საზოგადოება

„სტრატეგიული ობიექტის ჩაგდება და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება“ — აქტივისტებს გამოკითხვაზე იბარებენ

18 მაისი, 2024 •
„სტრატეგიული ობიექტის ჩაგდება და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება“ — აქტივისტებს გამოკითხვაზე იბარებენ

დღეს დილიდან ანტირუსული აქციების მონაწილე არაერთი აქტივისტი და უფლებადამცველი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათ გამოსაკითხად შინაგან საქმეთა სამინისტროში იბარებენ.

„ახლახან დამირეკეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიდან და დამიბარეს სისხლის სამართლის საქმეზე, 222-ე 225-ე 226-ე მუხლებით,“ — წერს ნინო დათაშვილი ფეისბუკზე. ის ანტირუსული აქციების აქტიური მონაწილეა.

იგივე შინაარსის პოსტს აქვეყნებს იურისტი, აქციების აქტიური მონაწილე ლინა ღვინიანიძეც:

„დღეს მეც დამიბარა გამოკითხვაზე შსს-მ, გამოძიება მიდის სისხლის სამართლის წესით 222, 225 და 226 მუხლებითო (რამდენადაც მახსოვს). რა თქმა უნდა, სასამართლოში მოვითხოვე გამოკითხვა და არ ვაპირებ შსს-ში მისვლას. როგორც განმიმარტეს, მოწმის სტატუსით მიბარებენ.

მეგობრებო სწორედ ეს ფორმა აქვს რეპრესიას, ტერორს და შიშის დანერგვის სურვილს, რასაც ერთი წამითაც არ უნდა დავყვეთ. ეს ქვეყანა ნამდვილად ჩვენია — ამ ქვეყნის პატიოსანი მოქალაქეების და სხვანაირად არ იქნება. გავაგრძელოთ გამოხატვის და შეკრების უფლებით სარგებლობა, ვიდრე არ გააუქმებიათ.“

ნეტგაზეთი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინსიტროს. მათგან ველოდებით ინფორმაციას, რა საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები, რაზეც აქტვისტები მიუთითებენ, გულისხმობს შემდეგი სახის დანაშაულს:

  • მუხლი 222. ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება;
  • მუხლი 225. ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა;
  • მუხლი 226. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა.

აღნიშნული მუხლები, ზოგ შემთხვევაში ითვალისწინებს, მათ შორის, ექვს წლამდე პატიმრობასაც, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, კონკრეტულად რომელ ეპიზოდზე მიმდინარეობს გამოძიება, ან არიან თუ არა საქმეში ბრალდებულები.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი გურამ იმნაძე მოქალაქეებს აძლევს რჩევას, თუ რა უნდა მოიმოქმედონ, თუ გამოკითხვაზე დაიბარეს.

„პირველ რიგში, ეცადეთ, რომ როდესაც დაგიკავშირდებიან ტელეფონზე, მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მოიკითხოთ გამომძიებლისგან — რა საქმეზე ხდება დაბარება, რომელი მუხლით მიმდინარე გამოძიებაზე, რა თარიღში ჩადენილ დანაშაულზე და ა.შ… (სავარაუდოდ, ყველა ამ კითხვაზე პასუხებს ვერ მიიღებთ, მაგრამ რაც მეტად იქნებით ინფორმირებული, უკეთესი).

გვახსოვდეს, რომ ყველას გვაქვს უფლება გამოკითხვაზე არ გამოვცხადდეთ (საგამოძიებო უწყებაში მისვლა ნებაყოფლობითია). უარის შემდეგ, სამართალდამცავებს შეუძლიათ, სასამართლოს მიმართონ თქვენი დაკითხვის თაობაზე და თუკი სასამართლო დაგიბარებთ, იქ გამოცახდება უკვე სავალდებულოა.

გამოკითხვის/დაკითხვის პროცედურა, როგორც წესი, არაა განსაკუთრებულად სტრესული და შესაბამისად, ამ ზარმაც თუ მოწვევამაც არ დაგზაფროთ. სჯობს, ჩვენების მიცემის დროს მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოთ და მხოლოდ ის თქვათ, რაც ზუსტად და მკაფიოდ გახსოვთ, რომ დაინახეთ/მოისმინეთ. ასევე, თუკი იცით, კონკრეტულად რა ამბავზე გიბარებენ, სჯობს მანამდე კარგად აღიდგინოთ ამ მოვლენებზე მახსოვრობა და კონკრეტულ ეპიზოდებში თქვენ სად იყავით.

ყველაზე ოპტიმალური მაინც ის არის, რომ დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად გამოცხადდეთ (თუ არადა, წინასწარ მაინც გქონდეთ მასთან კონსულტაცია გავლილი),“ — ამბობს გურამ იმნაძე.

მისივე აზრით, გამოითხვაზე დაბარებებიც იმ ხაზის გაგრძელებაა, „ჩვენ, ჩვენს ახლობლებს, ოჯახის წევრებს უცხო ნომრებიდან რომ ურეკავდნენ იმის გამო, რომ აქციებზე ვიდექით. ამისი ერთადერთი მიზანი ისევ ჩვენი დაშინება და დაზაფვრაა იმიტომ, რომ სატელეფონო მუქარებმა და ფიზიკურმა ძალადობამ, როგორც ჩანს, არ იმუშავა.

საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე:

სამართლებრივი დახმარების ცხელი ხაზის ნომერი — 577 07 05 63;
სახალხო დამცველის ცხელი ხაზის ნომერი — 1481;

მასალების გადაბეჭდვის წესი