საზოგადოება

ადეიშვილთან შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა — EU

8 მარტი, 2024 • 1855
ადეიშვილთან შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა — EU

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განმარტებას აკეთებს საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის შეხვედრაზე ევროკავშირის სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების დირექტორატში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის პასუხად საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განმარტავს, რომ გენერალური დირექტორის მოადგილე გერტ იან კოპმანს ევროკავშირის სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების დირექტორატიდან რეგულარული შეხვედრები აქვს დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოს და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, რასაკვირველია, უკრაინის ჩათვლით.

„გასულ სამშაბათს ის შეხვდა უკრაინის გენერალურ პროკურორს, რომელსაც თან ახლდა უკრაინის დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ადამიანი. ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა, ხოლო სწორი ინფორმაციის მოპოვება მარტივადაა შესაძლებელი ევროკავშირის გვერდებზე სოციალურ ქსელში. ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა პირველი ნაბიჯია იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისკენ უნდა გადაიდგას“, — ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

ზურაბ ადეიშვილი, რომელიც ბოლო ინფორმაციით, უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველია, თან ახლდა გენერალურ პროკურორს ბრიუსელში ვიზიტისას და მონაწილეობდა ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებში. მანამდე ის უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად გერმანიაში იმყოფებოდა და ბუნდესტაგში დაესწრო საპარლამენტო მოსმენას, სადაც გერმანელი კანონმდებლები უკრაინისთვის შორი დისტანციის Taurus-ის რაკეტების გაგზავნას განიხილავდნენ.

„ქართულმა ოცნებამ“ ჯერ გერმანიისგან, შემდეგ კი ევროკავშირისგან მოითხოვა განმარტება თბილისის მიერ ძებნილი ადეიშვილის მიღების გამო.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა დაიბაროს გერმანიის ელჩი და მოსთხოვოს ახსნა-განმარტებები ამ საკითხთან დაკავშირებით. ისევე, როგორც ჩვენ უნდა ვთხოვოთ ევროკავშირის ელჩს, აგვიხსნას, რა თემასთან გვაქვს საქმე, რა მიდგომებია ეს?!“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალა პაპუაშვილის თქმით, აღმაშფოთებელია, რომ „საქართველოს მხრიდან სანქცირებული ზურაბ ადეიშვილი ხან ბუნდესტაგში ზის კომიტეტის სხდომაზე, ხან – ევროკომისიაში“.

„გარკვეული ცინიზმი ვნახეთ, როდესაც ზურაბ ადეიშვილი, დიდი ალბათობით, მართლმსაჯულების საკითხებზე სასაუბროდ არის ბრიუსელის ევროკავშირის დაწესებულებების სათათბირო ოთახებში, ევროკომისიის ოთახებში. ეს უკვე აღარ არის პარლამენტი, სადაც ცალკეულ პარლამენტარებზე ვისაუბრებდით. სამწუხაროა და იმედი მაქვს, ევროკავშირის ელჩი გააკეთებს განმარტებას, ცნობილი იყო თუ არა, ვის ხვდებოდნენ ევროკომისიის წარმომადგენლები და მას შემდეგ, რაც ეს ცნობილი გახდა, რას ეტყვიან ისინი ქართველ ხალხს, როგორ აპირებენ ისინი სამომავლოდ ამ მხრივ განმარტებები გააკეთონ ქართველი ხალხის მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში გვერდს უვლიან საქართველოს მიერ დაწესებულ სასამართლო სანქციებს მაშინ, როცა საქართველო პირნათლად იცავს ევროკავშირის სანქციებს.

ასევე თქვა, რომ ადეიშვილთან შეხვედრები დამაჯერებლობას უკარგავს ევროკავშირის მოთხოვნებს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით.

„როდესაც ასეთ ადამიანს ასეთი პატივით სხვადასხვა სათათბირო ოთახში სხვადასხვა თანამდებობის პირები ხვდებიან და შემდეგ იმავე ოთახებში იგივე თანამდებობის პირები ჩვენ გვესაუბრებიან მართლმსაჯულების რეფორმაზე, „ვეტინგზე“, ადამიანის უფლებებზე, მგონი, ეს საჭიროებს განმარტებას, რომ შემდეგ მათი სიტყვები სერიოზულად აღვიქვათ. როდესაც ჩვენ მაგალითად გვისახავენ უკრაინასა და მოლდოვას, ჩვენი კითხვა არის მარტივი ევროკავშირის მიმართ: ადეიშვილის და ნონა წოწორიას ჩატარებული „ვეტინგი“ არის ჩვენთვის მაგალითი? ამისკენ მოგვიწოდებენ?“, — განაცხადა პაპუაშვილმა.


ზურაბ ადეიშვილს საქართველოში რამდენიმე საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი და ასევე მისჯილი აქვს პატიმრობა, მათ შორის, ციხის კადრების საქმეზე.

საქართველოს საგამოძიებო უწყებებმა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს ზურაბ ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნისა და წითელი ცირკულარის გამოცხადებისთვის საჭირო დოკუმენტაცია ჯერ კიდევ 2013 წლის იანვრის თვის დასაწყისში გაუგზავნეს, თუმცა ინტერპოლის ვებგვერდზე ადეიშვილი წითელი ცირკულარით ძებნილი პირების რეესტრში მხოლოდ 2013 წლის ნოემბერში ჩასვეს და 2015 წელს ამოიღეს, როგორც ლტოლვილის სტატუსის მქონე პირი.

ადეიშვილმა საქართველო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უნგრეთში ცხოვრობდა. ადვოკატმა ოთო კახიძემ მაშინ „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ მისი ინფორმაციით, ადეიშვილს პოლიტიკური თავშესაფარი ჰქონდა მიღებული ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში.

უკრაინული „მაიდნის“ მოვლენების შემდეგ, როდესაც უკრაინაში ხელისუფლება შეიცვალა, ადეიშვილი უკრაინაში გამოჩნდა. ის ექსპერტის სტატუსით მუშაობდა უკრაინის ანტიკორუფციულ კანონმდებლობაზე. ბოლო ინფორმაციით, ადეიშვილი უკრაინის გენპროკურორის მრჩეველია.

ზურაბ ადეიშვილს, რომელმაც უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, 2021 წელს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.

პირველი შემთხვევა არაა, როცა ადეიშვილი მონაწილეობს უკრაინის დელეგაციის საერთაშორისო ვიზიტებში. 2022 წლის ოქტომბერში უკრაინის მხარეს ახლდა ევროპის საბჭოში, რუსეთის ომის დანაშაულებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრებზე. მაშინ თბილისმა განაცხადა, რომ ექნებოდა „შესაბამისი რეაგირება“.

ამ თემაზე:

„ოცნება“ ბუნდესტაგში ადეიშვილის ვიზიტზე გერმანიისგან განმარტებას ელის

გერმანიის საელჩოს პასუხი შალვა პაპუაშვილს

საგარეო საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა დაიბაროს გერმანიის ელჩი – ზარქუა

მასალების გადაბეჭდვის წესი