საზოგადოება

თანამშრომლობის გასაგრძელებლად საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს — მილერი

10 მაისი, 2024 •
თანამშრომლობის გასაგრძელებლად საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს — მილერი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ის და საქართველოს პარტნიორული ურთიერთობები რომ გაგრძელდეს, ამისთვის საქართველოს ხელისუფლებამ „კურსი უნდა შეცვალოს“.

მილერს კითხვა დაუსვეს საქართველოში ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებზე, კერძოდ, ანტირუსულ აქციებში ჩართული მოქალაქეების მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე — სახლებთან დახვედრასა და სასტიკ ცემაზე.

„სად არის თქვენი თანადგომა? ვიცი, მკაფიოდ განაცხადეთ, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგახართ. შეგიძლიათ დაგვისახელოთ კონკრეტული მაგალითი, რაც ამ თანადგომას დაადასტურებს?“, — ჰკითხეს მილერს, რის საპასუხოდ მან ამ ფაქტების დროული გამოძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ ღრმად შეწუხებული ვართ იმ ქმედებებით, რომელიც კანონპროექტის გამპროტესტებელთა წინააღმდეგ და მისი წინსვლისთვის მიიღეს. ჩვენთვის ცნობილია გახშირებული ცნობები სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციონერი აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ. ჩვენ ვგმობთ ამას და მოვუწოდებთ სრულყოფილი, დამოუკიდებელი და დროულ გამოძიებისკენ.

მე მხოლოდ ვიტყვი უფრო ფართო შეკითხვის პასუხად, 30 წელზე მეტია საქართველოსთან წარმატებული პარტნიორობა გვქონდა. გვსურს საქართველოსთან მუშაობის გაგრძელება, ჯერ კიდევ დარჩენილია დრო თანამშრომლობისთვის, მაგრამ ამისთვის საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს“, — თქვა მილერმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა დამაზუსტებელი კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ არ აპირებს ამ ტრიბუნიდან ისაუბროს იმ შესაძლო ნაბიჯების შესახებ, რაც შეიძლება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადადგას, თუ ეს ასე არ მოხდება.


რამდენიმე დღეა, ანტირუსული აქციის მონაწილეებს ჩასაფრებით საკუთარ საცხოვრებელ სახლებთან თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ამისა, დამოუკიდებელი მედიის ჟურნალისტებისა და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომელთა წინააღმდეგ წამოიწყეს დისკრედიტაციის კამპანია მათ საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებთან პლაკატების გაკვრით. გარდა ამისა, აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს, ან მათი ოჯახის წევრებს, მათ შორის, ბავშვებს, ურეკავენ უცხო ნომრებიდან მუქარისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით.

ჯერჯერობით საზოგადოებისთვის უცნობია, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან რა რეაგირება მოჰყვა ამ ძალადობრივ ქმედებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი