საზოგადოება

პრემიერი ოკუპანტებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს მკვლელის დასასჯელად

6 ნოემბერი, 2023 •
პრემიერი ოკუპანტებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს მკვლელის დასასჯელად

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმაურება სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს.

პრემიერი მოკულულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს მომხდარის შეფასება/რეაგირებისაკენ.

“გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმძიმესი ფაქტი მოხდა – უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად მოკლულ იქნა საქართველოს მოქალაქე.

მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს და მეტყველებს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, რომელთანაც გამკლავება საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, სამწუხაროდ, მშვიდობიან მოქალაქეებსაც უწევთ.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ამ უმძიმეს ტრაგედიას. სახელმწიფო მათ გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ყველა შესაბამისი მექანიზმი, ინფორმირებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები.

მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს მომხდარზე, ასევე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს, ითანამშრომლონ ყველა მხარესთან დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად”, – აცხადებს ღარიბაშვილი.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების განცხადებით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ასევე უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

“მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით”, – აცხადებენ სუს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი