პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსული კანონის წინააღმდეგ პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
პროცედურის თანახმად, ახლა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებენ პლენარულ სხდომაზე და თუ მმართველი პარტია იქაც დაძლევს ვეტოს და კვლავ დაუჭერს მხარს თავის კანონპროექტს, რუსული კანონი ძალაში შევა.
კომიტეტის სხდომა 09.00 საათზე დაიწყო. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ საკომიტეტო სხდომაზე პრეზიდენტის შენიშვნები წარადგინა. მან ამ კანონს “ყველაზე მძიმე” კანონი უწოდა. პრეზიდენტის წარმომადგენელი კანონის მუხლობრივ განხილვაში არ შევიდა და განაცხადა, რომ ის მთლიანადაა გასაუქმებელი, როგორც ამას ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ითვალისწინებს. მის ამ გადაწყვეტილებას მმართველი გუნდის უკმაყოფილება მოჰყვა, რომელიც უკვე სამი მოსმენით მიღებული კანონის მუხლობრივ განხილვას ითხოვდა.
ვეტოს საკითხი სესიაზე უკვე 28 მაისს გავა.
საქართველოს პრეზიდენტმა გამოაქვეყნა მოტივირებული შენიშვნები საქართველოს პარლამენტის მიერ 2024 წლის 14 მაისს მიღებულ რუსულ კანონზე.
პრეზიდენტის დასაბუთებაში ნათქვამია, რომ კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და ფაქტობრივად იგივეა, რაც 2023 წელს უკან გაწვეული ე.წ. აგენტების კანონი.
წაიკითხეთ მეტი: რა წერია პრეზიდენტის ვეტოში
საქართველოს მოქალაქეების პროტესტის და დასავლელი პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, “ქართული ოცნება” გეგმავს დაძლიოს ვეტო “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონზე, რომლის შემდეგაც ის ძალაში შევა.