საზოგადოება

რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი „ლიბერთი ბანკს“ უჩივის

7 ნოემბერი, 2023 • 1944
რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი „ლიბერთი ბანკს“ უჩივის

რუსი სანქცირებული ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი „ლიბერთი ბანკს“ სასამართლოში უჩივის.

უსმანოვი, რომლის ქონებასაც „ფორბსი“ 14,4 მილიარდ დოლარად აფასებს, მიიჩნევს, რომ ბანკმა უკანონოდ გაყინა მისი კომპანიის „რამდენიმე მილიონი ევრო“.

უსმანოვის ინტერესებს წარმოადგენს კომპანია MKD Law-ის პარტნიორი სანდრო სამადბეგიშვილი. როგორც იგი გამოცემა BMG-ს ეუბნება:

  • უსმანოვის სანქცირებულ კომპანია „მეტალოინვესტს“ [ეკუთვნის ჰოლდინგ USM-ს, რომლის 49%-ის მფლობელია უსმანოვი] „რამდენიმე მილიონი ევრო“ აქვს ლიბერთიში, მაგრამ აპრილიდან შეზღუდული აქვს ამ თანხაზე წვდომა;
  • აქტივის გაყინვის მომენტში, „საერთოდ არ არსებობდა ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც აღნიშნავდა, რომ საქართველოში სანქციების იმპლემენტაცია ხდება“ – ანუ, არ არსებობდა სანქციების ამოქმედების სამართლებრივი საფუძველი.

ამასთან ერთად, იურისტი ამბობს, რომ საქართველოში ახლაც „არ გვაქვს კანონი ან სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც იტყვის, რომ ეს სანქცია ამ პირის მიმართ უნდა აღსრულდეს“.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის დირექტივა კომერციულ ბანკებს, უბრალოდ დაიცვან საერთაშორისო სანქციები, უკანასკნელებზე „დიდი ტვირთის დაწოლაა“ და ამ „ბუნდოვანების“ გამო, „ლიბერთიმ“ უსმანოვს „უფრო მეტი შეზღუდვა დაუწესა, ვიდრე ამას ამერიკული სანქცია ითხოვს“.

იურისტის ვარაუდით, სასამართლო დავა რამდენიმე წელს გაგრძელდება. „ლიბერთი ბანკში“ ამ ეტაპზე არ აკეთებენ კომენტარს სარჩელთან დაკავშირებით.

ვინ არის ალიშერ უსმანოვი?

ალიშერ უსმანოვი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, სხვა ოლიგარქების მსგავსად, უსმანოვის წინააღმდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა სანქციები დააწესეს – კრემლთან სიახლოვის გამო. ომთან დაკავშირებით უსმანოვს საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია. რაც შეეხება კრემლთან კავშირებს, ალექსეი ნავალნის გუნდის გამოძიების თანახმად, მას დიდი ღირებულების ქრთამი აქვს მიცემული ყოფილი პრეზიდენტისთვის და პრემიერისთვის, დიმიტრი მედვედევისთვის. ის და უსმანოვი ამას უარყოფენ.

კომპანია „მეტალინვესტი“, რომლის აქტივებზეც მიდის დავა, ჰოლდინგ USM-ის შვილობილი კომპანიაა. თავად ჰოლდინგის 49% ეკუთვნის უსმანოვს, დანარჩენი წილები კი, ცოლ-ქმარ ვარვარა და ვლადიმირ სკოჩებს, ივან სტრეშინსკისა და ფარჰად მოშირის.

მასალების გადაბეჭდვის წესი