საზოგადოება

„სასურველ შედეგებს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ არ დავნებდებით“ – ზელენსკი კონტრიერიშზე

1 დეკემბერი, 2023 • 2681
„სასურველ შედეგებს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ არ დავნებდებით“ – ზელენსკი კონტრიერიშზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღიარებს, რომ ზაფხულში დაწყებულმა კონტრიერიშმა სასურველი შედეგი და წინსვლა ვერ მოიტანა, თუმცა აღნიშნავს, რომ უკრაინა უკან დახევას არ აპირებს.

Associated Press-თან ინტერვიუში ზელენსკიმ ისაუბრა კონტრიერიშის ფარგლებში მიღწეულ წარმატებებზეც და უკრაინის საჭიროებებზეც.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა სიძლიერით მსოფლიოს მეორე ჯარს ებრძვის და კმაყოფილია შედეგებით.

„არ მიგვიღია ის იარაღი, რაც გვინდოდა. კმაყოფილი ვერ ვიქნები, მაგრამ ძალიანაც ვერ ვიწუწუნებ. უფრო სწრაფი შედეგები გვინდოდა. ამ გადმოსახედიდან, სამწუხაროდ, სასურველ შედეგებს ვერ მივაღწიეთ, ეს ფაქტია. არ გვყოფნის ძალა, უფრო სწრაფად რომ მივაღწიოთ საწადელ შედეგებს. ოღონდ, ეს არ ნიშნავს, რომ ხელები უნდა ჩამოვუშვათ და დავნებდეთ“, – ამბობს იგი.

ამავე ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ მიუღია ყველა აუცილებელი შეიარაღება, ხოლო ჯარში ადამიანური რესურსის უკმარისობა კიევს საშუალებას არ აძლევს, სწრაფად წაიწიოს წინ.

თუმცა უკრაინელი ლიდერი ხაზს უსვამს, რომ კონტრიერიშის ფარგლებში კიევმა წარმატებებს მაინც მიაღწია – მაგალითად, დაიბრუნა გარკვეული ტერიტორიები და აქტიურად უშლის ხელს რუსეთის საზღვაო ძალებს შავ ზღვაში.

რაც შეეხება უკრაინის საჭიროებებს, ზელენსკი ამბობს, რომ ესენია შეიარაღების დამოუკიდებელი წარმოება, ვინაიდან არაფერი აშინებს რუსეთს ისე, როგორც სამხედრო თვალსაზრისით თვითმყოფადი უკრაინა. მას იმედი აქვს, რომ დასავლელი პარტნიორები უკრაინას საკუთარი წარმოების დალაგებაში დაეხმარებიან.

ზელენსკის ინტერვიუს წინ უძღოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლის, ვალერი ზალუჟნის სტატია ომის ჩიხში შესვლაზე, რომელსაც ფართო გამოხმაურება მოჰყვა.

ზალუჟნი ხსნის, რა სჭირდება უკრაინას გამარჯვებისთვის ომის ახალ ეტაპზე

მასალების გადაბეჭდვის წესი