საზოგადოება

2003, 2012… პროსახელისუფლებო აქციები ხელისუფლების დათმობამდე

22 აპრილი, 2024 • 2319
2003, 2012… პროსახელისუფლებო აქციები ხელისუფლების დათმობამდე

მმართველმა პარტიამ, რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეთა მასობრივი პროტესტის პარალელურად, სახელისუფლებო კონტრაქცია დააანონსა.

საქართველოს ხელისუფლებებს ანტისამთავრობო პროტესტების წინააღმდეგ კონტრაქციები (2003 წელს) ან ძალის პარალელური დემონსტრირებისთვის შეკრებები (2012 წელს) აქამდეც გაუმართავთ. როგორც დღევანდელი გადმოსახედიდან ნათლად ჩანს, მათ შორის, ზუსტად ხელისუფლების დათმობამდე წინა პერიოდშიც.

2003 წლის ნოემბერი

შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ მასობრივი პროტესტი დაიწყო 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლის ჩატარების სამართლიანობა არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ დამაჯერებლად არ ჩაითვალა.

18 ნოემბერი – შევარდნაძის მხარდამჭერმა დემონსტრაციამ პარლამენტის წინ მაშინდელი ოპოზიციის მხარდამჭერები ჩაანაცვლა. სანამ ოპოზიცია დედაქალაქისკენ რეგიონებიდან მშვიდობიანი მარშის სამზადისში იყო, ედუარდ შევარდნაძისა და ასლან აბაშიძის რამდენიმე ათასმა მხარდამჭერმა აქცია გამართა. თბილისში ხელისუფლების მხარდასაჭერად მობილიზებულ ადამიანებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან “აღორძინების” მხარდამჭერები შემოუერთდნენ.

აჭარაში მობილიზებული “აღორძინების” აქტივისტები 17 ნოემბერს ბათუმის სტადიონთან შეკრიბეს და 40-მდე მიკროავტობუსით დედაქალაქისკენ გამოუშვეს. კიდევ ერთი ნაკადი აჭარიდან დედაქალაქისკენ 18 ნოემბრის საღამოს დაიძრა.

გაზეთი “ბათუმელები” მაშინ წერდა, რომ დედაქალაქისკენ წამომსვლელთა უმრავლესობა სამთავრობო დაწესებულებების თანამშრომლები იყვნენ. იქვე იყვნენ უშიშროებისა და შსს-ს წარმომადგენლები.

„ჩვენი ხელმძღვანელის ინიციატივით მივდივართ, მშვიდობა გვინდა დავიცვათ. მთავარია, საქართველო გადარჩეს და ჩვენ თუნდაც მოვკვდეთ. თუმცა, ჩვენ გარეშე საქართველოს არსებობა გამორიცხულია“, – ეუბნებოდნენ ხელისუფლების მხარდამჭერები მაშინ “ბათუმელებს”.

უკვე დედაქალაქში ჩასულებმა კი აღიარეს: “მძღოლებს მოგვცეს ას-ასი ლარი, სხვებს 20-20 – საკვებისთვის. ღამეს მანქანებში გავათევთ, ალბათ, რუსთაველზე. ის კი ნამდვილად არ ვიცით, თუ როდის დავბრუნდებით“.

ხელისუფლების მხარდამჭერი აქციები, ანტისახელისუფლებო მასობრივი პროტესტის პარალელურად, 22 ნოემბრამდე შეინარჩუნეს. 22 ნოემბრამდე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ხელისუფლების მხარდამჭერ აქტივისტებს ჰქონდათ დაკავებული.

2003 წლის 20 ნოემბერი. შევარდნაძის მხარდამჭერის აქციის მონაწილე პარლამენტის წინ ცეკვავს

სახელისუფლებო აქციაზე ოპოზიციის და პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ მიმართული სლოგანები ისმოდა. მათ ფაშისტებსა და ექსტრემისტებს უწოდებდნენ. ამბობდნენ, რომ არეულობა და ქვეყნის დესტაბილიზაცია სურდათ. “აღორძინების” ლიდერები აცხადებდნენ, რომ ისინი საქართველოს “კონსტიტუციურ წესრიგს” იცავდნენ და საშუალებას არ აძლევდნენ “რადიკალურ ოპოზიციას”, მოეწყოთ “გადატრიალება”.

მას შემდეგ, რაც 22 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში პროტესტის მონაწილეებთან ერთად შეიჭრა, ედუარდ შევარდნაძე იძულებული გახდა, რომ პარლამენტში მიმდინარე სესია დაეტოვებინა. გარეთ შეკრებილ მხარდამჭერებს მან განუცხადა, რომ გადადგომას არ აპირებდა. თუმცა მის მიერ პარლამენტის დატოვების შემდეგ, მიმდებარე ტერიტორია მისმა მხარდამჭერებმაც დატოვეს და იქაურობა კვლავ ოპოზიციის ათობით ათასმა მხარდამჭერმა დაიკავა. მოგვიანებით პროტესტის მონაწილეებმა დაიკავეს როგორც კანცელარიის, ისე საპრეზიდენტო რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიები.

22 ნოემბერს შევარდნაძემ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

23 ნოემბერს საგანგებო მდგომარეობა აჭარაში ასლან აბაშიძემაც გამოაცხადა. ამავე საღამოს მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე ედუარდ შევარდნაძეს კრწანისის რეზიდენციაში შეხვდნენ. ედუარდ შევარდნაძე გადადგა.

ედუარდ შევარდნაძე. 2003 წლის 24 ნოემბერი. სატელევიზიო ინტერვიუ

2012 წლის სექტემბერი

28 სექტემბერი, 3 დღით ადრე საპარლამენტო არჩევნებამდე – ეს წინა დღეა, სანამ პოლიტიკაში ახლად მოსული ბიძინა ივანიშვილი და მისი კოალიცია “ქართული ოცნება” შემაჯამებელ აქციაზე უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ხალხის შეკრებას შეძლებდა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამაც სცადეს ძალების მოსინჯვა და ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე მხარდამჭერები შეკრიბეს.

2012 წლის 28 სექტემბერი. “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები და აქტივისტები დინამოს სტადიონზე

დინამოს სტადიონზე 54 139 ადამიანი თავსდება. პარტიამ სტადიონის შევსება შეძლო. როგორც იხსენებენ, იმ დღით ქალაქი სავსე იყო რეგიონებიდან ჩამოსული ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით, სამთავრობო და საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანებით მთელი საქართველოდან.

„ჩვენი ქვეყანა ძალიან შორს იყო ევროკავშირისგან და ნატოსგან“, – მიმართა სააკაშვილმა სტადიონზე მყოფებს, – „ჩვენ ახლა ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს. არის ახლა დაყოვნების და უკან მობრუნების დრო? არა, ახლა წინსვლის დროა“.

მიხეილ სააკაშვილი. დინამოს სტადიონი. 2012 წლის 28 სექტემბერი

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 2 197 173-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რის შედეგადაც ამომრჩეველთა აქტივობამ 60.8% შეადგინა. 

ბიძინა ივანიშვილმა და მისმა კოალიციამ ხმების დაახლოებით 55% აიღეს. “ნაციონალურ მოძრაობას” დაახლოებით 40% ჰქონდა. კვლევების მიხედვით, სრულიად სამართლიანად ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის კოალიციის მიერ მიღებულ ხმებს შესაძლოა 60%-მდე მიეღწია.

მიხეილ სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები წააგეს და ხელისუფლება დათმეს.


პარლამენტის 83-მა დეპუტატმა 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი, რომელიც გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო ფონდებს, მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

ორი კვირაა მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.

“ქართული ოცნება”, რუსული კანონის წინააღმდეგ მასობრივი პროტესტის სამი კვირის თავზე, მოქალაქეებს კონტრაქციით უპასუხებს.

ამავე თემაზე:

„კონტრაქცია პოლიტიკური დასასრულის პირას მყოფი დიქტატორისთვისაა დამახასიათებელი“ — ცუცქირიძე

ვინ არ არის მზად ევროკავშირისთვის, ქართველი ხალხი თუ “ქართული ოცნება”? – კუბილიუსი ღარიბაშვილს

ევროკავშირი აღფრთოვანებულია ქართველების გაბედულობით და მათ გვერდით დგას – ვიოლა ფონ კრამონი

მთავარ ფოტოზე: 2003 წლის 18 ნოემბერი. შევარდნაძის მხარდამჭერების მსვლელობა თბილისის ცენტრში

მასალების გადაბეჭდვის წესი