საზოგადოება

საპატრიარქო ქვეყანაში რელიგიური პატიმრების არსებობას უარყოფს

16 აგვისტო, 2010 • • 1270
საპატრიარქო ქვეყანაში რელიგიური პატიმრების არსებობას უარყოფს

დღეს საქართველოს პატრიარქი ილია II გლდანის საპყრობილეში პატიმრებს ხვდება. „16 აგვისტოს, 11:00 სთ,  სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნატერასი  ილია II   შედის გლდანის საპყრობილეში (ქ. თბილისი, გლდანის #7 მ/რ +2კმ ) ე.წ. ”რელიგიის პატიმრების”  მოსანახულებლად. გთხოვთ, მობრძანდეთ და გააშუქოთ!“ – ამ სახის ინფორმაცია გუშინ ელექტრონული მისამართით religiispatimrebi@gmail.com გავრცელდა. დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი უარყოფს, რომ ეს საპატრიარქოს ოფიციალური განცხადებაა და ამბობს – „რელიგიური ნიშნით ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს აღარ აპატიმრებენ, ეს ბოლშევიკების ეპოქა აღარ არის. ეტყობა, ვიღაცამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. გუშინ პატრიარქმა სოციალურ მსახურებაში ეკლესიის როლის გააქტიურების შესახებ იქადაგა. პატიმრების მონახულება ერთ–ერთ სათნოებად ითვლება და ადამიანი ამას უნდა აკეთებდეს. უწმინდესიც პერიოდულად, წელიწადში რამდენჯერმე ახერხებს ატიმრების მონახულებას“.

ბოტკოველს არ აქვს ინფორმაცია, იმყოფებიან თუ არა გლდანის საპყრობილეში ტელეკომპანია „კავკასიის“ საქმეზე დაკავებული ადამიანები. „თუ ეს ადამიანებიც იქ იმყოფებიან, მაშინ მათაც მოინახულებს. მაგრამ ისინი რელიგიური ნიშნით არა არიან დაპატიმრებულები. მათ ხულგნობა ედებათ ბრალად, თორემ მართლმადიდებლები რომ  არიან, ამის გამო არ დაუპატიმრებიათ“, – აცხადებს დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.  

მასალების გადაბეჭდვის წესი