საზოგადოება

ქვების სროლა და ცემა „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველთან მორიგ შეხვედრაზე

6 ივლისი, 2023 • 1201
ქვების სროლა და ცემა „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველთან მორიგ შეხვედრაზე

საგარეჯოში, მოსახლეობასთან შესახვედრად ჩასულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს აგრესიულად განწყობილი პირები დახვდნენ.

„ფორმულას“ გავრცელებულ კადრში ჩანს, რომ „ნაცმოძრაობის“ შეხვედრის სივრცის შესასვლელთან მობილიზებული მოქალაქეების მხრიდან, სავარაუდოდ, ქვებს ისროდნენ.

ამავე ტელეარხის კადრებში აგრეთვე ფიქსირდება ფიზიკური დაპირისპირება.  მასალის გამოქვეყნების [14:07] მომენტში კადრებში არ ჩანან სამართალდამცავები. ეს უკვე მეორე მსგავსი ინციდენტია – აქამდე, კასპში, სადაც ხაბეიშვილს ორგანიზებული ჯგუფი დახვდა, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„ეს არის სუს-ის და ქართული ოცნების ორგანიზებული თავდასხმა ოპოზიციაზე, უკვე მეორე შემთხვევაა. [ქვების სროლით] სასიკვდილოდ იმეტებენ, სხვას რას უნდა ნიშნავდეს?“, – განაცხადა „ფორმულასთან“ ირაკლი ნადირაძემ, „ნაცმოძრაობის“ წევრმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, დაწყებულია თუ არა გამოძიება.

განახლება [17:53]: შსს-ში განაცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია 126-ე, ანუ ჯგუფური ძალადობის მუხლით.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კასპში მომხდარ ანალოგიურ ინციდენტზე თქვა, რომ მმართველი პარტია არაფერ შუაშია და ძალადობრივ ინციდენტს „სამოქალაქო აქტივიზმი“ უწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი