საზოგადოება

რკინიგზა საბაჟო კავშირის სტანდარტის ელმავლებს ყიდულობს

7 ნოემბერი, 2023 • 1305
რკინიგზა საბაჟო კავშირის სტანდარტის ელმავლებს ყიდულობს

„საქართველოს რკინიგზამ“ 180 მილიონზე მეტი ღირებულების 10 ელმავლის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო მოთხოვნაა, ელმავალი რუსეთის ან საბაჟო კავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებდეს.

რა ხდება?

„საქართველოს რკინიგზას“ გამოცხადებული აქვს ტენდერი მუდმივი დენის 10 მაგისტრალური ელმავლისა და მისი ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე 180 მილიონ ლარზე მეტად.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 183 849 690 ლარი (დღგ-ის გარეშე).

სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი და არ უნდა იყოს ნამყოფი; უნდა უზრუნველყოს თბილისი-მარაბდა-ახალქალაქის უბანზე არანაკლებ 1380 ტ მატარებლის გადაყვანა ერთი ელმავლით, ასევე, საქართველოს 1520 მმ ლიანდაგის, 3 კვ ძაბვის მუდმივი დენით ელექტრიფიცირებულ რკინიგზებზე სატვირთო მატარებლების გადაყვანა.

სატენდერო მოთხოვნაა, ელმავალი „აკმაყოფილებდეს ТР ТС 001/2011 (საბაჟო კავშირის ტექნიკური რეგლამენტი „რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის უსაფრთხოების შესახებ“) ან НБ ЖТ ЦТ 04 („უსაფრთხოების ნორმები სარკინიგზო ტრანსპორტზე. ელექტრომავლები“) სერტიფიცირების მოთხოვნებს“. НБ ЖТ ЦТ 04-1998 არის რუსეთის ფედერაციის სატრანსპორტო სამინისტროს მიერ 1998 წლის 7 აგვისტოს მიღებული დოკუმენტი.

სქრინი სატენდერო დოკუმენტაციიდან

ამ გარემოებას თავდაპირველად ყურადღება მიაქცია „პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის“ დამფუძნებელმა დავით გოჩავამ.

ის ამბობს, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის წევრი ყველა ქვეყანა ელმავლებს არ აწარმოებს, ყაზახეთიდან ელმავლების შესყიდვა ურიგო არ იქნებოდა, თუმცა ფიქრობს, რომ გათვლა რუსეთზეა. სხვა შემთხვევაში, გოჩავას თქმით, სატენდერო მოთხოვნაში არ დასჭირდებოდათ 1998 წლის დოკუმენტის ხსენება.

„მიუთითეს ორივე [სტანდარტი] და ორივეში მხოლოდ ერთი რუსეთია… როგორც ჩანს, ვისგანაც ყიდულობენ, იმ მხარის მიერ არის მომზადებული მოთხოვნები და შემდეგ თარგმნეს ქართულად“, — უთხრა გოჩავამ „ნეტგაზეთს“.

მას აქვს ეჭვი, რომ ტენდერი კონკრეტულ მიმწოდებელზეა მორგებული.

„საქართველოს ნამდვილად სჭირდება ელმავლები. მაგრამ ხომ შეიძლებოდა, ევროპისგან გვეყიდა? 2015 წლიდან და უფრო ადრე, წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული ფიქრობენ ლოკომოტივების შეძენას. ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენს ცნობილ ელმავალმშენებელ ქარხანაში შეიძლებოდა ინვესტორის მოძიება ან ახალი ქარხნის აშენება“, — აცხადებს დავით გოჩავა.

„საქართველოს რკინიგზის“ პასუხი

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა საქართველოს რკინიგზას და ჰკითხა, თუ რატომ არის ტენდერის კონკრეტული მოთხოვნა საბაჟო კავშირის და რუსეთის ნორმების დაკმაყოფილებაზე და ნიშნავს თუ არა ეს, რომ მხოლოდ საბაჟო კავშირის ქვეყნებისგან აპირებს საქართველო ელმავლების შესყიდვას.

„რკინიგზების საბჭოს, რომლის წევრიცაა საქართველოს რკინიგზაც, სხდომის შესაბამისი გადაწყვეტილებების საფუძველზე, მოძრავი შემადგენლობები, მათ შორის ელმავლები, თბომავლები, ვაგონები, ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიცირებას. აღნიშნულის საფუძველზეა განსაზღვრული სატენდერო პირობებიც, რომლის დაკმაყოფილების შესაძლებლობაც ნებისმიერ ქვეყანაში მოქმედ კომპანიასა და წარმოებულ მოძრავ შემადგენლობას აქვს“, — ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ მოწოდებულ წერილობით პასუხში.

რკინიგზაში დამატებითი განმარტების გაკეთება არ ისურვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი