საზოგადოება

„ოცნებაში“ არ ამბობენ, გაუწყვიტეს თუ არა კონტრაქტი მოშე კლუგჰაფტს

1 თებერვალი, 2024 •
„ოცნებაში“ არ ამბობენ, გაუწყვიტეს თუ არა კონტრაქტი მოშე კლუგჰაფტს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას, რომ მმართველმა პარტიამ პოლიტტექნოლოგ მოშე კლუგჰაფტთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

„არა, ამის დასტური მე არ შემიძლია. ჩვენ ბევრთან გვაქვს ურთიერთობა და პიარულ ნაწილში ვაგრძელებთ ხოლმე კონსულტანტებთან ურთიერთობას. ეს არ არის მაინცდამაინც საჯაროდ გასახმოვანებელი ინფორმაცია. ჯერჯერობით არ დაგიდასტურებთ, არც დაგეთანხმებით, არც უარყოფას გავაკეთებ, იმიტომ, რომ სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს მოლაპარაკებები“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ „ნეტგაზეთის“ კითხვის საპასუხოდ დღეს, 1-ელ თებერვალს.

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მოშე კლუგჰაფტთან დაკავშირებით „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ „ეს არის პარტიის შიდა საქმე და ამ თემაზე საჯაროდ საუბარს საჭიროდ არ მიიჩნევენ“.

თუმცა სულ რაღაც თვე-ნახევრის წინ „ქართულმა ოცნებამ“ თავად გაავრცელა საჯარო განცხადება საარჩევნო პერიოდისთვის მრჩევლად მოშე კლუგჰაფტის აყვანის შესახებ.

„ოცნების“ განცხადების თანახმად, კლუგჰაფტი „არის საერთაშორისო სტრატეგიული მრჩეველი და კამპანიის მენეჯერი პოლიტიკური ლიდერებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის მთელ მსოფლიოში“ და მუშაობის გამოცდილება აქვს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის თავმჯდომარეებთან. სწორედ „კლუგჰაფტი მართავდა სალომე ზურაბიშვილის მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიას 2018 წელს, რომელშიც სალომე ზურაბიშვილმა მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები.

ვინ არის მოშე კლუგჰაფტი?

„აგრესიული და კრეატიული”, – ასე აფასებს უცხოური მედია პოლიტტექნოლოგ მოშე კლუგჰაფტის საქმიანობას, რომელიც საქართველოში ერთხელ უკვე მოიწვიეს 2018 წლის არჩევნებისთვის სალომე ზურაბიშვილის დასახმარებლად. ის ზურაბიშვილის ინაუგურაციაზეც გამოჩნდა.

მოშე კლუგჰაფტი ზურაბიშვილის სასარგებლოდ მეორე ტურიდან მუშაობდა, რა დროსაც თბილისში ენმ-ის საწინააღმდეგო ბანერები, საარჩევნო კლიპები და სლოგანი „პრინციპული არჩევანი“ გამოჩნდა. როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში ორივე კანდიდატის წინააღმდეგ არაერთი ყალბი ამბავი და პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალი გავრცელდა მედიითა თუ სოციალური ქსელებით.

როგორც კლუგჰაფტის ოფიციალურ ვებსაიტზე ვკითხულობთ, პოლიტტექნოლოგის გუნდი თანამშრომლობდა რუმინეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან, რომელმაც 2016 წლის არჩევნებში ხმების 46% მოიპოვა და მეორე ადგილზე გასულ პოლიტიკურ ძალას არჩევნები 20- პროცენტიანი სხვაობით მოუგო.

კლუგჰაფტი ასევე მუშაობდა ავსტრიის ყოფილ კანცლერ კრისტიან კერნთან და აწარმოებდა კამპანიას ისრაელშიც.

როგორც The Times of Israel წერს, კლუგჰაფტი 2015-2016 წლებში ე.წ. მხილების კამპანიის უკან იდგა, რომლის ფარგლებშიც ისრაელის მემარცხენე აქტივისტებს, ორგანიზაციებს და ხელოვნების სფეროში მოღვაწე პირებს, მათი საქმიანობის დისკრედიტაციის მიზნით, უცხოეთიდან მართულ ჯაშუშებად აფასებდნენ.

2019 წელს, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, უკრაინელმა ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კლუგჰაფტი თანამშრომლობდა იმხანად მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთანაც, რომელიც მეორე ვადით არჩევისთვის იბრძოდა. როგორც პოროშენკოს, ისე პოლიტტექნოლოგის წარმომადგენლებმა ეს ცნობები უარყვეს.

„ოცნებამ“ მრჩევლად კვლავ მოშე კლუგჰაფტი დაიქირავა

მოშე კლუგჰაფტი და ვიტალი შკლიაროვი – ვინ არიან “ოცნებისა” და ვაშაძის პოლიტტექნოლოგები

მასალების გადაბეჭდვის წესი