საზოგადოება

დააზიანებს საქართველოს მომავალს ევროკავშირსა და ნატოში — სენატორები რიში და შაჰინი რუსულ კანონზე

4 აპრილი, 2024 • 488
დააზიანებს საქართველოს მომავალს ევროკავშირსა და ნატოში — სენატორები რიში და შაჰინი რუსულ კანონზე

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი, „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის შემობრუნებაზე განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ ეს „ძალიან იმედგამაცრუებელია“.

სენატორების განცხადებაში ნათქვამია:

„ძალიან იმედგამაცრუებელია იმის ნახვა, როგორ აბრუნებს საქართველოს მთავრობა უცხოეთის აგენტების შესახებ კანონს. ეს ყველაფერი ქვეყანას კიდევ უფრო დაყოფს. ეს [კანონპროექტი] მსგავსია კანონებისა, რომელსაც რუსეთი იყენებს სამოქალაქო საზოგადოების შესაზღუდად და პოლიტიკური ოპოზიციის შესავიწროებლად. დემოკრატიულ მთავრობას საქართველოში ეს არ უნდა სჭირდებოდეს.

ქართველმა ხალხმა ამ კანონპროექტს მასობრივი დემონსტრაციებით 2023 წლის მარტში უარი უთხრა. ამ კანონპროექტს არა მხოლოდ პოლიტიკური პროცესი მიჰყავს არასწორი მიმართულებით, არამედ  დააზიანებს საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციასა და მის მომავალს ევროკავშირში. ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის გადამწყვეტი ინდიკატორი იქნება. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, ნუ მიიღებს ამ კანონპროექტს.“

3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ე.წ. უცხოეთის აგენტებზე რუსული კანონის ხელახლა დაბრუნება მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის საპროტესტო აქციების შემდეგ დადო პირობა, აღნიშნულ საკითხს აღარ დაუბრუნდებოდა.

კანონპროექტი, ფაქტობრივად, უცვლელი სახით არის დაბრუნებული. მის მიღებას ხელისუფლება 2024 წლის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი