საზოგადოება

ქართულ–ოსური სამოქალაქო ფორუმი ჰუმანიტარული მისიით

21 ივლისი, 2010 • 1177
ქართულ–ოსური სამოქალაქო ფორუმი ჰუმანიტარული  მისიით

ქართულ–ოსურმა სამოქალაქო ფორუმმა ჟენევის დისკუსიის მონაწილეებს მიმართვა გაუგზავნა და  ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდა.

 მიმართვის ტექსტი ცოტა ხნის წინათ ჰოლანდიაში შეიმუშავეს, სადაც  ქართველი, ოსი და რუსი ჟურნალისტები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ტექსტში ძირითადი ყურადღება აგვისტოს ომის შემდეგ ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში შექმნილ ჰუმანიტარულ პრობლემებს ეხება.

 მიმართვაში აღნიშნულია რომ ჟენევის კონსულტაციები არაეფექტურად მიმდინარეობს, რადგან ვერც უსაფრთხოების და ვერც ჰუმანიტარული საკითხების სამუშაო ჯგუფებმა ხელშესახები შედეგები ჯერ ვერ დადეს. მიმდინარე პრობლემების გადასაჭრელად შექმნილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრები კი ჩაშლილია.

  -ˮთვალნათელია, რომ პოლიტიკური ინტერესების ტყვეობაში რიგითი ადამიანები აღმოჩნდნენ ყოველდღიური პრობლემებითˮ, – ნათქვამია მიმართვის დასაწყისში.

 ქართულ–ოსური სამოქალაქო ფორუმის წარმომადგენლები მხარეებს ურჩევენ,  პირველ რიგში ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებით დაკავდნენ. მათი აზრით, მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა უნდა მოიხსნას და ნათესავებს ერთმანეთის ნახვის საშუალება მიეცეთ.

 მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ მოქალქეებს ეკლესიებში და საფლავებზე გასვლის უფლება უნდა მიეცეთ და ასევე სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას ქართული სოფლებისთვის წყალმომარაგების, ხოლო ახალგორისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემა.

 ქართულ–ოსური ფორუმის წარმომადგენლები მხარეებს მოუწოდებენ,  დაადგინონ ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების საერთო წესები.

 მიმართვის ტექსტს, სხვებთან ერთად,  ხელი ცხინვალელმა ჟურნალისტმა მარია პლიევამაც მოაწერა. მისი თქმით, სასურველია ჟენევის დისკუსიის მონაწილეებმა მათი, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების,  ხმა სწრაფად გაიგონ და რიგითი მოქალაქეების პრობლემების მოგვარებისკენ მიმართონ ძალისხმევა.

 ქართულ–ოსური სამოქალაქო ფორუმის წარმომადგენლები მხარეებს მოუწოდებენ უგზო–უკვლოდ დაკარგულთა და უკანონოდ დაკავებულთა საქმეების გამოძიების დაწყებისკენ,  დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების მოგვარებისკენ. მათი აზრით, აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების დონეზე კონტაქტების გაღრმავება, სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა და შეკრებების და გაერთიანების შეუზღუდავი უფლება. 

 მიმართვას ხელი ქართულ–ოსური სამოქალაქო ფორუმის ერთ–ერთმა ხელმძღვანელმა ზურაბ ბენდიანაშვილმაც მოაწერა. მისი აზრით,  სამოქალაქო ფორუმი ჟენევის დისკუსიის მონაწილეებისადმი რეკომენდაციების მიწოდების პროცესს მომავალშიც გააგრძელებს. 

 მიმართვის ბოლოს ქართულ–ოსური სამოქალაქო ფორუმის წარმომადგენლები მხარეებს მოუწოდებენ,  რომ სასწრაფოდ აღადგინონ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრები.

 ამ მიმართვას ხელი 22–მა ადამიანმა მოაწერა და უკვე დაეგზავნა როგორც ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს,  ასევე მხარეების წარმომადგენლებს.  ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის გამართვა 27 ივლისს არის დაგეგმილი.

ფორუმის მონაწილეების შეხვედრა ჰოლანდიაში
ფორუმის მონაწილეების შეხვედრა ჰოლანდიაში

მასალების გადაბეჭდვის წესი