საზოგადოება

დიალიზის სერვისი კიდევ 10 ქალაქში ამოქმედდა

14 თებერვალი, 2024 •
დიალიზის სერვისი კიდევ 10 ქალაქში ამოქმედდა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, წალენჯიხაში, საგარეჯოში, დუშეთში, ახალქალაქში, ყვარელში, ტყიბულში, სენაკში, მარტვილში, ხულოსა და ჭიათურაში დიალიზის სერვისი ამოქმედდა.

უწყების ცნობით, წელს ქვეყნის მასშტაბით დიალიზის 10 სერვისცენტრი გაიხსნა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილებების შედეგად, მომსახურებაზე კიდევ უფრო გაიზარდა გეოგრაფიული მოცვა და ხელმისაწვდომობა, შესაბამისად, ბენეფიციარები სერვისს მათსავე ქალაქში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიიღებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებები სრულად აღიჭურვა დიალიზისთვის საჭირო აპარატურით. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს ყოველდღიურად, მოემსახურება სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი:

„დიალიზის ახალი ცენტრები სამინისტროს ჩართულობით კერძო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად მოეწყო. აღსანიშნავია, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან მანამდე ბენეფიციარებს პროცედურის ჩასატარებლად კვირაში რამდენჯერმე, კილომეტრების დაშორებით, სხვადასხვა ქალაქში უწევდათ გადაადგილება, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული“, — ვკითხულობთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯანდაცვის უწყების ცნობით, ქვეყნის 49 მუნიციპალურ ერთეულში მდებარე დიალიზის ცენტრები ყოველდღიურად, 2600 პაციენტს ემსახურება. განცხადების ავტორების თქმით, პროგრამის გაფართოება ჯანდაცვის სამინისტრომ 2022 წლის აპრილში დააანონსა, რის შემდეგაც, ამავე წელს, მომსახურება ეტაპობრივად ამოქმედდა მესტიაში, ამბროლაურში, ლანჩხუთში, ყაზბეგსა და თიანეთში. უახლოეს მომავალში კი, სამედიცინო მომსახურება, ასევე, კასპში, ცაგერში, წნორსა და დედოფლისწყაროშიც ამოქმედდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი