საზოგადოება

პაპუაშვილის თქმით, რუსულ კანონზე ვეტოს შემდეგ სასესიო კვირაში დაძლევენ

20 მაისი, 2024 •
პაპუაშვილის თქმით, რუსულ კანონზე ვეტოს შემდეგ სასესიო კვირაში დაძლევენ

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსულ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს პარლამენტი შემდეგ სასესიო კვირაში დაძლევს.

ამის შესახებ მან დღეს, 20 მაისს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტის ვეტო, რომელშიც წერია, რომ რუსულმა კანონმა მხოლოდ 1 დღე უნდა იმოქმედოს, საზოგადოების „დაცინვაა“.

„დღეს  ბიუროს მეშვეობით [ვეტო] გადაეცემა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, რომელიც განიხილავს და შემდეგ სასესიო  კვირაში [დაიძლევა] თავისთავად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


18 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო. მისი თქმით, რუსული კანონი არ ექვემდებარება რაიმე სახის ცვლილებასა და გაუმჯობესებას.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ღიად განაცხადა, რომ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში ისინი დაუწესებენ საქნციებს კანონის მხარდამჭერ პირებსა და მათ ოჯახებს, ასევე იმ პირებს, რომლებიც ძალადობენ კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებზე.

დასავლელი პარტნიორების განცხადებით, ამ კანონის მიღება საბოლოოდ დახურავს ევროპული მომავლის კარს საქართველოსთვის, რადგან „მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპაში არ არის“.

უკვე რამდენიმე კვირაა, რუსული კანონის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქციები იმართება. მსგავსი კანონი რუსეთის ხელისუფლების ხელში იქცა რეპრესიულ იარაღად, რის შედეგადაც ამჟამად რუსეთიდან გამქრალია დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო ორგანიზაციები, გარდა ამისა, ის გამოიყენება ფიზიკური პირების შესაზღუდად და მათზე ზეწოლისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი