საზოგადოება

გვანცა ივანიშვილი აშშ-ში ცხოვრობს და არტ თერაპევტად მუშაობს

18 მაისი, 2024 •
გვანცა ივანიშვილი აშშ-ში ცხოვრობს და არტ თერაპევტად მუშაობს

ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ოთხი შვილიდან ერთ-ერთი, გვანცა (ვივიან) ივანიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობს და ცხოვრობს. ის ასევე მუშაობს კლინიკური არტ თერაპიის სტაჟიორად ამერიკულ კომპანია MOSAIC-ში, როგორც მაგისტრატურის მესამე დონის სტუდენტი.

ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად ტვ „პირველის“ ეთერში ნოდარ მელაძის შაბათმა გაავრცელა. ტელეარხისვე ცნობით, ივანიშვილის შვილი წლების წინ აშშ-ის მოქალაქეობის მიღებას ცდილობდა საინვესტიციო გზით — გარკვეული ინვესტიციის სანაცვლოდ ამერიკული კანონმდებლობა მოქალაქეობის მიღების საშუალებას იძლევა. თუმცა, როგორც ტვ „პირველი“ იტყობინება, მათთვის უცნობია, საბოლოოდ, მოახერხა თუ არა გვანცა ივანიშვილმა ამერიკის მოქალაქეობის მიღება.

როგორც დამსაქმებელი კომპანიან MOSAIC-ის ვებსაიტიდან ირკვევა, გვანცა ივანიშვილს აშშ-ში ვივიენის სახელით იცნობენ. ის ჯერ კიდევ სტუდენტობისას, 2016 წელს, როცა Duke University-ის სტუდენტი იყო, სტატიას აქვეყნებდა სახელით „გვანცა (ვივიან) ივანიშვილი“. ამავე უნივერსიტეტის ვებსაიტზე გვანცა ივანიშვილის არაერთი აკადემიური აქტივობის შესახებ იძებნება ინფორმაცია.

გვანცა (ვივიან) ივანიშვილი ამჟამად MOSAIC-ის კლიენტებს სთავაზობს როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური თერაპიის კურსებს.

გვანცა (ვივიან) ივანიშვილის თერაპია განკუთვნილია მათთვის, ვისაც აწუხებს შფოთვითი აშლილობა, დეპრესია, აქვს ადამიანური დანაკარგი და გლოვობს, ასევე, ვინც გადის მნიშვნელოვან ტრანზიციას თავის ცხოვრებაში.

ირკვევა, რომ ივანიშვილის შვილი ჩიკაგოს არტ ინსტიტუტის სკოლის სტუდენტია (School of The Art Institute of Chicago). სასწავლებლის ვებსაიტზე აღნიშნულია, რომ ის შთაგონებულია ხელოვნების შესაძლებლობებით თერაპიის პროცესში. თავად გვანცა (ვივიენ) ივანიშვილი თერაპიის მიზნით ქმნის ფეხსაცმელებს. აი რას წერს ის თავის გამოცდილებაზე:

„ყოველთვის მოხიბლული ვიყავი ფეხსაცმლის, თვითგამოხატვის და ფემინურობის გარშემო არსებული კულტურული ასოციაციების ურთიერთობით. მახსოვს, ბავშვობაში როგორ შევიპარე დედაჩემის გარდერობის ოთახში, რათა შემემოწმებინა მისი საგულდაგულოდ შექმნილი ქუსლიანი ფეხსაცმლების კოლექცია, ფრთხილად გადავატარე თითები ლამაზ ქსოვილებზე, ზამშსა და ტყავებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრულობაში ყოველდღიურად ფეხსაცმლის არჩევას, როგორც წესი, შეიძლება ნაკლები აღტაცება და აღქმული მნიშვნელობა ახლდეს, ჩვენი სამოსის არჩევანი ხშირად მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენს დამოკიდებულებასთან საზოგადოებრივი მოლოდინების მიმართ.

როგორ ბავშვი, მე გავიზარდე მყარი მიდგომით, რომ პატივისცემისა და პროფესიული წარმატებისკენ სწრაფვა მოითხოვდა საკუთარი თავის წარმოჩენის სტერეოტიპულად ქალური, მხიარული და სასაცილო გზების უარყოფას.

ამასთან, მე ვიღებდი ურთიერთგამომრიცხავ გზავნილს, რომ „ტრადიციულად ქალურისგან“ გადახვევა ასახავდა ღრმა პიროვნულ წარუმატებლობასა და ოჯახური ღირებულებების ღალატს. ჩემი გამოცდილება შორს არის უნიკალურისგან,“ — ასე აღწერს საკუთარ გამოცდილებას მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის შვილი, რომელიც ამჟამად მშობლებისგან შორს, აშშ-ში ცხოვრობს.

ის ასევე აკრიტიკებს თანამედროვე მოდის ინდუსტრიას, რომელიც ქალებს მიუწვდომელი იდეალებით ასაზრდოებს და რომელიც აძლიერებს მისი, როგორც ქალის დაუცველობის გრძნობას. გვანცა (ვივაენ) ივანიშვილი საუბრობს იმის შესახებაც, როგორ პოვა სიმშვიდე ფეხსაცმელების შექმნით, არტ თერაპიით.

გვანცა (ვივიენ) ივანიშვილის შექმნილი ფეხსაცმელები


მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის აპრილ-მაისში „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით სამოქალაქო სექტორისა და მედიის შემზღუდავი რუსული კანონი სამი მოსმენით მიიღო, აშშ-დან გაისმა მკაფიო გზავნილი, რომლის მიხედვითაც, კანონის საბოლოოდ მიღებით შემთხვევაში, სანქციები დაუწესდებათ კანონის მიღებასა და აქტივისტებზე ძალადობაში მონაწილე პირებსა და მათ ოჯახებს.

რუსულ კანონს პრეზიდენტმა ვეტო 18 მაისს დაადო და შესაბამისად, ახლა „ოცნების“ გადასაწყვეტია, დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს თუ უარს იტყვის მის ამოქმედებაზე.

„ქართული ოცნების“ ლიდერის ოთხი შვილიდან სამი საზღვარგარეთ ცხოვრობს — ბერა ივანიშვილი ოჯახთან ერთად ბრაზილიაშია, გვანცა — აშშ-ში, უფროსი შვილი უტა – საფრანგეთში. რაც შეეხება უმცროს შვილს, ცოტნეს, ის არის ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი შვილი, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში საჯაროდ გამოჩნდა — 29 აპრილს თბილისში გამართულ ანტიდასავლურ აქციაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი