ექსპერტთა საბჭომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ევროპის საბჭოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციის ორგანოა, გამოაქვეყნა მოსაზრება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის შესახებ.
25-გვერდიან დოკუმენტში, რომელიც სათითაოდ განიხილავს სხვადასხვა საკანონმდებლო დებულებებს და მათ გავლენას განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, ნათქვამია, რომ ეს კანონმდებლობა აუცილებლად გამოიწვევს სუბიექტების სტიგმატიზაციას იმის მტკიცებით, რომ ისინი ახორციელებენ უცხო სახელმწიფოს ინტერესებს მხოლოდ მათი ზოგიერთი შემოსავლის წყაროს გამო.
„რომ შევაჯამოთ: ამ კანონს არ აქვს არანაირი გამართლება, რომელიც შეესაბამება ევროპულ
და საერთაშორისო სტანდარტებს“, — ვკითხულობთ დოკუმენტში.
ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ არსებობს კანონის გარკვეული ასპექტები, რომლებიც გაურკვეველია, მათ შორის, სესხები განიხილება თუ არა როგორც შემოსავალი.
ექსპერტთა დასკვნის თანახმად: მაშინაც კი, თუ დავუშვებთ, რომ საჭირო იყო გამჭვირვალობა ორგანიზაციებში, კანონი არ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნას, რომ შეზღუდვები, რომლებიც გავლენას ახდენს გაერთიანების თავისუფლებაზე, აუცილებელი იყოს დემოკრატიული საზოგადოებისთვის.
„კანონი აწესებს რეგისტრაციისა და ფინანსური დეკლარაციის მოთხოვნებს, როდესაც შემოსავლის წყაროების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა შეიძლება მიღწეულ იქნას უბრალოდ მოთხოვნის მეშვეობით, რომ დეტალები გამოქვეყნდეს დაინტერესებული პირების ვებსაიტზე, რაც უკვე არსებობს მრავალი სუბიექტის შემთხვევაში. ბევრი დებულება აწესებს მოთხოვნებს პერსონალური მონაცემების გამჟღავნების შესახებ, რასაც არ გააჩნია კავშირი [ფინანსური] წყაროების გამჭვირვალობასთან“, — ნათქვამია დასკვნაში.
ექსპერტები გადაჭარბებულად მიიჩნევენ მარეგულირებელი ღონისძიებების ფარგლებში დაწესებულ ჯარიმებსაც.
„კანონის მოთხოვნათა არაპროპორციული ხასიათი აუცილებლად გამორიცხავს ისინი დასაშვები არ არიან ნებისმიერი ლეგიტიმური მიზნისთვის. თუმცა, კანონის მიზნის ლეგიტიმურობა თავისთავად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რადგან არაფერია მის დებულებებში, რაც მხარს დაუჭერენ მოსაზრებას, რომ მიზანშეწონილია სუბიექტების გარკვეული დარეგულირება მხოლოდ მათი შემოსავლის წყაროდან გამომდინარე, მათი საქმიანობის ბუნების მიუხედავად“, — ნათქვამია დასკვნაში.
საქართველოს პარლამენტმა, 84 ხმით, 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო. თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისთვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.
„ქართულმა ოცნებამ“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსულ კანონში ისეთი ცვლილება უკვე შეიტანა, რომელიც კანონს მონიტორინგის ნაწილში ფიზიკურ პირებსაც შეახებს. ამის შესახებ ჩანაწერი მესამე მოსმენით დამტკიცებულ ვერსიაში გაჩნდა.