6-9 ივნისს ევროპარლამენტის არჩევნები იმართება. მისი შედეგი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს, როგორ დაკომპლექტება ევროკავშირის ხელმძღვანელობა მომდევნო 5 წლის განმავლობაში.
ევროკავშირის 27 ქვეყანაში 373 მილიონი ამომრჩეველია – მათ ნახევარს წინა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
კენჭისყრა
ევროპარლამენტის არჩევნებისთვის კენჭისყრა დღეს, 6 ივნისს, ნიდერლანდებში დაიწყება, 7 ივნისს ირლანდია მოჰყვება. ლატვია, მალტა და სლოვაკეთი არჩევანს 8 ივნისს გააკეთებენ. ჩეხეთში კენჭისყრა — პარასკევს და შაბათს, ხოლო იტალიაში შაბათ-კვირას გაიმართება. ევროკავშირის დანარჩენი 20 ქვეყანა არჩევნებს 9 ივნისს ჩაატარებს.
წინასწარი შედეგები კვირას საღამოს გამოქვეყნდება.
პროცედურა
ევროპული არჩევნები არ არის ერთი ცენტრალიზებული პროცედურა. ესაა ეროვნული კენჭისყრა 27 ქვეყანაში — ამომრჩევლები ხმას აძლევენ თავიანთ ქვეყნებში არსებულ პარტიებს, რომლებიც მეტწილად გაერთიანებულნი არიან იმავე პოლიტიკური იდეოლოგიის საერთაშორისო პოლიტიკურ ოჯახში. მაგალითად, გერმანიაში კენჭისყრაში მონაწილეობენ „ქრისტიან-დემოკრატები“, რომლებიც ევროპარლამენტში წარმოდგენილნი იქნებიან „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) ჯგუფებში, ოლაფ შოლცის „სოციალ- დემოკრატიული პარტია“ კი – „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულ ალიანსში (S&D).
ევროპის არჩევნები ტარდება წევრი ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, თუმცა არსებობს მთელი რიგი საერთო დებულებებისა, რომლებიც დადგენილია ევროკავშირის კანონმდებლობით. მაგალითად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროპორციული წარმომადგენლობა. ქვეყნების უმეტესობა ორგანიზებულია როგორც ერთი საარჩევნო ოლქი, თუმცა ბელგია, ირლანდია, იტალია და პოლონეთი თავის ტერიტორიებს მრავალ საარჩევნო ოლქად ყოფენ.
რაც შეეხება საარჩევნო სიებს, არსებობს რამდენიმე ეროვნული სისტემა:
- დახურული სიები, სადაც კანდიდატების თანმიმდევრობის შეცვლის შესაძლებლობა არ არის;
- ნახევრად ღია სიები — ამომრჩეველს შეუძლია, შეცვალოს კანდიდატების თანმიმდევრობა არჩეულ სიებში;
- ღია სიები — ამომრჩეველს შეუძლია აირჩიოს კანდიდატები სხვადასხვა სიიდან.
პროპორციული წარმომადგენლობა
რაც უფრო დიდია სახელმწიფო, მით მეტი ადგილი ეკუთვნის ევროპარლამენტში. მაშასადამე, ყველაზე ბევრი — 96 წარმომადგენელი გერმანიას ეყოლება. გერმანიას მოსდევენ საფრანგეთი (81 მანდატი), იტალია (76), ესპანეთი (61) და პოლონეთი (53). კვიპროსს, ლუქსემბურგსა და მალტას ყველაზე ნაკლები — თითოეულს 6 დეპუტატი ეყოლება.
ბლოკის მე-10 მოწვევის პარლამენტი სულ 720 წევრისგან დაკომპლექტდება.
უფლებამოსილება
პარლამენტი ევროკავშირის ინსტიტუტებიდან ერთადერთია, რომელიც პირდაპირი წესით აირჩევა, თუმცა კომისიასთან და საბჭოსთან შედარებით — ნაკლებად გავლენიანი. საბჭოსთან ერთად, პარლამენტი პასუხისმგებელია ევროკავშირის კანონმდებლობის მიღებაზე, თუმცა არა — ინიციირებაზე. ევროპარლამენტი და საბჭო თანხმდებიან ევროკავშირის წლიურ ბიუჯეტზე. ევროპარლამენტარები ზედამხედველობენ ევროკავშირის ინსტიტუტებს, განსაკუთრებით აღმასრულებელი ორგანოს — ევროკომისიის მუშაობას.
Spitzenkandidaten
ევროპარლამენტის მიზანია, გაზარდოს საკუთარი როლი და ევროპულ არჩევნებში ხმის მიცემით მოქალაქეებმა არა მხოლოდ პარლამენტი აირჩიონ, არამედ თავიანთი სიტყვა თქვან იმის შესახებ, თუ ვინ უხელმძღვანელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას. ამ მიზნით 2014 წლის ევროპული არჩევნების წინ პარლამენტმა მოუწოდა ევროპულ პოლიტიკურ პარტიებს, დაესახელებინათ თავიანთი Spitzenkandidaten (გერმანულად „წამყვანი კანდიდატი“) ევროკომისიის თავმჯდომარეობისთვის.
2014 წლის არჩევნებში კომისიის პრეზიდენტად მართლაც წამყვანი კანდიდატი ჟან-კლოდ იუნკერი აირჩიეს. თუმცა 2019 წლის ევროპული არჩევნების შემდეგ წევრმა სახელმწიფოებმა ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე პარლამენტს შესთავაზეს არა გამარჯვებული „ევროპის სახალხო პარტიის“ წამყვანი კანდიდატი მანფრედ ვებერი, არამედ ურსულა ფონ დერ ლაიენი. წლევანდელი ევროპული არჩევნების წინ, პარლამენტმა დაადასტურა წამყვანი კანდიდატის მექანიზმის („Spitzenkandidaten“ პროცესის) გამოყენების მნიშვნელობა, რომლის დროსაც ევროპული პოლიტიკური პარტიები ასახელებენ თავიანთ კანდიდატებს ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე არჩევნების წინ.
„ქრისტიან-დემოკრატ“ ფონ დერ ლაიენს მეორე ვადითაც სურს ევროკომისიის პრეზიდენტობა და ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წამყვანი კანდიდატია. კომისიის პრეზიდენტობისთვის გერმანელ პოლიტიკოსს, მინიმუმ, ბლოკის დიდი სახელმწიფოების ლიდერების კონსენსუსი და 361 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.
სოციალისტებისა და დემოკრატების (S&D) ჯგუფის წამყვანი კანდიდატია ნიკოლას შმიტი (ლუქსემბურგი).
Renew Europe-ის ჯგუფმა, რომელიც აერთიანებს ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსს (ALDE), ევროპული დემოკრატიის პარტიას და ემანუელ მაკრონის „რენესანსს“, ერთი კანდიდატის წარდგენაზე უარი თქვა და არჩვენებში მარი-აგნეს სტრაკ-ზიმერმანის (გერმანია), სანდრო გოზისა (იტალია) და ვალერი ჰაიერის (საფრანგეთი) ლიდერობით მონაწილეობს.
მწვანეებისა და ევროპის თავისუფალი ალიანსის (EFA) ჯგუფის პარტიებს ტრადიციულად ორი წამყვანი კანდიდატი ჰყავს: „მწვანეებს“ — ტერი რეინკე გერმანიდან და ბას ეიკჰაუტი ნიდერლანდებიდან, ხოლო EFA-ს — რაულ რომევა (ესპანეთი) და მაილის როსბერგი (გერმანია).
მემარცხენე GUE/NGL ჯგუფის წამყვანი კანდიდატი ავსტრიელი ვალტერ ბაიერი იქნება.
წამყვანი კანდიდატები ოფიციალურად არ წარუდგენიათ პოპულისტურ მემარჯვენე ჯგუფებს: „იდენტობა და დემოკრატიას“ (ID) და ევროპელ კონსერვატორებსა და რეფორმისტებს (ECR).
წინასწარი პროგნოზები
ევროპის პარლამენტში ამჟამად 7 პოლიტიკური ჯგუფია. Politico-ს პროგნოზებით, ახალ ევროპარლამენტში მანდატები ასე გადანაწილდება:
- ევროპის სახალხო პარტია (EPP) – 172 ადგილი
- სოციალ-დემოკრატები (S&D) – 143
- Renew Europe – 75
- ECR – 75
- იდენტობა და დემოკრატია (ID) — 68
- მწვანეები/EFA – 41
- მემარცხენე GUE/NGL –31
ამავე პროგნოზით, 59 დეპუტატი ეყოლებათ პარტიებს, რომლებიც არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ ჯგუფში არ შედიან და 56 მანდატი ახალ, არააფილირებულ დეპუტატებზე გადანაწილდება.
თუ პროგნოზი გამართლდა…
ევროპარლამენტის პოლიტიკა გადაიხრება უფრო მარჯვნივ. დომინანტ ძალებად კვლავ დარჩებიან მემარჯვენე-ცენტრისტული EPP და მემარცხენე-ცენტრისტული S&D; დასუსტდებიან მათი მოკავშირე ლიბერალები (Renew Europe) და „მწვანეები“, ხოლო გაძლიერდებიან მემარჯვენე პოპულისტური ძალები: ECR და ევროსკეპტიკური „იდენტობა და დემოკრატია“ (ID).
ECR-ში შედიან იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის პარტია „იტალიის ძმები“ და პოლონური „კანონი და სამართალი“ (PiS). ამ უკანასკნელმა ცოტა ხნის წინ დაკარგა ძალაუფლება პოლონეთში, თუმცა ევროპულ არჩევნებში მანდატების მნიშვნელოვანი რაოდენობის მოპოვების შანსი აქვს. საქართველოსთვის ECR ჯგუფის ცნობილი სპიკერია პოლონელი დეპუტატი ანა ფოტიგა (PiS).
ID-ში დომინირებს მარინ ლე პენის პარტია „ეროვნული ერთობა“, რომელსაც ამჟამად ჯორდან ბარდელა ხელმძღვანელობს და ის საფრანგეთში ევროპულ არჩევნებში ფავორიტია.
საფრანგეთისა და იტალიის გარდა, ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების გამარჯვებას ვარაუდობენ ავსტრიაში, ბელგიასა და ნიდერლანდებში.
მემარჯვენე პოპულისტური პარტიების ნაწილი, მაგალითად, ვიქტორ ორბანის Fidesz და „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), ევროპარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის გარეშე არიან დარჩენილი.
თუ პოპულისტური ძალები გაერთიანდებიან, შესაძლოა, მე-10 მოწვევის პარლამენტში ახალი, ულტრამემარჯვენე ალიანსი გაჩნდეს, თუმცა მათ შორის განსხვავებების გამო ასეთი ერთობა სათუოა. მაგალითად, ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების (ECR) ჯგუფი „ატლანტისტურია“ და მისი ძირითადი პარტიები ემხრობიან უკრაინის დახმარებას, მაშინ როცა „იდენტობა და დემოკრატია“ (ID) ეწინააღმდეგება რუსეთის სანქციებს და ვლადიმერ პუტინის მოკავშირედ მოიაზრება. AfD ნაცისტური სენტიმენტების გამო გარიცხეს ID ჯგუფიდან.
ანალიტიკოსების ვარაუდით, ერთი მხრივ, ულტრამემარჯვენეების აღზევება ევროპის ქვეყნებში, მეორე მხრივ კი, მწვანეებისა და ლიბერალების დასუსტება გარკვეულ გავლენას იქონიებს ევროპის გარემოსდაცვით და მიგრაციის პოლიტიკაზე, უფრო ნაკლებს — საგარეო ურთიერთობებსა და გაფართოებაზე, რამეთუ ამ ნაწილში არც მემარჯვენე პოპულისტურ პარტიებს არ აქვთ ერთიანი მიდგომა და არც პარლამენტს – წამყვანი როლი. თუმცა ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებმა შეიძლება, გავლენა იქონიოს პოლიტიკურ დისკუსიებზე წევრი სახელმწიფოების შიგნით და, შესაბამისად, ევროკომისიასა და საბჭოში მათ პოზიციებზე.
არჩევნების შემდეგ
ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ დღის წესრიგში დგება აღმასრულებელი ორგანოს — ევროკომისიის დაკომპლექტება. კომისიის ხელმძღვანელი, როგორც წესი, აირჩევა იმ პოლიტიკური დაჯგუფებიდან, რომელიც ყველაზე მეტ ადგილს მიიღებს პარლამენტში, მაშინაც კი, თუ მთავარი კანდიდატი არ არის პარლამენტარი. ეს ზრდის ურსულა ფონ დერ ლაიენის შანსებს, თუმცა მისი პრეზიდენტობა გარანტირებული არ არის.
თუ EPP-ის წამყვანი კანდიდატი ხელახლა გახდება ევროკომისიის ხელმძღვანელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე შარლ მიშელის შეცვლის პრეროგატივა მეორე ადგილზე გასულ პარტიას, მაშასადამე, „სოციალ-დემოკრატებს“ ექნება, მესამეადგილოსანი კი — Renew Europe ან ECR – საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის პოსტისთვის იბრძოლებს.
27 ქვეყნიდან თითოეულს ეყოლება ერთი კომისარი. უნგრეთს სურს, შეინარჩუნოს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის პორტფელი, თუმცა, Politico-ს ცნობით, ვიქტორ ორბანის უკრაინის საკითხზე მუდმივი ობსტრუქციით თავმობეზრებული ევროკავშირის ლიდერების სურვილია, ბუდაპეშტს უფრო სუსტი კომისრის პორტფელი ჩააბარონ. ამავდროულად, ივლისიდან დეკემბრამდე, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა, როტაციის წესით, უნგრეთს ერგება.