საზოგადოება

შსს: დაკავებულია 20 მომიტინგე, მათ შორის 3 უცხოელია

13 მაისი, 2024 •
შსს: დაკავებულია 20 მომიტინგე, მათ შორის 3 უცხოელია

შსს-ს განცხადებით, 13 მაისს, გამთენიისას და დილით, როცა პარლამენტში რუსული კანონი მესამე მოსმენით, რეკორდულ დროში მიიღეს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა, გარეთ შეკრებილი მომიტინგეებიდან 20 მათგანი დააკავეს.

შსს-ს თქმით, დაკავებულთაგან სამი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა: რუსეთის ფედერაციის 2002 წელს დაბადებული  მოქალაქე გ.ბ.; აშშ-ის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული პ.ჰ. და აშშ-ის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელმაც, უწყების ცნობით, უარი თქვა საკუთარი ვინაობის დასახელებაზე და მოითხოვა საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან დაკავშირება.

ამის შესახებ შსს-მ ინფორმაცია 12 მაისს, დილით გაავრცელა, რომელიც ეხებოდა 12 მაისს ღამით დაწყებულ აქციას, რაც ღამის გათენებას ითვალისწინებდა პარლამენტის შენობასთან.  შსს-მ აღნიშნა, რომ მომიტინგეები გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.

“ვინაიდან აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები საჯაროდ აცხადებდნენ, რომ ისინი არ მისცემდნენ დეპუტატებს 13 მაისს, 09:00-ზე დაგეგმილ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დასწრების და მასში მონაწილეობის საშუალებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მათ არაერთხელ მოუწოდეს გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები, რათა დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს მისცემოდა პარლამენტის შენობაში შესვლისა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების საშუალება.

მიუხედავად აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებისა, რომ ისინი დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეთა ნაწილმა არ გაითვალისწინა პოლიციის კანონიერი მოთხოვნა, დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწია წინააღმდეგობა და მიაყენა შეურაცხყოფა. პოლიციის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად ამ ეტაპზე 20 პირია დაკავებული”, – წერია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს განცხადებაში არაფერია ნათქვამი სამართალდამცველთა მხრიდან გამთენიისას და დილით განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე, რასაც სახალხო დამცველიც გამოეხმაურა.


ხელისუფლებამ რუსული კანონი მესამე მოსმენით ჩაკეტილ, პოლიციითა და სპეცრაზმით გარშემორტყმულ შენობაში განიხილა.

პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს, რომელთაც ღამე საკანონმდებლო ორგანოსთან გაათენეს, გამთენიისას კი მომიტინგეთა ახალი ნაკადები შეუერთდნენ, პოლიცია წიწაკის სპრეით დასდევდა, სცემდა და აკავებდა.

რუსული კანონის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე კვირაა, მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება. დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის, რადგან მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპულ სახელმწიფოში არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი