თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, როდესაც თანამდებობის პირი საკუთარი ხარჯებით მოგზაურობს, ვალდებული არაა ამის შესახებ ინფორმაცია საჯარო იყოს.
ასე უპასუხა კალაძემ კითხვას პრემიერ-მინისტრის მიერ ჩარტერული რეისით ევროპამდე ჩასვლის შესახებ.
კალაძის თქმით, ის, თუ რა გადაიხადა პრემიერმა ჩარტერულ რეისში, ამის შესახებ ინფორმაციას დეკლარაციაში შეიტანს.
„თანამდებობის პირები, პოლიტიკოსები კანონით არიან ვალდებულები, წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია. შესაბამისად, დაველოდოთ ამ თარიღს, როდესაც პრემიერ-მინისტრს მოუწევს, ვალდებულება [ექნება] შეავსოს და წარმოადგინოს დეკლარაცია. რა იყო დასამალი? როდესაც ადამიანი თავისი პირადი ხარჯებით გადაადგილდება, რატომ უნდა იყოს ეს საჯარო?! როდესაც მე ჩემი ხარჯებით მივდივარ უცხო ქვეყანაში, უნდა დავდგე და ყველაფერი მოგიყვეთ?! არ არის სწორი. იგივე რომ მოგთხოვოთ ახლა თქვენ, შეიძლება განსხვავდებოდეს ჩვენი თანამდებობრივი მდგომარეობა, მაგრამ არანაირი აუცილებლობა არ მაქვს, რომ ჩემი ხარჯებით სადმე წავიდე და ამასთან დაკავშირებით დავდგე და თქვენ გესაუბროთ ამ ყველაფერზე“,- განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა დღეს, 7 სექტემბერს, განცხადება გაავრცელა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში პირადი მიზნით მოგზაურობაზე.
გუშინ, 6 სექტემბერს, სტრატკომის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა პირად ფეისბუკგვერდზე დაწერა, რომ ღარიბაშვილი აშშ-ში საკუთარ შვილთან ერთად გაემგზავრა, რომელსაც ახალი სასწავლო წელი ეწყებოდა პენსილვანიის უნივერსიტეტში. მისი სიტყვებით, “კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ სკანდალის აგორებას”, თუმცა “სკანდალური არაფერია”.