საზოგადოება

კიდევ ორი ოპოზიციონერი რუსი პოლიტიკოსი, რომელიც პუტინს დღემდე ციხეში ჰყავს

16 თებერვალი, 2024 • 1585
კიდევ ორი ოპოზიციონერი რუსი პოლიტიკოსი, რომელიც პუტინს დღემდე ციხეში ჰყავს

ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, – რომლის გარდაცვალების შესახებაც რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა 16 თებერვალს განაცხადა, – არ იყო ერთადერთი ოპოზიციონერი, ვინც სასჯელს პოლიტიკური შეხედულებების გამო იხდიდა.

ნავალნის გარდა, რუსეთის ციხეებში არაერთი ადამიანი იხდის სასჯელს პუტინისა და ხელისუფლების კრიტიკისთვის და განსხვავებული აზრისთვის.

„ნეტგაზეთი“ მოგიყვებათ რუსეთის ორ ყველაზე ცნობილ პოლიტპატიმარზე – ილია იაშინსა და ვლადიმერ კარა-მურზაზე.

ილია იაშინ

დაიბადა 1983 წლის 29 ივნისს. დაამთავრა საერთაშორისო დამოუკიდებელი ეკოლოგიურ-პოლიტოლოგიური უნივერსიტეტი. 2000-იანი წლების დასაწყისიდანვე იყო ჩართული პოლიტიკურ აქტივობებში.

მონაწილეობდა სხვადასხვა საპროტესტო აქციაში – 2004 წელს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის [ფსბ] შენობასთან გამოვიდა ბანერით „ძირს პოლიციის თვითმპყრობელობა“. დაკავებული იყო მინსკშიც, ჩერნობილის ავარიისადმი მიძღვნილ მარშზე. 2006 წელს მიიღო მონაწილეობა კრემლთან მდებარე ხიდზე დიდი ბანერის გაშლაში, წარწერით: „ნაძირლებო, ხალხს არჩევნები დაუბრუნეთ“. მომდევნო წელს მონაწილეობას იღებდა პუტინის საწინააღმდეგო მარშების ორგანიზებაში.

იმავე პერიოდში აქტიურად თანამშრომლობდა ბორის ნემცოვთან, რომელიც 2015 წლის თებერვალში კრემლთან მოკლეს. 2011-12 წლებში მონაწილეობას იღებდა პუტინის რუსეთის დროის ყველაზე მასშტაბურ აქციებში, რომლებიც სახელმწიფო დუმის არჩევნების გაყალბების გამო დაიწყო. 2012 წელსვე აირჩიეს რუსეთის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრად.

2017 წელს იაშინი მოსკოვის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის დეპუტატთა საბჭოს თავმჯდომარეც გახდა. 2019 წელს ცდილობდა მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, თუმცა რუსეთის ცესკომ უარი უთხრა რეგისტრაციაზე. იმავე წელს გამართულ  საპროტესტო აქციებზე არაერთხელ იყო დაკავებული.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და ოპოზიციური აქტივობის მზარდი ჩახშობის ფონზე, იაშინმა რუსეთი არ დატოვა და აგრძელებდა საჯარო და კრიტიკული განცხადებების გაკეთებას. 2022 წლის 13 ივლისს მას ბრალი დასდეს „პოლიტიკური ზიზღის მოტივით რუსულ არმიაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში“. ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ იაშინს ბრალი წარედგინა უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსეთის ჯარის მიერ მოწყობილი მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტვაზე განცხადებების გამო.

2022 წლის დეკემბერში მოსკოვის მეშანსკის სასამართლომ იაშინს 8,5 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა.

„ვხედავ პროკურორ ბელოვის მოკანკალე ხელებს. მხასენდება, როგორ უკანკალებდათ ხელები გკჩპ-ს [1991 წელს შექმნილი კომიტეტი, რომლის წევრებსაც ძველი, საბჭოთა წყობის შენარჩუნება სურდათ] წევრებს. ყველას კარგად ახსოვს, რითი დამთავრდა ეგ 30 წლის წინ“, – განაცხადა იაშინმა სასამართლოზე.

ვლადიმერ კარა-მურზა

დაიბადა 1981 წლის 7 სექტემბერს. 2000-იანი წლების დასაწყისიდან იყო ჩართული პოლიტიკაში. პარალელურად, მუშაობდა ჟურნალისტად სხვადასხვა გამოცემაში. 2000-2003 წლებში იყო ბორის ნემცოვის მრჩეველიც. რამდენჯერმე ჰქონდა არჩევნებში მონაწილეობის მცდელობაც.

2004 წლიდან იყო ჩართული კომიტეტ „თავისუფალი არჩევანის“ მუშაობაში, რომლის მიზანიც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატის არჩევა იყო.

იაშინისა და მრავალი სხვა ოპოზიციონერის მსგავსად, მონაწილეობას იღებდა 2011-12 წლების საპროტესტო გამოსვლებში. ასევე, აქტიურად მუშაობდა „მაგნიტსკის სიაში“ [სერგეი მაგნიტსკი – ციხეში მოკლული აუდიტორი, რომელმაც კორუფციული სქემა გამოააშკარავა. მისი სახელობის სიაში რუსეთში ადამიანის უფლებების დამრღვევები შეჰყავთ] რუსი ჩინოვნიკების შეყვანის საქმეზე. მოსამართლე, რომელმაც მას 2023 წელს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა, სიაში, მათ შორის, კარა-მურზას მუშაობის შედეგად მოხვდა.

ნავალნის მსგავსად, ხელისუფლებამ კარა-მურზას მოწამვლაც სცადა. იგი 2015 და 2017 წლებში ორჯერ მოწამლეს. კარა-მურზა გადარჩა, თუმცა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები დარჩა.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კარა-მურზა რუსეთის ანტისაომარი კომიტეტის წევრი იყო. 2022 წლის 22 აპრილს გამოცხადდა „უცხოეთის აგენტად“. იმავე წელს არაერთხელ იყო პატიმრობაში სხვადასხვა მიზეზით.

2023 წლის 17 აპრილს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ კარა-მურზას 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა – იგი დამნაშავედ ცნეს სახელმწიფო ღალატში, რუსეთის ჯარის ცილისწამებასა და „არასასურველად“ გამოცხადებულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში. კარა-მურზას პროცესი დახურულ რეჟიმშიც კი ჩატარდა.

კარა-მურზამ „ბრალი“ არ აღიარა და სასამართლოზე ბოლო გამოსვლისას თქვა:

„მოქალაქე მოსამართლეებო! დარწმუნებული ვიყავი, რომ პოლიტიკაში ორი ათწლეულის შემდეგ არაფერს შეეძლო ჩემი გაკვირვება. უნდა ვაღიარო, შევცდი. მაინც გამაკვირვა, რომ დახურულობისა და ჩემი დაცვის მხარის დისკრიმინაციის მხრივ ჩემმა 2023 წლის პროცესმა უკან მოიტოვა 1960-იანი და 70-იანი წლების საბჭოთა დისიდენტების “სასამართლოები”.

ჩვენების მიცემისას თავმჯდომარე მოსამართლემ შემახსენა, რომ განაჩენის ერთ-ერთი დამარბილებელი ფაქტორია “ჩადენილის მონანიება”. ჩემ ირგვლივ სასაცილო კი ცოტაა, მაგრამ ღიმილი ვერ შევიკავე. ჩადენილი დანაშაული დამნაშავეებმა უნდა მოინანიონ. მე კი ციხეში პოლიტიკური შეხედულებების გამო ვარ. ხელს ვაწერ ყველა იმ სიტყვას, რომლებიც ვთქვი და რომელთა გამოც მედება ბრალი.

დღესაც, იმ სიბნელეში, რომლითაც ვართ გარშემორტყმულნი, ამ გალიაში ჯდომის დროსაც, მიყვარს ჩემი ქვეყანა და მწამს ჩემი ხალხის“.

მასალების გადაბეჭდვის წესი