საზოგადოება

„რუსულმა კანონმა“ ბიურო გაიარა, განხილვა იურიდიულ კომიტეტში გაგრძელდება

8 აპრილი, 2024 • 590
„რუსულმა კანონმა“ ბიურო გაიარა, განხილვა იურიდიულ კომიტეტში გაგრძელდება

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილეს  ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

ბიუროს სხდომა პარლამენტის შენობის გარეთ მიმდინარე საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა. ამასთან, დღეს პარლამენტში არ შეუშვეს საშვის მქონე ჟურნალისტები.

„ანტიევროპული რუსული კანონი არ უნდა დარეგისტრირდეს“, — განაცხადა ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა „ლელოდან“ ანა ნაცვლიშვილმა.

„რა არცოდნაზე და უვიცობაზეა საუბარი, რომ გამჭვირვალობა ჰგონიათ ადამიანის უფლების დარღვევა? მე ეჭვიც არ მეპარება, რომ თქვენ ამ შემთხვევას, ისევე როგორც სხვა შემთხვევას, მაქსიმუმს გააკეთებთ, რომ გამოიყენოთ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე რამე გააფუჭოთ. წინ საარჩევნო პერიოდია და ყველა ძალიან კარგად დაინახავს, ქვეყნის სასარგებლოდ და ქვეყნის საწინააღმდეგოდ ვინ მუშაობს“, — მიმართა ნინო წილოსანმა ოპოზიციას.

„თქვენ ამ კანონს ვერ მიიღებთ, არ გაგივათ“, — განაცხადა რომან გოცირიძემ.

ბიუროს სხდომის წამყვანმა, ვიცე-პრემიერმა კანონპროექტის ხელახალი ინიციირება იმით ახსნა, რომ გამჭვირვალობის შესახებ „დონორი ორგანიზაციების შეთანხმება პარლამენტის თავმჯდომარესთან არ სრულდება“.

კანონპროექტი განსახილველად დაეწერა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. კომიტეტში განხილვა პარასკევს, 12 აპრილს დაიწყება. ოპოზიციონერი დეპუტატები დაინტერესდნენ, რატომ არ დაეწერა განსახილველად კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს,  ევროინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ კანონპროექტი დეკლარაციის შევსებას ეხება და არაა კავშირში სხვა ქვეყნებთან ურთიერთობასთან, ამიტომ არ განიხილება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. გასულ წელს კანონპროექტი განიხილებოდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.

„ოცნება“ არ აპირებს კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნას, ამბობს რა, რომ ვენეციის კომისიამ უარყოფითად შეაფასა ჩანაწერი „აგენტი“, რაც კანონპროექტიდან უკვე ამოღებულია.

ბიუროს სხდომაზე ასევე დაინიციირდა ფრაქციის „საქართველოსთვის“ ალტერნატიული პროექტი, რაც ითვალისწინებს „გრანტების შესახებ“ და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებას.

„დღეს, როდესაც „ოცნება“ გვატყუებს და გამჭვირვალობის არგუმენტით აინიციირებს რუსულ კანონს, ჩვენი ცვლილებები მათ სრულად აცლის მსგავსი მანიპულირების სივრცეს და ამ ცრუ არგუმენტს“, — აცხადებენ პარტიაში „საქართველოსთვის“.

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

ამ თემაზე:

პარლამენტში ჟურნალისტთა ნაწილს არ უშვებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი