პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მომიტინგე დააკავა, კადრებში ჩანს, პოლიციელები როგორ ურტყამენ მათ ნაწილს. ნეტგაზეთის რეპორტიორები, სულ მცირე, ორი ადამიანის დაკავებას შეესწრნენ.
პოლიციელებმა პარლამენტის გვერდითა და უკანა შესასვლელები გამთენიისას გაათავისუფლა მომიტინგეებისას, პერიოდულად იყო დაპირისპირება მომიტინგეებთან. ჯერჯერობით უცნობია დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა.
„მთავარი არხისა“ და ტვ „პირველის“ ეთერში გადაცემულ ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელები როგორ ურტყამენ მუშტებს თავში დაკავებულს და ასევე, პარლამენტის უკან, 9 აპრილის ქუჩაზე, ძირს დაგდებულ, უკვე დაკავებულ მომიტინგეებს, როგორ ურტყამენ წიხლებს.
პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე, გასულ ღამეს დაწყებული აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ ამ წუთებშიც [07:30] გრძელდება.
დღეს, 13 მაისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დაგეგმილია მედიისა და სამოქალაქო სექტორის შემზღუდავი რუსული კანონის მესამე მოსმენით განხილვა, რის წინააღმდეგაც უკვე რამდენიმე კვირაა, მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება. დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის, რადგან მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპულ სახელმწიფოში არ არის.