ახალი ამბები

წერეთელი მანქანებისთვის გაიხსნა — “დარჩენილი სამუშაოები მარტში დასრულდება”

1 თებერვალი, 2024 • 808
წერეთელი მანქანებისთვის გაიხსნა — “დარჩენილი სამუშაოები მარტში დასრულდება”

დღეს, 1 თებერვალს, წერეთლის გამზირი ავტომობილებისთვის ორმხრივად გაიხსნა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის დარჩენილ სამუშაოებს შორისაა ტროტუარების მოპირკეთება, გზის დახაზვა, ნარჩენების შემკრები მიწისქვეშა ურნების და განათებების მონტაჟი. მერიის ინფორმაციით, სრულად სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დასრულდება:

„საგზაო ნაწილში დასრულდა სამუშოები. გადაადგილება ორმხრივად თავისუფლად არის შესაძლებელი. ასეთი პროექტების განხორციელება, სადაც მთლიანად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის. საგზაო ნაწილზე იყო საუბარი და ეს სამუშაოები მორჩენილია. პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა, გამწვანების სამუშაოები.

გარე განათების ახალი ბოძები გზის ერთ მხარეს უკვე დამონტაჟებულია თავისი ტროტუარების განათებებით და მეორე მხარეს მიმდინარეობს სამუშაოები. პარალელურად, ეზოებში შესასვლელი მიერთებები გაკეთდება, დაიგება ახალი ასფალტი, დაიხაზება, ახალი შუქნიშნები დამონტაჟდება. მოძრაობა ჩვეულებრივად იქნება, უბრალოდ ავტობუსის ზოლები გზის შუაში განთავსდება“ ,— განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის 19 აპრილს დაიწყო და ბოლო ინფორმაციით, 2024 წლის იანვრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. 16 იანვარს კი ცნობილი გახდა, რომ მერიამ წერეთლის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებს კონტრაქტი გაუწყვიტა. წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების მიზნით ახალი კომპანიის გამოსავლენად მერიამ 17 704 253 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.

17 იანვარს დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის მიზნით ოთხ კომპანიასთან გააფორმეს ხელშეკრულება. კახა კალაძემ პირობა დადო, რომ გამზირის სამანქანო ნაწილი იანვრის ბოლომდე გაიხსნებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი