ახალი ამბები

ილია II: იმედია ევროპა არა მარტო ბევრ სიკეთეს მოგვიტანს, არამედ დაიცავს ჩვენს კულტურას

20 დეკემბერი, 2015 • 1728
ილია II: იმედია ევროპა არა მარტო ბევრ სიკეთეს მოგვიტანს, არამედ დაიცავს ჩვენს კულტურას

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე საქართველოში ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. შეხვედრის მონაწილე მხარეებმა ისაუბრეს ევროკომისიის დასკვნაზე, რომელიც საქართველოს შენგენის ზონის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლისაკენ უხსნის გზას.

“მოგიწვიეთ იმისთვის, რომ ვიზეიმოთ ის მოვლენა, რაც გუშინ მოხდა. ევროკომისიამ მიიღო დადგენილება, რომლითაც საქართველომ გადადგა დიდი ნაბიჯი ევროპისკენ. ეს არის დიდი მიღწევა, დიდი ზეიმი მთელი ქართველი ხალხისთვის და მათ შორის, საქართველოს ეკლესიისთვის. დიდი ხანია საქართველოს ჰქონდა და აქვს სურვილი, იყოს ევროპის სტრუქტურების წევრი და ამაში მიღწეულია დიდი შედეგები… მინდა ვთქვა, რომ გაწევრიანება და უფრო მჭიდრო კავშირი დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ვფიქრობთ არა მხოლოდ იმაზე, რას მოგვიტანს ევროპა, არამედ რას შევიტანთ ევროპაში. უნდა ითქვას, რომ საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა. მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობა უკვე იყო საქართველოს სახელმწიფო რელიგია, მეოთხე საუკუნეში ითარგმნებოდა სახარება, იქმნებოდა ლითონის ნივთები, იწერებოდა წიგნები. ეს ყველაფერი კი უნდა იყოს შენარჩუნებული. დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპა არა მარტო მოგვიტანს ბევრ სიკეთეს, არამედ დაიცავს ჩვენს კულტურას. ამ იმედით ჩვენი ხალხი ზეიმობს. მინდა, განსაკუთრებული მადლობა მოგახსენოთ თქვენ, ვინც დიდი წვლილი შეიტანეთ ამ საქმეში”, – განაცხადა პატრიარქმა.

პრემიერ–მინისტრმა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

“კარგად მახსოვს, გასულ წელს, როცა საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, ჩვენ ერთად ვიზეიმეთ ეს ისტორიული თარიღი, 27 ივნისი. მაშინ ქართველმა ხალხმა მოისმინა თქვენი დალოცვა, რაც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. გუშინ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იმსახურებენ ვიზის გარეშე ევროკავშირში მოგზაურობას. ვფიქრობ, ეს არის ჩვენი ქვეყნის აღიარება, ჩვენი მიღწევების დაფასება და აღიარება. მიმაჩნია, რომ ჩვენი ერი ნამდვილადს იმსახურებს იმას, რომ ყოველგვარი ბარიერების გარეშე იმოგზაუროს და ბევრი კარგი საქმე აკეთოს. ვიზიარებ პატრიარქის სულისკვეთებას, რომ ჩვენ ჩვენივე მდიდარი კულტურითა და ფასეულობებით უნდა გავხდეთ ევროსტრუქტურების სრულფასოვანი წევრი. მინდა ვთქვა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ევროკავშირის გარდა, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მიეცეთ საშუალება, ვიზების გარეშე იმოგზაურონ, როგორც მეზობელ, ისე შორეულ ქვეყნებში. ჩვენი მთავრობა ამის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს,”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, იანოშ ჰერმანის თქმით, საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ეტაპია.

„ჩვენ ვიცით იმ წვლილის შესახებ, რომელიც შეიტანა საქართველომ ევროპულ ცივილიზაციაში. ასევე კარგად მოგვეხსენება იმ მნიშვნელოვან როლზე, რაც საქართველოს ეკლესიამ ითამაშა როგორც ამ პროცესში, ისე ქვეყნის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში. თქვენო უწმინდესობავ, ამ ჭრილში მინდა მადლობა მოგახსენოთ ძალისხმევისთვის, მხარდაჭერისთვის, რათა საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ასევე ყოველთვის ვგრძნობთ გამორჩეულ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან. დღეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რადგან მას უზარმაზარი იმედი მოაქვს. ევროკომისიის ანგარიში, რომელმაც პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მიღწევები, უმნიშვნელოვანესია,“–განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

ევროკომისიამ პარასკევს გამოაქვეყნა “სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის” საქართველოს მიერ შესრულების შესახებ მეოთხე მიმდინარე ანგარიში, სადაც საუბარია, რომ საქართველომ VLAP–ის ფარგლებში ყველა დადგენილი კრიტერიუმი შეასრულა.

ევროკომისიის ანგარიშში ასევე საუბარია, რომ 2016 წლის დასაწყისში წარადგენენ საკანონმდებლო ინიციატივას No 539/2001 რეგულაციის შესწორებასთან დაკავშირებით. შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას სწორედ ეს რეგულაცია არეგულირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი