საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 14 899 999-ლარიანი კონტრაქტი გააფორმა კომპანია „ერ ტე დესთან“, რომელსაც თბილისის მერიამ წერეთლის გამზირზე სამუშაოების უხარისხოდ და შეფერხებით შესრულების გამო ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტა.
„ერ ტე დემ“ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2023 წლის 19 ნოემბერს გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. ტენდერში გამარჯვებულად ის 22 დეკემბერს გამოვლინდა და ხელშეკრულების გაფორმებაზე მოწვევა უკვე მიმდინარე წლის 4 იანვარს გაეგზავნა. ხელშეკრულება 18 იანვარს გაფორმდა, წერეთლის რეაბილიტაციის კონტრაქტის შეწყვეტიდან ორ დღეში.
როგორც „ნეტგაზეთს“ ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, „ერ ტე დე“ ჯერ არ არის ასახული არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში, ე.წ. შავ სიაში, რომელშიც ასახვის შემდეგაც კომპანია ტენდერში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.
„შავ სიაში გადაგზავნილი აქვს მერიას, მაგრამ ამას თავისი პროცედურები აქვს და „ერ ტე დე“ ჯერ სიაში არ არის. რომც ყოფილიყო ასახული, ჩვენი ტენდერი ჩატარებული იყო და ხელშეკრულებაზე მოწვევა გაგზავნილი. ამ ეტაპზე არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გვქონდა და მოკლებული ვიყავით შესაძლებლობას, არ გაგვეფორმებინა ხელშეკრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავარღვევდით კანონს“, — განაცხადეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
სამინისტროს ცნობით, კომპანიის შავ სიაში ასახვის შემდეგ „ერ ტე დე“ ტენდერებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, თუმცა უკვე გამარჯვებულ ტენდერის შედეგები ამ მიზეზით ვერ გადაიხედება.
ხელშეკრულების პირობების მიხედვით, კომპანია „ერ ტე დემ“ ერთი წლის ვადაში უნდა შეასრულოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-63) იგოეთი-კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ9-კმ20 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მერიამ წერეთლის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიას კონტრაქტი გაუწყვიტა