საზოგადოება

POLITICO: აშშ-ში „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებაზე კანონის პროექტი მზადაა

20 მაისი, 2024 •
POLITICO: აშშ-ში „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებაზე კანონის პროექტი მზადაა

POLITICO-ს ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესს წარედგინება კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის აქტივების გაყინვასა და სავიზო აკრძალვებს ითვალისწინებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ კანონს.

გამოცემა წერს, რომ კანონის პროექტის ტექსტი, რომელსაც ისინი გაეცნენ, აფრთხილებს მმართველ პარტიას და აღნიშნავს, რომ „თბილისი ღიად ესხმის თავს აშშ-ს და სხვა დასავლური დემოკრატიისკენ მიმართულ ორგანიზაციებს ისევე როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, პარალელურად კი აძლიერებს კავშირებს რუსეთსა და ჩინეთთან“.

POLITICO წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კანონპროექტს კონგრესს სამხრეთ კაროლინელი კონგრესმენი რესპუბლიკური პარტიიდან ,ჯო უილსონი ორშაბათს წარუდგენს:

„დემოკრატიისა და უსაფრთხოების დაცვისკენ გადასადგმელი ნაბიჯების ფარგლებში კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და იმ პირების მიმართ, რომლებიც ატარებენ არსებით პასუხისმგებლობას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა ან საქართველოს უსაფრთხოების დარღვევაში. ის მოიცავს სავიზო სანქციებს პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრების წევრების მიმართ, რომლებიც არიან პასუხისმგებელი რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონის მიღებაში,“ — წერს გამოცემა.

POLITICO წერს, რომ შეზღუდვები ასევე მიემართება საქართველოს მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების სამსახურებს, რომლებსაც წვლილი მიუძღვით საპროტესტო აქციების დარბევაში ისევე როგორც რუსეთისა და ჩინეთის შესაძლო აგენტებს ქვეყანაში.


18 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო. მისი თქმით, რუსული კანონი არ ექვემდებარება რაიმე სახის ცვლილებასა და გაუმჯობესებას.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ღიად განაცხადა, რომ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში ისინი დაუწესებენ სანქციებს კანონის მხარდამჭერ პირებსა და მათ ოჯახებს, ასევე იმ პირებს, რომლებიც ძალადობენ კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებზე.

დასავლელი პარტნიორების განცხადებით, ამ კანონის მიღება საბოლოოდ დახურავს ევროპული მომავლის კარს საქართველოსთვის, რადგან „მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპაში არ არის“.

უკვე რამდენიმე კვირაა, რუსული კანონის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქციები იმართება. მსგავსი კანონი რუსეთის ხელისუფლების ხელში იქცა რეპრესიულ იარაღად, რის შედეგადაც ამჟამად რუსეთიდან გამქრალია დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო ორგანიზაციები, გარდა ამისა, ის გამოიყენება ფიზიკური პირების შესაზღუდად და მათზე ზეწოლისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი