საზოგადოება

„დროა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“ ენმ-სთან არ გაერთიანდებიან

20 ივლისი, 2023 • 1460
„დროა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“ ენმ-სთან არ გაერთიანდებიან

დღეს, 20 ივლისს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ამასთან, ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მათ პლატფორმაზე ყველა პროდასავლურ პარტიას ელოდებიან.

თუმცა ამ ერთობაში საკუთარ თავს ვერ ხედავენ პარტიები – „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“. ეს სწორედ ის პარტიებია, რომლებიც თვეების წინ „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად თანამშრომლობას განიხილავდნენ.

„სამეულთან თანამშრომლობა ძალიან საჭირო, საინტერესო და საქმისთვის სასარგებლო იყო. პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ეს არა საარჩევნო, არამედ კონკრეტულ ამოცანებთან დაკავშირებული თანამშრომლობა იყო, 24 თებერვალი მათ შორის. სიებზე და მსგავს საკითხებზე, როგორც მაშინაც ვამბობდით არასდროს გვქონია საუბარი.

ცალკე მინდა ვთქვა, რომ ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძესთან თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის. გიორგი ძალიან კეთილსინდისიერად და ენერგიულად იყო ჩართული ყველაფერში. მადლობელი ვარ მისი ამ თანამშრომლობისთვის.

ახლა ახალი ეტაპია, სადაც ოპტიმალური საარჩევნო კონფიგურაცია უნდა შევქმნათ ოპოზიციამ და გავაგრძელოთ ბრძოლა. ამ კონსტრუქციაში გიორგი „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს თავის თავს, „დროა“ – არა. წარმატებებს ვუსურვებ გიორგისაც და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ საკუთარი ამომრჩევლის მაქსიმალურად კონსოლიდაციაში.

ჩვენც გვექნება ჩვენი საარჩევნო განაცხადი და ყველაფერს ვიზამ, რომ ის შედეგისთვის, ანუ რუსების გაგდებისთვის და პროდასავლური სამომავლო კოალიციისთვის ოპტიმალური იყოს“, – აცხადებს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.

პროდასავლური პარტიებისთვის ღია კარის დატოვების არ სჯერათ „გირჩი-მეტი თავისუფლებაში“. როგორც ნეტგაზეთთან პარტიის წევრი ცოტნე კობერიძე ამბობს, სხვა პარტიებისთვის ხაბეიშვილის შეთავაზება სინამდვილეში ტყუილია.

„ეგ რაღაცნაირი ღიად დატოვებაა [კარის]. თვითონაც იციან, რომ „გირჩი“ არ მივა და თვითონაც უნდათ, რომ „გირჩი“ არ მივიდეს. გია ბარამიძემ თქვა, ჩვენ ქრისტიანები ვართ და ეგენი არაქრისტიანები არიანო. ეს იძახონ და ვითომ ყველასთვის კარი ღია არის, ეს სინამდვილეში ტყუილია. მე მგონია, რომ ეს [გაერთიანება] არის იმის გამეორება, რაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს [2018 წელს] უკვე მოხდა, ოღონდ მაშინ თუ საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელი იყო გიორგი ვაშაძე, ახლა მგონია, რომ მაგ [ენმ-სთან გაერთიანების] ლიდერია“, – აცხადებს ცოტნე კობერიძე.

პარალელურად ცნობილია, რომ პარტია „ლელო“ “ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის” შექმნას აპირებს და სამომავლო თანამშრომლობაზე სხვა პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს მართავს.

ცოტნე კობერიძემ „ნეტგაზეთთან“ დაადასტურა, რომ „ლელოსთან“ კომუნიკაცია მათაც აქვთ და სამომავლოდ არ გამორიცხა თანამშრომლობაც.

„რაღაც ტიპის კომუნიკაციები გვქონია, მაგალითად, ირაკლი კუპრაძესთან. საჯარო გამოსვლებითაც ჩვენ „ლელოს“ პოზიციას ვისმენთ, ისინიც ისმენენ ჩვენსას. ერთადერთი განსხვავებული ისაა, რომ მე, უბრალოდ, არ მომწონს მათ მიერ გამოხატული იდეის ფორმა, რომ „ლელო“ არის ცენტრი და მასთან უნდა მივქუჩდეთ. მე მირჩევნია, იდეის ღირებულება და მნიშვნელობა გამოიკვეთოს და მერე ის, თუ ვინ და რა ფორმატში ვითანამშრომლებთ ამასთან მიმართებაში და პარიტეტი იქნას დაცული.

ზოგადად, 5%-იანი საარჩევნო ბარიერის შემთხვევაში პროდასავლური ხმების დაკარგვის საშიშროებას ვხედავთ და შევეცდებით, რომ ეს ასე არ მოხდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის”, – აცხადებს ცოტნე კობერიძე და დასძენს, რომ „გირჩი“ მხოლოდ ისეთ ერთობაში გაერთიანდება, რომელიც პოტენციურად დამბალანსებელი, მესამე ძლიერი სუბიექტი იქნება.

პარტია „დროაში“ ჯერჯერობით თავს იკავებენ იმის შესახებ საუბრისგან, მიდის თუ არა მათსა და „ლელოს“ შორის თანამშრომლობაზე კონსულტაციები.

მასალების გადაბეჭდვის წესი