ახალი ამბები

როგორც დაგპირდით, ხვალიდან წერეთლის გამზირზე მოძრაობა იქნება ორმხრივად აღდგენილი – კალაძე

31 იანვარი, 2024 • 642
როგორც დაგპირდით, ხვალიდან წერეთლის გამზირზე მოძრაობა იქნება ორმხრივად აღდგენილი – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხვალ, პირველ თებერვალს, წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად იქნება შესაძლებელი.

„დღეს 31 იანვარია, ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობას დავპირდით, რომ პირველი თებერვლიდან წერეთლის გამზირზე სამუშაოები საგზაო ნაწილში იქნებოდა დასრულებული და მოძრაობა ორმხრივად იქნებოდა შესაძლებელი. ახლაც მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც საღამომდე მთლიანად დასრულებული იქნება, პარალელურად მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები და ხვალიდან, პირველი თებერვლიდან, როგორც დაგპირდით, წერეთლის გამზირზე მოძრაობა იქნება ორმხრივად აღდგენილი და გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი. ხვალიდან კიდევ ერთი განახლებული გამზირი შეემატება ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.


წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის 19 აპრილს დაიწყო და ბოლო ინფორმაციით, 2024 წლის იანვრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. 16 იანვარს კი ცნობილი გახდა, რომ მერიამ წერეთლის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებს კონტრაქტი გაუწყვიტა. წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების მიზნით ახალი კომპანიის გამოსავლენად მერიამ 17 704 253 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.

17 იანვარს დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის მიზნით ოთხ კომპანიასთან გააფორმეს ხელშეკრულება. კახა კალაძემ პირობა დადო, რომ გამზირის სამანქანო ნაწილი იანვრის ბოლომდე გაიხსნებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი