საზოგადოება

ვხედავდით მეუფე შიოზე სიტყვიერ შეტევებს, როგორც ჩანს, ვიღაცას უნდოდა საქმეზე გადასულიყო – პაპუაშვილი

7 ივლისი, 2023 • 1737
ვხედავდით მეუფე შიოზე სიტყვიერ შეტევებს, როგორც ჩანს, ვიღაცას უნდოდა საქმეზე გადასულიყო – პაპუაშვილი

„ჩვენ ვხედავდით მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს და მისი დისკრედიტაციის მცდელობებს სიტყვით. როგორც ჩანს, ვიღაცას უნდოდა გადასულიყო საქმეზე“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პატრიარქის მოსაყდრე შიოს შესაძლო მოწამვლას.

პაპუაშვილის თქმით, იმედოვნებს, რომ მოწამვლის ფაქტი არ დადასტურდება, თუმცა მას ამ საქმის გარემოებები საეჭვოდ მიაჩნია.

„რა თქმა უნდა, თუ დადასტურდა, ეს ძალიან მძიმე ფაქტი არის, თუკი ასეთი მცდელობა იყო. რასაც ჯერჯერობით ვხედავთ, ეჭვებია და დადასტურებულად არაფერი არ არის. სამწუხაროა რასაც ვისმენთ და ზოგადად შოკისმომგვრელია, თუკი ასეთი რამ დადასტურდა. ჩვენ ვხედავდით, მათ შორის, მეუფე შიოზე პერსონალურ შეტევებს და მისი დისკრედიტაციის მცდელობებს სიტყვით. როგორც ჩანს, ვიღაცას უნდოდა გადასულიყო საქმეზე.

აი, ეს არის ის ბოლშევიკური მეთოდები, რომელიც ისტორიულად იყო გამოყენებული საქართველოში – ჯერ სიტყვით ცდილობდნენ ადამიანის მოკვლას და შემდეგ საქმით. მე იმედი მაქვს, რომ ეს არ დადასტურება, რომ იყო რაიმე განზრახი ქმედება, მაგრამ მეორე მხრივ, საკმაოდ საეჭვო გარემოებებია, რაც გვესმის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, ვინ ესხმოდა თავს მეუფე შიოს და იყო თუ არა ეს ოპოზიცია, პაპუაშვილი პასუხობს:

„ვერ გეტყვით. არ დავაკონკრეტებ იქიდან გამომდინარე, რომ საჯაროდ ცნობილი ფაქტია და ყველამ შეიძლება ნახოს, ვინ ებრძვის ქართულ ეკლესიას, პერსონალურად ვის მიჰქონდა შეტევები, მათ შორის, მეუფე შიოზე. რა თქმა უნდა, ჩვენს ისტორიაში ეს პირველად ხომ არ ხდება. ყველამ გადახედოს თავის ისტორიას და მერე უკვე ვინმემ თავისი ხელით გააკეთა ეს, თუ ვიღაც ამ აზრამდე მივიდა, ეს მერე ისტორიას დიდად არაფერს არ არგებს ხოლმე. ამიტომაც არის, რომ ჩვენ ადამიანები სიტყვითაც არ უნდა მოვკლათ, რათა შემდეგ ეს ყველაფერი საქმეზე არ გადავიდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სისხლის ანალიზში მძიმე მეტალების შემცველობა დასაშვებზე მაღალი აღმოჩნდა.

ისი თქმით, ოფიციალურად არ მიუმართავთ საგამოძიებო უწყებისთვის და თავად იკვლევდნენ, საიდან შეიძლება გაჩენილიყო მიტროპოლიტ შიოს სისხლში აღნიშნული მეტალები. ჯაღმაიძის განცხადებით, განიხილებოდა საკვების ვერსია, თუმცა საკვები, რომელსაც მიტროპოლიტი მიირთმევს, სავარაუდო მოწამვლასთან კავშირში არ აღმოჩნდა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, მიტროპოლიტ შიოს ანალიზები გააგზავნეს უცხოეთშიც.

მანამდე, 5 ივლისს, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიარქ ილია მეორეს მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი დარიშხანით მოწამლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი