საზოგადოება

რა პოზიცია აქვს ილია მეორეს ევროინტეგრაციაზე? — განცხადებები წლების მიხედვით

18 მაისი, 2024 •
რა პოზიცია აქვს ილია მეორეს ევროინტეგრაციაზე? — განცხადებები წლების მიხედვით

რუსული კანონის განხილვის პარალელურად არაერთი მართლმადიდებელი სასულიერო პირი აფიქსირებს თავის პოზიციას, ნაწილი მხარდაჭერას უცხადებს ხელისუფლებასა და ანტიდასავლურ კურსს, ხოლო ნაწილი – საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.

საქართველოს საპატრიარქო და კონკრეტულად პატრიარქი ილია მეორე რუსულ კანონთან დაკავშირებით ნეიტრალურ პოზიციას აფიქსირებს, რაც გამოიხატა მის სააღდგომო ეპისტოლეში, ასევე მოსაყდრე შიოს საჩვიდმეტმაისო სიტყვაში, ქაშვეთთან.

თუმცა ილია მეორეს წინა წლებში არაერთგზის აქვს დაფიქსირებული, რომ საქართველოს მომავალს სწორედ ევროპის კავშირში ხედავს

„ნეტგაზეთი“ გთავაზობთ ილია მეორის სხვადასხვა დროს გაკეთებულ განცხადებებს ამ საკითხზე.

2014 წლის 7 იანვარი

2014 წლის იანვარში ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში გამოეხმაურა, იმ პერიოდში გააქტიურებულ ევროინტეგრაციის პროცესს.:

“საქართველო თავისი განვითარებით, კულტურით ქრისტიანული ევროპის ნაწილია და ამიტომაც, მისკენ ლტოლვა ჩვენს ხალხში ნამდვილად არის. მაგრამ, ამ და ზემოთ აღნიშნულ ფუნდამენტურ საკითხებთან მიმართებაში, ევროგაერთიანებამ, ევროპარლამენტმა უნდა გაითვალისწინონ ცალკეული ქვეყნების ტრადიცია და აზროვნების წესი და მისცენ მათ საშუალება თავისუფალი არჩევანისა, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ გულწრფელად მოინდომოს თანამედროვე ევროპულ კულტურასთან დაკავშირება. საქართველოს ეკლესია მიესალმება ევროკავშირის პოზიციას იმის შესახებ, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება არ წარმოადგენს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად ჩვენი ქვეყნის გახდომის წინაპირობას, რაც ევროკავშირის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, ბატონ ფილიპ დიმიტროვის 2013 წლის დეკემბრის თვის განცხადებაში დაფიქსირდა”.

4 მარტი 2014

2014 წლის მარტში, როდესაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადიოდა და ფორმდებოდა ასოცირების შეთანხმება, ასევე უვიზო მიმოსვლის შეთანხმება სრულდებოდა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II შეხვდა ევროკომისარს გაფართოების და სამეზობლო საკითხებში, შტეფან ფულეს.

შეხვედრის შემდეგ ილია მეორემ განაცხადა, რომ საქართველოს ეკლესია ევროინტეგრაციის პროცესს არ აბრკოლებს და ეკლესია ყველაფერს გააკეთებს ამ იდეის განხორციელებისთვის:

„ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმით, რომ საქართველო, რომელმაც გამოიარა მძიმე კომუნისტური რეჟიმი, მიემართება ევროპულ სტრუქტურებში. ევროპის სტუქტურები არის ის ორგანიზაცია, რომელსაც კარგად იცნობენ საქართველოში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს სრულფასოვანი წევრი ამ დიდი ორგანიზაციის.

მინდა ვთქვა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს საქართველოს ეკლესია აბრკოლებს ამ [ევროინტეგრაციის] პროცესს. მინდა დაგარწმუნოთ თქვენ, რომ საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს იდეა [ევროინტეგრაცია] განხორციელდეს…მე მინდა გითხრათ, რომ ამაში დარწმუნება არ მჭირდება. მე დიდი ხანია ამაში დარწმუნებული ვარ“ — აცხადებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქი.

4 მაისი 2015

2015 წლი მაისში ილია II ავსტრიის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პატრიარქმა განაცხადა, რომ საქართველოს იზიდავს სწორედ ის ფასეულობები, რომელიც გააჩნია ევროპას:

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის საიუბილეო დღეები და კვირეული. ძველი რომაელები ამბობდნენ: დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად. და დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ევროპის დემოკრატიულ საწყისებს. ჩვენ გვინდა, ვაღიაროთ, რომ საქართველოს იზიდავს სწორედ ის ფასეულებანი, რომლებიც გააჩნია ევროპას.

როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ევროპის წარმატებაზე, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ თავის დროზე ევროპამ წარმოშვა ორი მსოფლიო ომი. ამიტომ დემოკრატიული სტრუქტურები ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. კიდევ ერთხელ გულითადად მოგესალმებით და გისურვებთ წარმატებას. მშვიდობა სუფევდეს ევროპაში და მთელ მსოფლიოში“ — აღნიშნა ილია II-მ.

19 მაისი 2015

იმავე წლის 19 მაისს კი პატრიარქმა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ საქართველოს ნება გახდეს ევროპის დემოკრატიული სტრუქტურების ნაწილი მტკიცეა და ქართველი ხალხი აუცილებლად მიაღწევს ამას:

საქართველოს არჩეული აქვს ევროპის გზა. საქართველოს სურს, რომ გახდეს ევროპის დემოკრატიული სტრუქტურების ნაწილი, წევრი. ეს ჩვენი არჩევანი ძალიან მტკიცეა და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამას,“ — თქვა ილია II-მ.

20 დეკემბერი 2015

2015 წლის დეკემბერში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე საქართველოში ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. შეხვედრის მონაწილე მხარეებმა ისაუბრეს ევროკომისიის დასკვნაზე, რომელმაც საქართველოს შენგენის ზონის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლისაკენ უხსნის გზას.

ილია II-მ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ იმედია ევროპა არა მარტო ბევრ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას, არამედ დაიცავს ჩვენს კულტურას:

“მოგიწვიეთ იმისთვის, რომ ვიზეიმოთ ის მოვლენა, რაც გუშინ მოხდა. ევროკომისიამ მიიღო დადგენილება, რომლითაც საქართველომ გადადგა დიდი ნაბიჯი ევროპისკენ. ეს არის დიდი მიღწევა, დიდი ზეიმი მთელი ქართველი ხალხისთვის და მათ შორის, საქართველოს ეკლესიისთვის. დიდი ხანია საქართველოს ჰქონდა და აქვს სურვილი, იყოს ევროპის სტრუქტურების წევრი და ამაში მიღწეულია დიდი შედეგები… მინდა ვთქვა, რომ გაწევრიანება და უფრო მჭიდრო კავშირი დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს.

ვფიქრობთ არა მხოლოდ იმაზე, რას მოგვიტანს ევროპა, არამედ რას შევიტანთ ევროპაში. უნდა ითქვას, რომ საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა. მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობა უკვე იყო საქართველოს სახელმწიფო რელიგია, მეოთხე საუკუნეში ითარგმნებოდა სახარება, იქმნებოდა ლითონის ნივთები, იწერებოდა წიგნები. ეს ყველაფერი კი უნდა იყოს შენარჩუნებული. დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპა არა მარტო მოგვიტანს ბევრ სიკეთეს, არამედ დაიცავს ჩვენს კულტურას. ამ იმედით ჩვენი ხალხი ზეიმობს. მინდა, განსაკუთრებული მადლობა მოგახსენოთ თქვენ, ვინც დიდი წვლილი შეიტანეთ ამ საქმეში”, – განაცხადა პატრიარქმა.

9 ნოემბერი 2023 

2023 წლის ნოემბერში, ილია II-მ ქართველ ხალხს ერვოკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია მიულოცა.

“გუშინ ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები და რეკომენდაცია გასცა ევროპული საბჭოს წინაშე, რათა ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

წლების განმავლობაში ევროკომისართა და ევროკავშირის სხვა წარმომადგენელთა მხრიდან ყოველთვის ხაზი ესმებოდა იმას, რომ საქართველოს უნიკალური კულტურა ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილია და რომ ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული ტრადიციების, სულიერი ფასეულობებისა და, ზოგადად, მისი უძველესი კულტურის შენარჩუნება და განვითარება თავად ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია.

ამიტომაც, ჩვენ იმთავითვე ვუჭერდით მხარს ევროინტეგრაციას და ვიმედოვნებთ, ჩვენი ქვეყანაც ღირებულ წვლილს შეიტანს ამ დიდი ევროპული ოჯახის შემდგომ წინსვლაში.

ეს გადაწყვეტილება არის ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგი და ყველას ვულოცავთ ამ წარმატებას”, — ნათქვამია ილია მეორის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი