურა: ბევრმა უბრალოდ მადლობა გადამიხადა, ბევრმა მხარდაჭერა გამომიცხადა, ბევრმა სამსახური შემომთავაზა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას. ახლა ვარ იმ პროცესში, როცა ოთხ კომპანიასთან მაქვს გასაუბრება და უნდა გადავწყვიტო, ვისთან დავიწყებ თანამშრომლობას.

რატომ არ მომწონს ეს კანონი

ამ კანონს იმიტომ ვეწინააღმდეგები, რომ არის ყველაფრით რუსული. 2012 წელს, როგორც რუსეთმა მიიღო ეს კანონი, ზუსტად იმავე მეთოდების გატარება ხდება აქ.

რუსეთში დაიწყეს რეპრესიები, არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმება, მედიის და საერთოდ, ვინც კი პუტინის რეჟიმს ეწინააღმდეგებოდა, ყველას დევნა დაიწყეს. შედეგიც ვნახეთ – 95%-ით მოიგო ბოლოს არჩევნები. 95% რომ არ უჭერს მხარს პუტინს, ცხადია. მსოფლიოში არავის არ უჭერს მხარს 95%.

იგივე მოხდება აქაც. მაგის გვეშინია. იმავეს გაკეთება უნდა ბიძინას. ჯერ ახლახან დაამტკიცეს კანონი და ხალხს უკვე ქუჩაში დასდევენ, ზოგს სადარბაზოსთან ხვდებიან, ზოგს სახლთან რაღაცებს უწერენ, ზოგს სცემენ, ზოგს აშინებენ. ზუსტად ეს არის რუსეთი. ზუსტად ეს არ გვინდა, რომ საქართველოში ხდებოდეს.

ამას ვებრძვით ჩვენც.

ჩემი აზრით, ყველა მიხვდა, რომ ერთპიროვნული მმართველობა არ არის მისაღები. მიშაზეც მივხვდით, ბიძინაზეც ვხვდებით. ამან გააერთიანა ხალხი. უბრალოდ, აღარ უნდა იყოს საქართველოში ერთპიროვნული მმართველობა.

უნდა იყოს მრავალპარტიული მთავრობა.

როგორ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ

კანონის მიღების შემდეგ ჩვენი შემდეგი ნაბიჯი, ალბათ ის იქნება, რომ არჩევნებზე დავამარცხოთ ეს რუსული მთავრობა. მანამდე გასაკეთებელი არის ის, რომ ყველას გავაგებინოთ, რატომ არის “ქართული ოცნება” რუსული, რატომ იყო ეს კანონი რუსული. ყველას, განსაკუთრებით რეგიონებში უნდა მივაწვდინოთ ხმა. ამავდროულად, უნდა იმართებოდეს აქციები, მსვლელობები. შეიძლება ყოველდღიურად აღარ ხდება, გასაგებია, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ.

საჯარო მოხელეებს ვეტყვი, რომ მესმის მათი. არ არის ადვილი ადგე, სამსახურიდან წამოხვიდე და ახალი ნახო. არც არის აუცილებელი, რომ ეს გაკეთო. კი ბატონო, იმუშავე საჯარო სამსახურში, მაგრამ მოვა არჩევნები და სწორი გადაწყვეტილება მიიღე. შეიძლება არ მოგწონდეს არცერთი პარტია, მაგრამ ამ არჩევნებზე საკითხი ასე დგას – არჩევანია  საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასა და რუსეთში შესვლას შორის.

მგონი, ადვილი არჩევანია.

ჩემი აზრით, ამ პროცესში უფრო მეტი ხალხი მიხვდა, რას წარმოადგენს “ქართული ოცნება” –  არიან დიქტატორები და უნდათ დიქტატურის გატარება საქართველოში. თუ ვინმეს დიქტატურაში უნდა ცხოვრება, ალბათ, მხოლოდ ეგ ადამიანები მისცემენ ხმას. მგონია, რომ უმეტესობას ეს არ უნდა. ამიტომაც, გავიმარჯვებთ სახელოვნად.


3 მაისს “ბათუმელები” პავლე ნიავაძის უფროსს, გიორგი არევაძეს დაუკავშირდა. მან მომხდარი უარყო და თქვა, რომ პავლე ნიავაძე სამსახურიდან არავის გაუთავისუფლებია და არც არჩევანის წინაშე დაუყენებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი