საზოგადოება

სად მიდიან ქალები, რომლებიც მოძალადისგან გარბიან

23 ოქტომბერი, 2015 •
სად მიდიან ქალები, რომლებიც მოძალადისგან გარბიან

“რამდენიმე დღის წინ ქალი დაგვიკავშირდა, რომელიც შველას გვთხოვდა. გვითხრა, რომ მაშინვე წამოვიდოდა მოძალადე ქმრის სახლიდან, თუკი სადმე გადავიყვანდით”, – ამბობს ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წარმომადგენელი ბაია პატარაია.

 

პატარაიას თქმით, ასეთი თავშესაფარი, სადაც ქალს პირველადი დახმარებას აღმოუჩენდნენ, ვერ იპოვეს. ქალი კი ამ დრომდე მოძალადესთან რჩება.

 

საქართველოში დღეს მხოლოდ ორ არასამთავრობო ორგანიზაციას, “ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელსა” და ქალთა საკონსულტაციო ცენტრ “სახლს” აქვს მსგავსი ტიპის შემთხვევებისთვის გათვალისწინებული კრიზისული ცენტრი. ამასთან, მეორე ორგანიზაცია მხოლოდ ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლ დევნილ ქალებს ეხმარება.

 

“ამჟამად 5 ქალი და 5 მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს ჩვენს კრიზისულ ცენტრში. ფიზიკურად მეტი ადგილი არ გაგვაჩნია”, – ამბობს რუსუდან ბაინდურაშვილი, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წარმომადგენელი.

 

მისი განმარტებით, ქალების რიცხვი, რომელთაც ამგვარი პირველადი დახმარება ესაჭიროებათ, მზარდია.

 

ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წარმომადგენელმა ბაია პატარაიამ და კიდევ რამდენიმე ქალმა 21 ოქტომბერს ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია მოაწყვეს და სამინისტროსგან ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთათვის კრიზისული ცენტრის გახსნა მოითხოვეს.


აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან კრიზისული ცენტრის გახსნის მოთხოვნით
აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან კრიზისული ცენტრის გახსნის მოთხოვნით

 

“მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრომ ახლახან დააანონსა ამ საკითხზე მუშაობა, უნდა დავინახოთ კონკრეტული ნაბიჯები, მხოლოდ განცხადებების არ გვჯერა, – დღესვე უნდა მიხედოს სახელმწიფომ ამ თემას. არასამთავრობოთა კრიზისული ცენტრები არ კმარა. პირველ ეტაპზე 5-კაციანი ასეთი ცენტრიც რომ გახსნას სამინისტრომ, ვფიქრობ, საკმარისი იქნება, ვინაიდან ამ ცენტრიდან უკვე არსებულ, თავისსავე დაქვემდებარებაში არსებულ თავშესაფარში გადაიყვანს უკვე სტატუსმინიჭებულ ძალადობის მსხვერპლს ”, – ამბობს პატარაია.

 

ამჟამად ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშ, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამი სახელმწიფო თავშესაფარი არსებობს და მეოთხე, კახეთის რეგიონში ახლა შენდება. თუმცა მანამდე, სანამ მსხვერპლს თავშესაფარში გადაიყვანს სახელმწიფო, ძალადობის მსხვერპლის სტატუსი უნდა მიანიჭონ, რაც მყისიერად ვერ მოხდება. შესაბამისად, სტატუსის მინიჭებამდე ქალი ქუჩაში, მეგობართან, ნათესავთან ან მოძალადესთან უნდა დარჩეს. 

 

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთათვის კრიზისული ცენტრის შექმნაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ამჟამად განიხილავენ, სად აშენდება ის, რამდენ ადამიანზე იქნება გათვლილი, რა ადამიანური და ფინანსური რესურსით იფუნქციონირებს.

 

“მესმის, ისეთი თემაა, ყველას ეჩქარება. დღეს მომართვიანობა და ასეთი ცენტრების საჭიროება იზრდება, ვინაიდან ქალები ნელ-ნელა გამოდიან ოჯახებიდან და ხმას იმაღლებენ ძალადობაზე. ეს კარგია. ძალადობა მუდამ არსებობდა, მაგრამ ახლა ქალებმა იპოვეს საკუთარ თავში ძალა, რომ წამოსულიყვნენ მოძალადეებისგან, პოლიციაც უფრო კარგად რეაგირებს, ვიდრე აქამდე”, – ამბობს ნუცა ოდიშარია, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი.

 

ის, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო თავშესაფრებში ადამიანთა რაოდენობა იზრდება, ოფიციალური რიცხვებიც მოწმობს.


 

 

“ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის” ინფორმაციით, 2010-დან 2014 წლამდე იმ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობა, რომელმაც სახელმწიფო თავშესაფრით ისარგებლა, თითქმის, სამჯერ გაიზარდა. ერთი ბენფიციარის [ზოგ შემთხვევაში, მსხვერპლი თავშესაფარში შვილთან ან შვილებთან ერთად იმყოფება] მომსახურება სახელმწიფოს, ყველა ხარჯის გათვალისწინებით, დღეში დაახლოებით 10 ლარი უჯდება.

 

სახელმწიფოს განსახილველი კიდევ ერთი, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული საკითხი “მოძალადეებისთვის რეაბილიტაციის ცენტრის” გახსნაა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში დარწმუნებული არ არიან, რომ მსგავსი ტიპის ცენტრი საქართველოში აუცილებლად იმუშავებს.

 

“ბოლომდე არ ვართ ჩამოყალიბებეული, საით უნდა წავიდეთ, ვინაიდან სხვადასხვა ქვყენის გამოცდილება სხვადასხვა შედეგს გვაჩვენებს. მაგალითად, აშშ-ის მოძალადეთა რეაბილიტაციის შემდეგ ძალადობის რეციდივი 10-დან 8-ს აქვს. იქ არ გაამართლა. ცოტა სხვანაირი სურათია ესპანეთში. რამდენად წარმატებული იქნება საქართველოში, არ ვიცი. ამიტომაც უწყებათა საბჭოზე ვგეგმავთ ამ საკითხის განხილვას”, – ამბობს სამინისტროს წარმომადგენელი, ნუცი ოდიშარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი