საზოგადოება

ივანიშვილი VS კრედიტ სუისი – რა გადაწყვიტა ჟენევის პროკურატურამ

18 იანვარი, 2024 • 1704
ივანიშვილი VS კრედიტ სუისი – რა გადაწყვიტა ჟენევის პროკურატურამ

შვეიცარიაში ჟენევის პროკურატურამ გადაწყვიტა დაეხურა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ბანკირის, პატრის ლესკადრონის გადაცდომებზე ბანკის (კრედიტ სუისი) მხრიდან შესაძლო თვალის დახუჭვას შეეხება., „ბლუმბერგის“ ცნობით, ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რომლის იმედიც ბანკის ახალ მფლობელს, შვეიცარიულ გიგანტ „იუ-ბი-ეს“ (UBS) შეიძლებოდა ჰქონოდა.

ვინ არის და რა დააშავა პატრის ლესკადრონმა?

პატრის ლესკადრონი იყო ე.წ. პირადი ბანკირი, რომელიც „კრედიტ სუისში“ მრავალმილიონიანი ქონების მქონე კლიენტებს ემსახურებოდა და მათ აქტივებს განკარგავდა. როგორც წესი, ასეთი ბანკირების მიზანია, კლიენტებს მოგება მოუტანონ.

თუმცა, ლესკადრონი 2018 წელს ოფიციალურად ცნეს დამნაშავედ კლიენტების ხელმოწერების და სხვა ოფიციალური დოკუმენტაციის გაყალბებაში, კლიენტთა თანხების უკანონოდ მითვისებაში და ასევე, მილიონობით დოლარის უკანონოდ გადარიცხვებში ბიძინა ივანიშვილის ანგარიშიდან სხვა კლიენტების ანგარიშებზე მის მიერვე გამოწვეული დანაკარგების საკომპენსაციოდ. ლესკადრონი წლობით აგრძელებდა ამ საქმიანობას და ყველაფერი მხოლოდ 2015-ში გამოირკვა – ბრალი თავად ბანკირმაც აღიარა.

უშუალოდ ლესკადრონის მიმართ წაყენებული ბრალდებების გარდა, სამართალდამცავი ორგანოების სამიზნე მისი დამსაქმებელი, ბანკი „კრედიტ სუისი“ აღმოჩნდა. გამოძიება არკვევდა, ჰქონდა თუ არა ადგილი ფულის გათეთრებას, რისი დადასტურებაც უკვე ლესკადრონის გარდა ბანკისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასაც ნიშნავდა.

საბოლოოდ, სხვადასხვა ფინანსური პრობლემების გამო, ბანკი 2023-ში სხვა შვეიცარიულმა ბანკმა, „იუ-ბი-ეს“-მა შეისყიდა და ეს სასამართლო დავაც მან გადაიბარა.

არასათანადო რეაგირება?

„ბლუმბერგი“ აღნიშნავს, რომ 2023-ში შვეიცარიელი პროკურორი საუბრობდა ლესკადრონის რვა ტრანზაქციაზე 2008-14 წწ. პერიოდში. გამოძიების ვერსიით, ისინი ფულის გათეთრებას წარმოადგენდა, რისი პრევენციაც ბანკმა ვერ მოახერხა. ამგვარად, ლესკადრონის საქმესთან ერთად, შვეიცარიული პროკურატურა იძიებდა მისი დანაშაულებისადმი ბანკის არასათანადო რეაგირებასაც.

პარალელურად, ლესკადრონის კლიენტებსა და „ბანკს“ შორის მიმდინარე დავებში  სხვა იურისდიქციების სასამართლოში კრედიტ სუისი დამარცხებული გამოდიოდა და მოპასუხისთვის (მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის) ასეულობით მილიონის გადახდა უწევდა. ამასთან ერთად, შვეიცარიის პროკურატურის ადრინდელ პოზიციას იზიარებდნენ სხვა სასამართლოებიც – ბერმუდის სასამართლომ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას, მიიჩნია, რომ ბანკმა თვალი დახუჭა ლესკადრონის ქმედებებზე.

„კრედიტ სუისში“ და  შემდგომ, „იუ-ბი-ეს“-შიც, მიიჩნევდნენ, რომ კლიენტთა მოტყუებაში პირადად ლესკადრონი იყო დამნაშავე, რომ იგი მარტო მოქმედებდა და მალავდა თავის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. ასე რომ, პროკურატურის გადაწყვეტილება, დახუროს გამოძიება ლესკადრონის ან ბანკში მოქმედი სხვა მესამე პირების მიერ ფულის გათეთრებაზე, ბანკისთვის მომგებიანია, მიიჩნევს „ბლუმბერგი“.

თავად ბანკში პროკურატურის გადაწყვეტილებაზე კომენტარს არ აკეთებენ [„კრედიტ სუისის“ ყიდვის შემდეგ, „იუ-ბი-ესი“ ამ საქმეზე მედიასთან, ფაქტობრივად, არ აკეთებს კომენტარს; წარსულში მათ პრესსამსახურს „ნეტგაზეთიც“ არაერთხელ დაუკავშირდა]. ივანიშვილის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ გაასაჩივრებენ გადაწყვეტილებას და არასწორად მიაჩნიათ, რომ სამართალდამცავები უნდა იძიებდნენ მომხდარს „მხოლოდ ლესკადრონის დანაშაულების“ და არა ფულის გათეთრების კონტექსტში. „ნეტგაზეთმა“ კომენტარისთვის ასევე მიმართა ორგანიზაცია CS Victims-საც [„კრედიტ სუისისგან“ დაზარალებულები].

მასალების გადაბეჭდვის წესი