ახალი ამბები

ომბუდსმენი პოლიციელების მიერ მომიტინგეთა ცემის გამოძიებას ითხოვს

13 მაისი, 2024 •
ომბუდსმენი პოლიციელების მიერ მომიტინგეთა ცემის გამოძიებას ითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებსა და მომიტინგეთა მიმართ პოლიციელთა მხრიდან ძალადობას. იოსელიანი მოუწოდებს შსს-ს, იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში.

„სახალხო დამცველი და აპარატის წარმომადგენლები აკვირდებიან პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს. სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ძალის გამოყენება უნდა იყოს აუცილებელი და პროპორციული, მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული სამართლებრივი ღონისძიების გატარებას და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადაიზარდოს მოქალაქეზე მიზანმიმართულ ძალადობაში/ანგარიშსწორებაში.

ასევე, სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მყისიერი რეაგირება მოახდინოს მოცემულ ფაქტებზე; უკვე მიმდინარე გამოძიებები კი ჩაატაროს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, რათა არ გაჩნდეს დაუსჯელობის განცდა, რომელიც წაახალისებს ცალკეულ პოლიციელებს შემდგომი არასამართლებრივი ქმედებებისკენ“ ,— წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.


ხელისუფლებამ რუსული კანონი მესამე მოსმენით ჩაკეტილ, პოლიციითა და სპეცრაზმით გარშემორტყმულ შენობაში განიხილა.

პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს, რომელთაც ღამე საკანონმდებლო ორგანოსთან გაათენეს, გამთენიისას კი მომიტინგეთა ახალი ნაკადები შეუერთდნენ, პოლიცია წიწაკის სპრეით დასდევდა, სცემდა და აკავებდა.

რუსული კანონის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე კვირაა, მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება. დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის, რადგან მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპულ სახელმწიფოში არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი