საზოგადოება

ჰამასმა ტყვეები გაათავისუფლა, ისრაელმა – პატიმრები

24 ნოემბერი, 2023 • 1814
ჰამასმა ტყვეები გაათავისუფლა, ისრაელმა – პატიმრები

ჰამასმა გაათავისუფლა ისრაელის 13 მოქალაქე, 10 ტაილანდელი და ერთი ფილიპინელი, რომლებიც  ისრაელის ტერიტორიიდან გაიტაცეს. ისრაელმა საანაცვლოდ 39 პალესტინელი გაათავისუფლა ციხიდან.

“ახლახან დავასრულეთ ჩვენი პირველი მძევლების უკან დაბრუნების პროცესი: ბავშვები, მათი დედები, ქალები. თითოეული მათგანი მთელი სამყაროა”, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მისივე თქმით, ისრაელის ხელისუფლება მოწადინებულია, რომ ყველა მძევალი დაიბრუნოს უკან.

გათავისუფლებული მძევლები უკვე ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

მოლაპარაკებებს მხარეებს შორის კატარი აწარმოებდა.

ისრაელმა “ჰამასს” ომი 7 ოქტომბერს, მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ტერორისტული ორგანიზაცია ისრაელის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან შეიჭრა და დახოცა 1200-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის ცნობიt, მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეa, რომელთა შორის არიან ბავშვები, მოხუცები, ქალები და შშმ პირები. გარდა ამისა, 200-ზე მეტი ადამიანი ღაზის მიმართულებით გაიტაცეს.

ისრაელმა ღაზის სექტორის, ფაქტობრივად, შეუჩერებელი დაბომბვა და მოგვიანებით კი სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. “ჰამასის” მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის დაბომბვებს 13 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 5 ათასზე მეტი ბავშვია.

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები, ასევე გაერო და მისი სააგენტოები ღაზის სექტორში არსებულ ვითარებას „კატასტროფულს“ უწოდებენ და ითხოვენ ცეცხლის შეწყვეტას, ასევე სრული ბლოკადის მოხსნას და იქ საკვებისა და საწვავის შეტანას.

7 ოქტომბრის თავდასხმისას „ჰამასის“ მებრძოლებმა გაიტაცეს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებიც, მათ შორის, ტაილანდელებიც. ისინი ისრაელში სამუშაო ვიზით იმყოფებოდნენ. არსებული ინფორმაციით, ისრაელში ათიათასობით სამხრეთაზიელია დასაქმებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი