საზოგადოება

ცხოველთა დამცველების საპროტესტო აქცია

4 ოქტომბერი, 2010 • 1952
ცხოველთა დამცველების საპროტესტო აქცია

დღეს ,,საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოებამ“  (GSPSA), ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მერიის წინ საპროტრესტო აქცია გამართა. ცხოველთა დაცვის საერთშორისო დღე საქართველოში წელს მეორედ აღინიშნა. აქციას 20-მდე მოქალაქე ესწრებოდა ტრანსპარანტებით.  

GSPSA-ს თავმჯდომარემ და აქციის ორგანიზატორმა თეიმურაზ წიქორიძემ ქალაქ თბილისის მერიას ოფიციალური წერილით მიმართა, რომელშიც თბილისის მერიას მოუწოდებენ, რომ შეწყვიტონ ცხოველთა მიმართ სისასტიკე და პერმანენტულად განადგურება.

საპროტესტო წერილის მიხედვით, მერიის კონტრაქტორი კომერციული ფირმა ,,დებიუტი“, რომელიც ცხოველთა ვეტერინარულ მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებულია,  2007 წლიდან დღემდე მიუსაფარ ცხოველებს სასტიკი მეთოდებით უსწორდებიან და დღემდე 50 ათას ძაღლზე მეტი გაანადგურეს.

როგორც მერიაში განმარტავენ, შპს ,,დებიუტმა“ ტენდერში შარშან  2 წლის ვადით გაიმარჯვა და მერიამ მათ, ამ საქმიანობის განსახორციელებლად, ბიუჯეტიდან მილიონ ასი ათასი ლარი გამოუყო.

თეიმურაზ წიქორიძის თქმით, ცხოველთა პოპულაციის კონტროლის საბაბით, თბილისში უპატრონო ცხოველთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტვა ხორციელდება, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს. მისი განმარტებით,  პოპულაციის კონტროლისათვის მსოფლიოში აღიარებული პრაქტიკაა ცხოველთა სტერილიზაცია. სტერილიზაციის შედეგად შობადობა მცირდება და ცხოველთა რიცხვი თვისთავად რეგულირდება. მათი მოკვლის შემთხვევაში კი, აუცილებელია, რომ ცხოველებს  დამაძინებელი ინექცია გაუკეთდეთ. წიქორიძის თქმით, საქართველოში დამაძინებელ ინექციაზე თანხა იზოგება და ცხოველებს სასტიკი მეთოდებით კლავენ. 

როგორც  GSPSA -ს მერიისადმი მიმართვაშია აღნიშნული, საქართველო არ არის მიერთებული ცხოველთა უფლებების უზრუნველმყოფ საერთაშორისო კონვენციებსა და აქტებს. ქვეყნის შიგნით არ არის დარეგულირებული ცხოველთა დაცვისა და სასტიკი მოპყრობის  აღმოფხვრის საკითხები, გარდა სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლისა. თუმცა, როგორც თეიმურაზ წიქორიძე ამბობს, ეს არის ,,მკვდარი“ მუხლი, რადგანაც მისი გამოყენება არასოდეს დაფიქსირებულა, მიუხედავად ცხოველთა მიმართ მასობრივი სისასტიკისა.

აქციის მონაწილეებმა თბილისის მუნიციპალიტეტის არასწორი პროგრამების და მისი კონტრაქტორი ფირმის მიმართ პროტესტი გამოთქვეს და  ამ მიმართულებით საერთაშორისო კანონებისა და ჰუმანური მეთოდების გამოყენებისკენ მოუწოდეს.

თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით,  მერიას ოფიციალური პასუხი ამ მიმართვაზე რამდენიმე დღეში ექნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი